მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში საქართველოს ორი მოქალაქე ტყვედ აიყვანეს

კრემლის მიერ კონტროლირებადი რუსული მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს უკრაინის ომში, უკრაინის მხარეს მებრძოლი ორი ქართველი მოხალისის დატყვევების შესახებ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს “ტელეგრამ” არხზე გავრცელებული ვიდეოს თანახმად, მათ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მებრძოლი საქართველოს მოქალაქე გიორგი გოგლიძე აიყვანეს ტყვედ. რუსული მხარის ინფორმაციით, გოგლიძე უკრაინის მე-2 ინტერნაციონალურ ლეგიონში გადიოდა სამხედრო სამსახურს.

რუსული მედიის ცნობით, ტყვედ არიან აყვანილი უკრაინის შეიარაღებული ძალების ინტერნაციონალური ლეგიონის შემადგენლობაში მოხალისედ მებრძოლი გიორგი ჩუბითიძე და გიორგი გოგლიძე.

რუსული მედია, რომელიც ტყვედ ჩავარდნილ საქართველოს მოქალაქეებს დაქირავებულებს უწოდებს, ავრცელებს მათი დაკითხვის ვიდეოსაც. ვიდეოს მიხედვითაც შეიძლება ვარაუდი, რომ ისინი რუსულად დაწერილ ტექსტს კითხულობენ. გოგლიძეს შუბლთან მცირედი დაზიანებაც ეტყობა.

მედიასთან საუბარში რუსული მედიის მიერ დასახელებული საქართველოს ორი მოქალაქის დატყვევების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს ორი დამოუკიდებელი წყარო ინტერნაციონალური ლეგიონიდან.

მათ შორის ერთი წყაროს ცნობით, გიორგი ჩუბითიძე და გიორგი გოგლიძე ტყვედ დონეცკის რეგიონში ჩავარდნენ. მეორე წყაროს ინფორმაციით კი ისინი ტყვედ ორი დღის წინ აიყვანეს.

მამუკა მამულაშვილი უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელის თქმით, ტყვედ ჩავარდნილ საქართველოს მოქალაქეებს „ქართულ ლეგიონთან“ შეხება არასოდეს ჰქონიათ. მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ისინი ტყვედ აიყვანეს ერთ-ერთი ოპერაციის დროს.

მედია დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ჯერჯერობით უცნობია, ინფორმირებულია თუ არა უწყება საქართველოს ორი მოქალაქის დატყვევების შესახებ.

უკრაინის ომის განმავლობაში, ეს რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქის დატყვევების შესახებ ღია წყაროებში გავრცელებული პირველი ინფორმაციაა.

მანამდე ცნობილი იყო ეთნიკურად ქართველი რუსეთის მოქალაქის, ნოდარ ბახტურიძის უკრაინაში ტყვეობის შესახებ.

მსგავსი პოსტები

Back to top button