სტიქია კახეთში – დაზარალდა 3 რაიონის მოსახლეობა
სტიქია კახეთში. ძლიერი ქარიშხალისა და სეტყვის შედეგად სამი მუნიციპალიტეტი დაზარალდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ყვარლის რაიონის სოფელ სანავარდოში, სადაც ქარმა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.
ქარიშხალს თან სეტყვაც ერთვოდა, რამაც საზამთროს ბაღები და ერთწლიანი კულტურები დააზიანა. მძიმე ვითარებაა ნაფარეულსა და კონდოლშიც. ქარიშხალმა გვიან ღამით ახმეტა-თელავის მაგისტრალზე კაკლის და მუხის ხეები მოგლიჯა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომობილებით მოძრაობა 20 წუთის განმავლობაში შეფერხებული იყო.
გზა სამაშველო სამსახურმა გაწმნდა და საავტომობილო მიმოსვლა აღდგა.
თელავის გამგებლის, ალექსანდრე შათირიშვილის განცხადებით, სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლა დილიდან დაიწყო.
ასევე, წუხანდელი წვიმის შედეგად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში 25 საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. უხვი ნალექის გამო, მდინარე ახაშენის ხევი ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და სოფლის ერთი ნაწილი დატბორა. ხევიდან მოტანილმა ქვა-ღორღმა სოფელში გამავალი სარკინიგზო მაგისტრალი ჩახერგა.
ადგილზე მიბილიზებულია ტექნიკა, ამ დროისთვის წყლის ამოტუმბვის და რკინიგზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.