მნიშვნელოვანისიახლეები

საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრებს მართავს სვენ მიქსერი

საკანონმდებლო ორგანოში დილიდან შეხვედრებს მართავს სვენ მიქსერი. საქართველოს საკითხზე მომხსენებელი ევროპარლამენტარი, ამ წუთებში ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომას ესწრება, მან უკვე მიმართა სიტყვით შეხვედრის მონაწილეებს.

როგორც შეხვედრაზე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, ქვეყანა დასავლეთს დიდი იმედის თვალის შეჰყურებს. ასევე ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები, რომლებიც NATO-მ და შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან დაიწყო, საბოლოო ჯამში შედეგს გამოიღებს და ვითარება დასტაბილურდება.

“ჩვენ ძალიან დიდი იმედის თვალით შევყურებთ დასავლეთს, თქვენ ამ შემთხვევაში ევროპარლამენტსა და ევროკავშირს წარმოადგენთ, რომ დასავლეთი არ გაყვება რუსეთის ნებას, რომ მსოფლიო იყოს ისევ დანაწილებული გავლენის სფეროებად. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები, რომლებიც დაწყებულია როგორც NATO-სა და რუსეთს შორის, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის, საბოლოო ჯამში შედეგს გამოიღებს და მშვიდობიანად დასრულდება ეს ვითარება. ამავდროულად, საქართველოს ინტერესები, ისევე როგორც უკრაინის, არ იქნება დათმობილი,” – აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.

პარლამენტის ფრაქციის “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ სვენ მიქსერთან საუბრისას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ასევე შეეხნენ იმ საკითხს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული არც ერთი რეფორმა არ იყო გათვალისიწინებული.

პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” წევრის თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, მათ სვენ მიქსერთან შეხვედრისას მიაწოდეს მას ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით და ომბუდსმენის ინსტიტუტზე მუდმივი თავდასხმების შესახებ.

გვაქვს ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გვქონდეს ცხადი და არაბუნდოვანი გზავნილი, – ამის შესახებ საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელმა სვენ მიქსერმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

ევროპელი დეპუტატი იმედოვნებს, რომ ნაბიჯები, რომელსაც ევროპარლამენტი უკრაინის საკითხთან მიმართებით გადადგამს, ერთიანი იქნება და რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს გადაწონის.

მონიტორინგის სამსახური არის ერთ-ერთი დამადასტურებელი იმისა, თუ რამდენად უჭერს მხარს ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელმა სვენ მიქსერმა პარლამენტში, ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც სვენ მიქსერმა აღნიშნა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ უნდა შეძლოს მისი მანდატის სრულად შესრულება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მათ ჰქონდეთ წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თუმცა, მისივე შეფასებით, ეს უფრო და უფრო რთულდება ბორდერიზაციის და ანექსირებასთან დაკავშირებულ პრობლემებთან მიმართებაში.

ასევე პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ის ვითარება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეიქმნა, არა მარტო ქართველების მიმართ არამედ, ამ ტერიტორიებზე მცხოვრები აფხაზების და ოსების მიმართ, არის სასტიკი და წინააღმდეგობებით აღსავსე.

აღნიშნულის შესახებ პირველმა ვიცე-სპიკერმა, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელს, ევროპარლამენტარ, სვენ მიქსერს მოუსმინეს.

„რა ტერმინოლოგიაც დავამკვიდრეთ 90-იანი წლების პერიოდში, დღესაც საგანგებო მნიშვნელობისაა, მაგრამ მივუთითებდი იმის აუცილებლობაზე, რომ ზოგადად, მოხსენებებში და მათ შორის, თქვენს მოხსენებაში უფრო სიღრმისეულად შეიძლება გაანალიზდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა. ეს არ არის მხოლოდ რუსეთის თემა. ჩვენ დაპირისპირებული ვართ პოლიტიკური, სამხედრო, უსაფრთხოების საკითხებზე, მაგრამ რეალურად, ის ვითარება რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეიქმნა, არა მარტო ქართველების მიმართ არამედ, ამ ტერიტორიებზე მცხოვრები აფხაზების და ოსების მიმართ არის სასტიკი და წინააღმდეგობებით აღსავსე“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, მოხსენებაში სიტუაციის აღწერა მხოლოდ ცალსახად იმ ტერმინებით, რომ ეს არის ოკუპაცია და საფრთხე – არსებობს ადამიანური ფაქტორი, რომელიც მნიშვნელოვნად აისახება ამ რეგიონებში პოლიტიკურ მდგომარეობაზე.

„ამ საკითხებზე ყურადღების გამახვილება რასაკვირველია, იმ დიპლომატიური სტანდარტის დაცვით, რომ არ ვავნოთ გარკვეულ პოზიტიურ პროცესებს იქნებოდა საგანგებოდ მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ხათუნა სამნიძის ბადრი ჯაფარიძის თინა ბოკუჩავას ხმა

სვენ მიქსერი დღეს ასევე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button