სუს-ი ზუგდიდის მერთან დაკავშირებულ ტენდერებს იკვლევს
პრესა.ჯი-ს ინფორმაციით, კორუფციული ტენდერების ფაქტებზე სუსის ანტიკორუფციულმა სამსახურმა გამოძიება დაიწყო.
ერთ-ერთი ეპიზოდი, რომლითაც სუსის ანტიკორუფციული სამსახური დაინტერესდა, 2019 წელს ჩატარებული ტენდერია, რომელშიც ზუგდიდის მერის, გეგა შენგელიას შესაძლო კორუფციული ინტერესები იკვეთება.
საქმე ეხება 2019 წელს, მ2-თან გაფორმებულ ხელშეკრულებას, სადაც ზუგდიდის მერის, გეგა შენგელიას ინიციატივით, ხელშეკრულების პირობები შეიცვალა. შედეგად, კერძო კომპანია დამატებითი ვალდებულებებისაგან გათავისუფლდა და შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტმა მნიშვნელოვანი ზარალი მიიღო.
ამის შესახებ წინა კვირას ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანი წითლიძემაც განაცხადა და ზუგდიდის პროკურატურას საჩივრითაც კი მიმართა.
ხოლო დღეს, „პრესა.ჯიმ“ ექსკლუზიურად გაარკვია, რომ კორუფციული ფაქტების შესწავლა დაიწყო სუსის ანტიკორუფციულმა სამსახურმა, რომელმაც ზუგდიდის პროკურატურისაგან მასალები უკვე გამოითხოვა. ეს წინამდებარე წერილითაც დასტურდება.
„2020 წლის 01 ივნისის წერილის პასუხად, რომელიც შეეხებოდა ქალაქ ზუგდიდში, ე.წ. ყინულის მოედნის ტერიტორიის უკანონოდ გასხვისებისა და კომპანია მ2 მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტებს, გაცნობებთ რომ ხსენებული წერილი, თანდართულ მასალებთან ერთად, 2020 წლის 03 ივნისს, შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურ სამმართველოს.“ – ეს არის ამონარიდი პროკურატურის მიერ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარის, ანი წითლიძისადმი გაგზავნილი წერილიდან.
ეს კი, ფაქტობრივად, იმას ნიშნავს რომ კორუფციულ ფაქტებზე გამოძიების კითხვებზე პასუხის გაცემა ზუგდიდის მერს, გეგა შენგელიას მოუწევს.
საგულისხმოა, რომ მაგალითად, როდესაც ანტიკორუფციულმა სამსახურმა ზუგდიდის ყოფილი მერის მიმართ გამოძიება დაიწყო, მაშინ მხოლოდ კითხვებით არ შემოიფარგლნენ და მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, ზუგდიდის ყოფილი მერი და მისი მოადგილე, ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.