მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის 207-ე დღე უკრაინაში ვითარება კვლავ დაძაბულია

ხარკოვის ოლქიდან ოკუპანტების უკან დახევის დროს, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ბალტიის ფლოტის მე-11 არმიის კორპუსის ნაწილებმა პერსონალის 50% -ზე მეტი და 200 ერთეულზე მეტი სამხედრო ტექნიკა დაკარგეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, გარდა ამისა, აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის 64-ე ცალკეულმა მოტომსროლელმა ბრიგადამ პერსონალის 90%-ზე მეტი დაკარგა, დაღუპული, დაჭრილი, დეზერტირი და იმ დათხოვნილი სამხედრო მოსამსახურეების სახით, რომლებმაც საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

„ბრიგადის აღჭურვილობა რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამსახურის ქვედანაყოფებს გადაეცემა, სამხედრო ნაწილს კი დაშლისთვის ამზადებენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ოკუპანტებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს, როდესაც ავდიივკას მიმართულებით თავდაცვის ძალებზე შეტევა სცადეს. არსებული ინფორმაციით, რუსული ძალების პირველი არმიის კორპუსიდან სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიურად 30-ზე მეტი ადამიანი შედის.

„საოკუპაციო ძალა ყველანაირად ცდილობს ქვედანაყოფების საბრძოლო შესაძლებლობების აღდგენას”, – აცხადებენ გენშტაბში.

ამასთან, უწყების ცნობით, გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის თავდასხმები მიხაილივკა დრუჰას, ვესელა დოლინას, ოდრადივკას, მარინკას, ნოვომიხაილივკასა და პრავდინის დასახლებებში მოიგერიეს.

„დღის განმავლობაში უკრაინულმა ავიაციამ მტრის ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 13 ადგილს დაარტყა. გარდა ამისა, ჩვენმა საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი და მტრის ერთი Ka-52 ტიპის ვერტმფრენი”, – აცხადებენ გენშტაბში.

უკრაინის სამხედრო დაზვერვაში აცხადებენ, რომ ხერსონის ბამბის ქარხნის ტერიტორიაზე ოთხი ძლიერი აფეთქება დაფიქსირდა. მათივე ცნობით, დაღუპულია 180-მდე რუსი სამხედრო.

„უკრაინის თავდაცვის ძალების ეფექტური მოქმედებების შედეგად ხერსონის ბამბის ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც ოკუპანტების პირადი შემადგენლობა და აღჭურვილობა იყო განთავსებული, დაფიქსირდა ოთხი ძლიერი აფეთქება. ამ დროისთვის ცნობილია 180-მდე რაშისტის დაღუპვის შესახებ, რომლებიც ქალაქიდან სამი სატვირთოთი გაიყვანეს. კიდევ რამდენიმე ათეული გადაიყვანეს ხერსონის სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც კრიტიკულ მდგომარეობაში არიან“, – ნათქვამია დაზვერვის განცხადებაში.

გარდა ამისა, დაზვერვის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ზაპოროჟიეს რაიონში განხორციელებული დარტყმების შედეგად დაშავებულია 80, ხოლო ვასილიევკის რაიონში განადგურებულია 15 რუსი სამხედრო. ამასთან, დარტყმები განხორციელდა ლუგანსკის და დონეცკის ოლქებშიც, სადაც უკრაინული დაზვერვის ცნობით, რუსებს დიდი ზიანი მიადგათ, როგორც ცოცხალი ძალის, ისე სამხედრო ტექნიკის თვალსაზრისით.

ხარკოვის ოლქის საზღვრისპირა სოფელ სტრელეჩიეში ოკუპანტებმა ტანკიდან სამოქალაქო მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. დაღუპულია ორი ქალი.

ღამით რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა დონეცკის ოლქში, კრამატორსკის ცენტრზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. დაბომბვის შედეგად დაზიანდა სასტუმრო. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების ადგილზე მსხვერპლი არ არის.

ღამით დაიბომბა მიკოლაევი. შედეგად, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

დაიბომბა სუმის ოლქის 3 დასახლებაც.

პარალელურად უკრაინული მედია იტყობინება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ იერიში მიიტანა მტრის ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის კონცენტრაციის 13 უბანზე და საზენიტო-სარაკეტო სისტემების 3 პოზიციაზე ლუგანსკის ოლქში.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე წამების მეთოდს ნაცისტების მსგავსად რაშისტებიც იყენებენ.

“ოკუპირებულ ტერიტორიაზე წამება ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო. ასე იქცეოდნენ ნაცისტები. ამას აკეთებენ რაშისტები და ისინიც ისევე აგებენ პასუხს, ბრძოლის ველზეც და სასამართლო დარბაზებშიც. ჩვენ დავადგენთ ყველას ვინაობას, ვინც აწამებდა, ვინც დასცინოდა, ვინც რუსეთიდან აქ, ჩვენს უკრაინულ მიწაზე ჩამოიტანა ეს სისასტიკე. წინა ხაზზე ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა განვლილი დღის განმავლობაში. უკრაინის შეიარაღებული ძალები, ჩვენი დაზვერვის ქვედანაყოფები, ეროვნული გვარდია თანდათან, ეტაპობრივად დევნიან რუსებს ჩვენი მიწიდან, მაგრამ ჯერ კიდევ გვჭირდება დრო, ჯერ კიდევ გვჭირდება ძალისხმევა, ჯერ კიდევ გვჭირდება სრული კონცენტრირება დაცვაზე და მთელი ძალების შენარჩუნება,” – აცხადებს ზელენსკი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერი, ოლექსანდრ სტუპუნი ამბობს, რომ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე კვლავ რჩება საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე, რუსები კი ცდილობენ მიზანში მშვიდობიანი მოსახლეობა ამოიღონ და არღვევენ საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

“მტერი კვლავ ცდილობს დონეცკის რეგიონის სრულ ოკუპაციას. აქტიურად ატარებს საჰაერო დაზვერვას. მტერი განაგრძობს მშვიდობიანი მოსახლეობის სამიზნეში ამოღებას, ბომბავს ინფრასტუქტურას, არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, განხორციელდა საჰაერო იერიშებს უკრაინის ტერიტორიაზე. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კვლავ რჩება საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე.

მტერმა იერიშები მიიტანა სამოქალაქო ობიექტებზე ზაპოროჟიეს გარეუბანში, ასევე ქალაქ ჩუგუივსა და კრამატორსკში, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა. დაზიანებულია 30 ზე მეტი დასახლების ინფრასტრუქტურა. მტერი ასევე იერიშებს ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის ტანკებიდან, ნაღმტყორცნებიდან და საარტილერიო სისტემებიდან. ხერსონის რეგიონის დროებით დატყვევებულ ტერიტორიაზე ოკუპანტები განაგრძობენ უკანონო ქმედებებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ხარკოვის რეგიონიდან უკან დახევისას, ბალტიის ფლოტის მე-11 არმიის კორპუსის ნაწილებმა დაკარგეს პერსონალის 50% -ზე მეტი და 200 ერთეულზე მეტი სამხედრო ტექნიკა. მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა მტერმა ავდივის მიმართულებით. ჩვენმა სამხედროებმა წარმატებით მოიგერიეს ოკუპანტების იერიშები,” – თქვა სტუპუნმა.

დავადგენთ ყველას ვინაობას ვინც აწამებდა, ვინც დასცინოდა, ვინც რუსეთიდან აქ, ჩვენს უკრაინულ მიწაზე ჩამოიტანა ეს სისასტიკე, – აღნიშნულის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა მოსახლეობისადმი ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, გათავისუფლებულ იზიუმში გრძელდება ექსჰუმაციური სამუშაოები, ხოლო აღმოჩენილ ცხედრებს ექსპერტიზა უტარდებათ. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ხარკოვის რაიონში აღმოჩენილია ათობით ადგილი, სადაც რუსები უკრაინელებს აწამებდნენ.

„ოკუპირებულ ტერიტორიაზე წამება ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო. ასე იქცეოდნენ ნაცისტები. ამას აკეთებენ რაშისტები და ისინიც ისევე აგებენ პასუხს – ბრძოლის ველზეც და სასამართლო დარბაზებშიც. ჩვენ დავადგენთ ყველას ვინაობას, ვინც აწამებდა, ვინც დასცინოდა, ვინც რუსეთიდან აქ, ჩვენს უკრაინულ მიწაზე ჩამოიტანა ეს სისასტიკე”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი ბრძოლის წინა ხაზზე არსებულ ვითარებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ უკრაინელები აგრძელებენ რუსების განდევნას ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

„წინა ხაზზე ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა განვლილი დღის განმავლობაში. უკრაინის შეიარაღებული ძალები, ჩვენი დაზვერვის ქვედანაყოფები, ეროვნული გვარდია თანდათან, ეტაპობრივად დევნიან რუსებს ჩვენი მიწიდან, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება დრო, ჯერ კიდევ გვჭირდება ძალისხმევა, ჯერ კიდევ გვჭირდება სრული კონცენტრირება დაცვაზე და მთელი ძალების შენარჩუნება”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი პოსტები

Back to top button