მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

სტივ უიტკოფი – ,,რუსეთმა, შესაძლოა, მიიღოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი,,

,,უკრაინაში ამ ეტაპზე ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი უბრალოდ არარეალურია,, - გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ვასილი ნებენზია

რუსეთმა შესაძლოა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი თავისი კონტროლის ქვეშ შეინარჩუნოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა The Wall Street Journal-თან ინტერვიუში­ განაცხადა.

უიტკოფმა დაადასტურა, რომ რუსეთში ვიზიტის დროს პუტინთან ტერიტორიულ საკითხებზე ისაუბრა. მისი თქმით, საუბრის დროს „პუტინი უკრაინის მიწაზე იყო კონცენტრირებული“.

ამავდროულად, აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთმა უკრაინის იმ ხუთი რეგიონიდან, რომლებსაც საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, შესაძლოა, ზოგიერთი მიიღოს, მაგრამ არა ყველა.

უიტკოფმა ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ უკრაინას, შესაძლოა, ნაკლებად ადარდებდეს რუსულენოვანი რეგიონებით.

„როდესაც ამ ხუთი რეგიონის განხილვას იწყებთ – რუსეთი დაინტერესებულია მათით და, სხვათა შორის, უკრაინაც – მაგრამ თუ ზოგიერთი მათგანი ძირითადად რუსულენოვანია, მაშინ შესაძლოა უკრაინას ნაკლებად ადარდებდეს ისინი?“, – აღნიშნა უიტკოფმა.

The Wall Street Journal-ი წერს, რომ უკრაინაში ომის შესახებ აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები უკრაინის ხუთ რეგიონზეა ორიენტირებული, რომლებსაც მოსკოვი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, თუმცა კიევი მათ დასათმობად მზად არ არის.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყირიმი, დონეცკი, ლუგანსკი, ზაპოროჟია და ხერსონი რუსეთის ნაწილად გამოაცხადა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა არასოდეს აღიარებს ამ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად.

აშშ-ს უკრაინაში ცეცხლის სრული შეწყვეტა რამდენიმე კვირაში სურს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, რამდენიმე კვირაში ცეცხლის სრული შეწყვეტის სურვილის შესახებ ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა პარიზში ევროპელებთან შეხვედრაზე მიუთითეს.

„ბლუმბერგის“ მიხედვით, დისკუსიები, რომელიც მოიცავდა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსა და აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოვს შორის შეხვედრას, ძირითადად ფოკუსირებული იყო იმაზე, როგორ უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა და დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა რაც შეიძლება მალე.

შეხვედრას ესწრებოდნენ უკრაინელი ოფიციალური პირები.

„ბლუმბერგის“ თანახმად, შეხვედრის მონაწილეებმა აშშ-ის ოფიციალურ პირებს უთხრეს, რომ ისინი სრულად უჭერენ მხარს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მთავარ მიზანს ომის სწრაფად დასრულების კუთხით. ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები და მომლაპარაკებლები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან მომავალ კვირას კვლავ შეიკრიბებიან ლონდონში, რათა გააგრძელონ დისკუსიები.

ამ ვითარებაში, უკრაინაში ამ ეტაპზე ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი უბრალოდ არარეალურია, – ამის შესახებ გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ გაეროს უშიშროების საბჭოს დახურული კონსულტაციების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„გვქონდა მცდელობა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით შეზღუდული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რაც უკრაინულმა მხარემ არ დაიცვა. ამ ვითარებაში, ამ ეტაპზე ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი უბრალოდ არარეალურია“, – აღნიშნა ვასილი ნებენზიამ.

გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო შეთანხმებების ფორმალიზების აუცილებლობაზე კომენტარის გაკეთებისას, რუსმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება ცეცხლის შეწყვეტის პირობებსა და დოკუმენტში არსებულ ფორმულირებაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button