მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

სტიქიის შედეგები სიღნაღში

2 მაისის სტიქიამ სიღნაღის მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა.

დილიდან წნორის და ანაგის მოსახლეობა ზარალს ითვლის. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სეტყვა წვიმის გარეშე მოვიდა, 20 წუთი გაგრძელდა და ვენახები, ალუჩის ბაღები და ბოსტნეულის ნარგავები 70-80 პროცენტით გაანადგურა.

დაზარალებული ფერმერები ამბობენ, რომ წელს ძირითადი შემოსავლის გარეშე დარჩნენ და ახლა ცდილობენ, ვაზი მომავალი წლისთვის მაინც გადაარჩინონ.

სიღნაღის მერიაში განაცხადეს, რომ ზარალის დათვლა მიმდინარეობს და ზუსტი ოდენობა მოგვიანებით იქნება ცნობილი. მათივე თქმით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის დროულმა მოქმედებამ რეგიონი “დიდ ზარალს გადაარჩინა”.

საპირისპიროს ამბობს ოპოზიცია. “ნაციონალური მოძრაობის” კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ბოტკოველი მიიჩნევს, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ არ გაამართლა და გამოყოფილი თანხა ჰაერში იხარჯება. ბოტკოველი ხელისფულებას მოუწოდებს, დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმაროს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში დახმარების საკითხს ამ ეტაპზე არ განიხილავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button