რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები გრძელდება ევროპის ქვეყნებშიც

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები გრძელდება ევროპის ქვეყნებშიც. ქართველი ემიგრანტები უცხოეთიდან უერთდებიან საქართველოში მიმდინარე პროტესტს და ანტირუსულ აქციებს მართავენ. ისინი დღეს ბერლინსა და პრაღაში შეიკრიბნენ და “ოცნების” ხელისუფლების გადაწყვეტილება გააპროტესტეს. ემიგრანტები ამბობენ, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ მომავალს და უარს ეუბნებიან ყველაფერს რუსულს.
ბერლინში მცხოვრებმა ემიგრანტებმა ქალაქის ქუჩებში დღეს მსვლელობაც მოაწყვეს.
აქციის მონაწილეები ქართულ ოცნებას რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ.
“მართლა ვერასდროს ვიფიქრებდი, ამდენი ადამიანი თუ გამოვიდოდა. ჩვენი მომავალი ევროპაშია”, – წერს ნინო ბიძინაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის ევროპის მოედანზე დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება. ადგილზე შეკრება კი მსვლელობით არის დაგეგმილი, 4-დან ერთ-ერთი ლოკაცია, საიდანაც “მშობლების მარშის” მსვლელობა დაიწყო, ექსპო ჯორჯიაა.
წერეთლის გამზირზე მოქალაქეთა ნაწილმა შეკრება 4 საათიდან დაანონსა. ამ წუთებში აქციის მონაწილეები მარჯანიშვილის მოედნისკენ მიემართებიან, ისინი იქ შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდებიან.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს გზა ევროპისკენაა მიმართული.
“პროტესტი გაგრძელდება მტკიცედ და მშვიდობიანად. გავაგრძელებთ ამ პროტესტს მანამ, სანამ არ იქნება გარანტირებული, რომ საქართველო არასდროს დაბრუნდება რუსეთში და მხოლოდ ევროპისკენ გააგრძელებს სვლას”, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.