სუს-მა თიანეთის გამგეობის ოთხი თანამშრომელი დააკავა

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობაში დახმარების და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით რამდენიმე საჯარო მოხელე დააკავეს.

სუს-ის მტკიცებით, დაკავებულია თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი პირველი მოადგილე მამული მამულაშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის არქიტექტურის და ზედამხედველობის მთავარი სპეციალისტი მალხაზ მათურელი, ამავე მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ბადრი ჯიმშიტაშვილი და ნაქალაქარის ადმინისტრაციულ ერთეულში ლია დორეული, შპს “ნიკარემსტროის” ფილიალის დირექტორი და შპს “რაზას” დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ჩიტიშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ირწმუნებიან, რომ აღნიშნულმა საჯარო მოხელეებმა ბოროტად გამოიყენეს სამსახურეობრივი უფლებამოსილება და სრულად არ იქნა შესრულებული თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო, სარემონტო სამუშაოები.

“მათ ხელი მოაწერეს დოკუმენტებს და დაადასტურეს, რომ თითქოსდა სრულყოფილად იყო შესრულებული სამუშაოები”.

მომხდარზე გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობაში დახმარების და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button