მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

სუსმა მეორე დღეს უპასუხა უკრაინული დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მეორე დღეს პასუხობს უკრაინული დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რუსების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე კონტრაბანდული პროდუქციის გატარების შესახებ. უწყება უკრიანულ მხარეს სთხოვს შესაბამისი მტკიცებულებები მოაწოდონ.

“მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს, დაუყოვნებლივ მოგვაწოდონ ამ ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით” – უკრაინის ბრალდებებს საქართველოს მისამართით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმაურება.

“უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა, საქართველოს სპეციალურ სამსახურებს აქვთ ფარული კავშირები რუსეთის ფედერაციის შესაბამის სამსახურებთან, საქართველოს ტერიტორიის გავლით კონტრაბანდული ტვირთების გადატანის ორგანიზების მიზნით.

აღნიშნული ქმედება, საქართველოს კანონმდებლობით, წარმოადგენს სისხლის სამართლის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს. მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს, დაუყოვნებლივ მოგვაწოდონ ამ ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით. საქართველოს ხელისუფლება იქნება უკომპრომისო ამგვარი დანაშაულის ნებისმიერ შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით.

აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციის გაცვლის მიზნით, გუშინვე შეხვდა საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელს. შეხვედრის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდა აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების საფუძვლებით და მოითხოვა დეტალური ინფორმაციის გაზიარება საკითხთან დაკავშირებით.

უკრაინის ვიცე-პრემიერი და ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრი ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ არ აქვს მიზეზი, არ დაუჯეროს უკრაინული დაზვერვის ცნობას რუსების მიერ კონტრაბანდული პროდუქციის გატარებაზე საქართველოს ტერიტორიაზე.

შევახსენებთ უკრაინულ მხარეს, რომ ასეთი ინფორმაციის ურთიერთ გაცვლა არაერთი სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებით არის განსაზღვრული.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ გავრცელებული განცხადება წინასწარგანზრახული დეზინფორმაციაა, წარმოადგენს უკიდურესად არამეგობრულ და პროვოკაციულ ნაბიჯს და მიზნად ისახავს საქართველოში შიდა არეულობის პროვოცირებას, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ, ემსახურება მხოლოდ საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ძალების ინტერესებს,” – აღნიშნულია სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრალდებები არის ძალიან მძიმე მოვლენა. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებებს შორის მეგობრობა ცალმხრივია, თუმცა, ჩვენ მაინც მზად ვართ, რომ ეს ცალმხრივი მეგობრობა გავაგრძელოთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ეს ინფორმაცია არის იმ ალოგიკური გადაწყვეტილებისა და ნაბიჯების გაგრძელება, რაც უახლოეს წარსულში ვიხილეთ, “მათ შორის ელჩის გაწვევის სახით”.

მისივე თქმით, როგორც ორმხრივი ურთიერთობებისთვის, ასევე თავად უკრაინისთვის, მისი უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის ბევრად უკეთესი იქნებოდა, რომ ეს ადამიანები არ ყოფილიყვნენ უკრაინის ხელისუფლების ნაწილი, თუმცა, უკრაინის ხელისუფლებამ სხვა არჩევანი გააკეთა.

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციას, საქართველოს გავლით კონტრაბანდის არხის შესახებ, შეფასებები მოჰყვა პარლამენტში.

ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ უტყუარი მტკიცებულებების გარეშე ამ ინფორმაციის დაჯერება შეუძლებელია. დავით უსუფაშვილი თვლის, რომ ასეთ საკითხებს მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს, მათ შორის უკრაინის მთავრობაც, რომელმაც ან მტკიცებულება უნდა დადოს ან ეს ინფორმაცია უარყოს.

ნაწილი კი მიიჩნევს, რომ კიევის ბრალდება ძალიან მძიმეა და დადასტურების შემთხვევაში, ეს ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იქნება საქართველოსთვის, გაზრდის რისკს საქართველოს სანქცირებისთვისიზოლაციისთვის და იმისთვის, რომ შესაძლოა საქართველო რუსული აგრესიის პირისპირ მარტო დარჩეს.

პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ საჭიროა კონტაქტი იმ კოლეგებთან, მათ შორის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან, ვინც ამაზე საუბრობს.

ოპოზიციიდან ხატია დეკანოიძის დავით უსუფაშვილის იაგო ხვიჩიას და პაატამანჯგალაძის ხმა

მმართველი გუნდიდან  ირაკლი კობახიძის და მიხეილ სარჯველაძის ხმა

შეგახსენებთ რომ,4 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.

აღნიშნულს გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპრატამენტის წარმომადგებელი ნედ პრაისი, შესაბამის თემაზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად, მან აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას და აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებს მჭიდრო კონტაქტი აქვთ თავიანთ კოლეგებთან საქართველოში.

სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით, მან აღნიშნა, რომ აშშ-ის პოზიცია ცნობილია და ქვეყნები, რომლებიც შეეცდებიან გვერდი აუარონ საქნციებს ან მხარი დაუჭირონ კრემლის საომარ ძალისხმევას ფინანსურად ან იარაღის მიწოდებით, შედეგების წინაშე დადგებიან.

ცნობისთვის რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.

რუსეთისა და უკრაინის სამთავრობო დელეგაციებს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდის მიუხედავად, რუსეთი აგრძელებს იერიშებს უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button