“სუნელების ნიმუშებში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმას ერთ შემთხვევაში აღემატებოდა”

“სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში მუდმივად ახორციელებს მონიტორინგს მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებსა და ტოქსიკურ ელემენტებზე, მათ შორის ტყვიის შემცველობაზე სუნელებში”, – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული.
მათი მტკიცებით, ამ მიზნით, 2015-2016 წლებში აღებულია 38 ნიმუში, საიდანაც ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმას აღემატებოდა 1 შემთხვევაში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს თქმით, 2017 წელს სააგენტომ სარეალიზაციო ბაზარზე არსებული სხვადასხვა ობიექტიდან უკვე აიღო 60-მდე ნიმუში, რომლებიც გაგზავნილია კვლევისთვის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში და დეტალური ინფორმაცია შედეგების შესახებ მიმდინარე კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის არსებული ლაბორატორიული კვლევით, წელს 1 ნიმუშშია აღმოჩენილი დარღვევა.
“ჩვენ მრავალი წელია ვამოწმებთ ქართული სანელებლების უამრავ ნიმუშს (ბოლოს ეს მოხდა 2017 წელს) და ზოგიერთ მათგანში გამუდმებით ვპოულობთ განსაკუთრებით მაღალი დონის ტყვიის შემცველობას” – უთხრა “ამერიკის ხმას” ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა კაროლინა როდრიგესმა. მისი თქმით, დეპარტამენტი ვალდებულია ეს ინფორმაცია პოტენციურ მომხმარებლებში რუტინულად გაავრცელოს.