კვირიკაშვილი: ხელისუფლება დაინტერესებულია მაუწყებლის ბედით

პრემიერმა მთავრობის სხდომა საზოგადოებრივ მაუწყებელზე საუბრით დაიწყო.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა და ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ საქართველოს ჰყავდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, დამოუკიდებელი და საინტერესო საზოგადოებრივი მაუწყებელი.

ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერი მიესალმება საზოგადოებრივ მაუწყებელში დაწყებულ პროცესს და იმედს გამოთქვმს, რომ პროცესები ცივილურად წარიმართება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს მთავრობა და ხელისუფლება არის დაინტერესებული, რომ საქართველოს ჰყავდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, დამოუკიდებელი და საინტერესო საზოგადოებრივი მაუწყებელი. ათეულობით მილიონ ლარს ვიხდით ამ პროდუქტში და ჩვენ ვერ შევეგუებით, რომ ამ თანხის შედეგად მივიღოთ პროდუქტი, რომელიც არ იქნება თანამედროვე, რომელიც არ იქნება საინტერესო და ასევე ჩვენ გვინდა, ეს იყოს ჭეშმარიტად საზოგადოების ინტერესების გამომხატველი ტელევიზია.

ამიტომ, ჩვენ მივესალმებით საზოგადოებრივ მაუწყებელში დაწყებულ პროცესს, მივესალმებით პოლემიკას, მაქსიმალურ ჩართულობას იმისათვის, რომ იყოს სხვადასხა მიდგომების ჭიდილი და ჩვენ გვინდა გვქონდეს იმედი, რომ შედეგად პროცესები წარიმართება ცივილურად და მივიღებთ ისეთ ტელევიზიას, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ, რომელიც საკუთარი ჯიბიდან იხდის ამის საფასურს.

წარმატება მინდა ვუსურვო საზოგადოებრივ მაუწყებელს და გამოვთქვა იმედი, გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენ მივიღებთ იმ პროდუქტს და ისეთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც იქნება ძალიან თანამედროვე და მას დაეკისრება დიდი ფუნქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით’“,- განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button