მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ-მ ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახ.დეპში აღნიშნავენ, რომ FSB იყენებდა ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის სასარგებლოდ.

სანქციების დაწესება ოთარ ფარცხალაძის ბიზნესსაქმიანობას უკავშირდება. სანქციების პაკეტის ოფიციალურად გამოცხადებამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანქცირებულთა შორის იყო “ქართველი-რუსი ოლიგარქი”.

“რუსეთის საზიანო გავლენა საქართველოში” – სწორედ ამ ქვეთავში არის განხილული ოთარ ფარცხალაძის სანქცირება.

“ოთარ ანზორის ძე ფარცხალაძე შეტანილია სიაში რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობის გამო”, – აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.

სანქციების ქვეშ მოყვა ალექსანდრ ონიშენკო, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის (FSB) თანამშრომელია. როგორც დეპარტამენტი აღნიშნავს, ონიშენკო, სავარაუდოდ, ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა:

“ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად მიემგზავრება რუსეთში”, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ FSB, სწორედ ონიშენკოსთან ერთად იყენებდა ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის სასარგებლოდ.

“გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო FSB-თან მისი კავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, სანქციები დაადეს ორ რუსულ საკონსულტაციო კომპანიას, რომელთა 50%-ს ოთარ ფარცხალაძე ფლობს: LLC MOSCOW BUSINESS BROKERAGE LLC INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION

შეგახსენებთ რომ აშშ-ი რუსეთის მიერ უკრაინაში უკანონო ომის წარმოებასთან დაკავშირებით, 150-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციებს უწესებს.
როგორც გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, სანქციების ახალი პაკეტი ერთ-ერთ უმსხვილესია ამ დრომდე დაწესებულ შეზღუდვებს შორის და მიმართულია რუსეთის, თურქეთის, არაბეთის გაერთიანებული საამიროებისა და საქართველოს მოქალაქეებისა თუ კომპანიების მისამართით, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთს დასავლური სანქციებისთვის თავის არიდებასა და დასავლურ ტექნოლოგიებს რუსეთში ყიდიან და ამით ხელს უწყობენ ომს.

„დღევანდელი ქმედების ფარგლებში, აშშ-ის მთავრობის სამიზნეა ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც მონაწილეობენ სანქციების თავიდან არიდებასა და გვერდის ავლაში. ისინი, ვინც ხელს უწყობენ რუსეთის შესაძლებლობების გაფართოებას, უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებაში და ისინი, ვინც პასუხისმგებელია რუსეთის მომავალი ენერგოწარმოების გაძლიერებაზე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებს აწესებს 70-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და კომპანიაზე, რომლებიც ჩართული არიან რუსეთის ენერგომატარებლების წარმოებისა და ექსპორტის პოტენციალის გაფართოებაში, ოპერირებენ რუსეთის მეტალურგიულ და სამთო-სამრეწველო სექტორებში და ეხმარებიან რუსეთის მოქალაქეებსა და კომპანიებს, თავი აარიდონ საერთაშორისო სანქციებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე სანქციებს უწესებს რუსეთის დაზვერვის სამსახურის ერთ-ერთ ოფიცერს, ალექსანდრ ონიშენკოს და ასევე, ქართული წარმოშობის რუს ოლიგარქს, ოთარ ფარცხალაძეს, რომლებსაც უსაფრთხოების ფედერალური სამსახური (ფეესბე) იყენებდა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ოთარ ფარცხალაძე სასანქციო სიაში წარდგენილია რუსეთის ეკონომიკის საკონსულტაციო სექტორის მენეჯმენტში საქმიანობისთვის, ხოლო ალექსანდრ ონიშენკო ხელმძღვანელობის, მაღალი თანამდებობის, აღმასრულებელი პასუხისმგებელი პირის ან რუსეთის ფედერაციის მთავრობის დირექტორთა საბჭოს წევრობისთვის. პრესრელიზში ასევე მითითებულია, რომ ონიშენკო რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ფეესბე) ოფიცერია.

„ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერი ონიშენკო სავარაუდოდ ეხმარებოდა მის თანამოაზრე ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და სავარაუდოდ რუსეთის მოქალაქეობის მოპოვებაში. ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული მოქალაქეობა და რეგულარულად დადის რუსეთში. ონიშენკო და ფედერალური უსაფრთხოების სამსახური იყენებდნენ ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად. ფარცხალაძემ პირადად მიიღო სარგებელი ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან კავშირით.

აღნიშნულ ორ პირს სანქციები უწესდებათ რუსეთის ეკონომიკის საკონსულტაციო სექტორის მენეჯმენტში საქმიანობისთვის“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე.

გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, ამას გარდა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს სასანქციო სიაში ჰყავს შეყვანილი მრავალი ორგანიზაცია, რომლებიც აწარმოებენ და რემონტს უტარებენ შეიარაღების სისტემებს, მათ შორის „კალიბრის“ ფრთოსან რაკეტებს, რომელსაც რუსული ძალების უკრაინული ქალაქებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ იყენებს და პირს, რომელიც დაკავშირებულა „ვაგნერის“ დაჯგუფებასთან, მონაწილეობას იღებდა ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში საბრძოლო მასალების მიწოდებაში.

„ამავდროულად, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ასობით სანქციას აწესებს რუსეთის ელიტისა და მისი სამრეწველო ბაზის, ფინანსური ინსტიტუტებისა და ტექნოლოგიების მიმწოდებელთა წინააღმდეგ. მათ შორის, ვაგნერის დაჯგუფების ერთ-ერთ მაღალჩინოსნის მიმართ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუსეთის მავნებლური ქმედებების ხელშეწყობისთვის“, – ნათქვამია პრესრელიზში.

შეგახსენებთ, რომ ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იყო. ცნობისთვის, ფარცხალაძე ცნობილი გერმანიაში ბოტასების ქურდობის სკანდალით გახდა.
თანამდებობის დატოვების შემდეგ, ის არაერთხელ დაადანაშაულეს თავდასხმასა და ძალადობაში, ასევე ფულის გამოძალვაში.

ოთარ ფარცხალაძე თავდასხმაში ყოფილმა მთავარმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ დაადანაშაულა. აუდიტორმა თავდასხმა ყოფილი მთავარი პროკურორის შესახებ მასალების მოგროვებას დაუკავშირა. ქართულმა სასამართლომ ლაშა თორდიას ცემის საქმეში ოთარ ფარცხალაძე გაამართლა.

გარდა ამისა, 2018 წელს რუსთავი 2-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოთარ ფარცხალაძე სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი გაიტაცა და სარდაფში ემუქრებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button