მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთმა უარი თქვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაერო-ს წარმომადგენლების დაშვებაზე

რუსეთმა უარი თქვა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაერო-ს წარმომადგენლების შეშვებაზე, რომლებიც კახოვკის კაშხლის გარღვევის შედეგად დაზარალებულების დახმარებას ცდილობენ. ინფორმაციას ამის შესახებ გაერო-ს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისი ავრცელებს.
კაშხლის ნგრევით გამოწვეული მასშტაბური წყალდიდობიდან თითქმის ორი კვირის განმავლობაში გაერომ ვერ მიიღო წვდომა უკრაინის ხერსონის ოლქის იმ ნაწილზე, რომელიც მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზეა და დროებით რუსეთის კონტროლქვეშაა. გაერო ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს მხოლოდ კიევის მიერ კონტროლირებულ მარჯვენა ნაპირზე მცხოვრებთ.
„გაერო თანამშრომლობს უკრაინისა და რუსეთის მთავრობებთან, რათა ეფექტურად მიაწოდოს ჰუმანიტარული დახმარება ყველა ადამიანს, ვინც დაზარალდა კახოვკის კაშხლის დანგრევით. რუსეთის მთავრობამ ამ დრომდე უარყო ჩვენი მოთხოვნა მის დროებით სამხედრო კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე შესვლის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაერო რუსეთს მოუწოდებს, იმოქმედოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ვალდებულებების შესაბამისად.

„მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, იმოქმედოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ვალდებულებების შესაბამისად“, – განაცხადა უკრაინაში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა, დენის ბრაუნმა.

ბრაუნის განცხადებით, არ შეიძლება დახმარებაზე უარი უთხრან ადამიანებს, რომლებსაც ეს დახმარება სჭირდებათ, ამიტომ, ნებართვის მისაღებად რუსეთთან კომუნიკაციას განაგრძობენ. გაერო რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით განსაზღვრული ვალდებულებების შესაბამისად იმოქმედოს.

უკრაინის ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრზე მდებარე კახოვკის ჰესის კაშხალი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე იყო მოქცეული, 6 ივნისს დაინგრა. უკრაინა რუსეთს ჰესის აფეთქებაში ადანაშაულებს, რუსეთი კი, პასუხისმგებლობას უკრაინას აკისრებს.
უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე ვიქტორია ლიტვინოვა აცხადებს, რომ კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად დატბორილი დასახლებებიდან 40 000-მდე ადამიანის ევაკუაციაა საჭირო. მისი თქმით, ამ ადამიანთა უმეტესობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება.
გენერალური პროკურორის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ დატბორილ დასახლებებში ცხოვრება ამჟამად შეუძლებელია.

კაშხლის დანგრევამ გამოიწვია მასშტაბური წყალდიდობა და ეკოლოგიური კატასტროფა. საცხოვრებლის გარეშე დარჩენილები აღმოჩნდნენ სხვა უმწვავესი პრობლემების, მათ შორის სუფთა წყალსა და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვის წინაშე.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, მის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დაიღუპა სულ მცირე 17 ადამიანი და 31 დაკარგულად ითვლება. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა მონაცემებით, წყალდიდობის შედეგად დაიღუპა 35 ადამიანი.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი ოკუპირებულ ხერსონში გაეროს ჰუმანიტარული მისიის არშეშვებასაც უკრაინული მხარის მხირდან დაბობვას აბრალებს. მან თქვა, რომ ძნელია მისიითვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

“იქ (უკრაინის მხრიდან) მიმდინარეობს მუდმივი დაბომბვა, მუდმივი პროვოკაციები, იბომბება სამოქალაქო ობიექტები, იბომბება ხალხი, მოსახლეობა, ხალხი იღუპება. ასე რომ, აქ ყველაფერი ძალიან რთულია – ძალიან რთულია მათთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა”, – თქვა პესკოვმა.

მისივე თქმით, არის “სხვა ნიუანსებიც”.

“ზუსტად არ ვიცი ნიუანსები, მაგრამ ბევრი კითხვაა: როგორ გადავკვეთოთ კონტაქტის ხაზები, უზრუნველვყოთ უსაფრთხოება…” – თქვა პესკოვმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button