სტიქია ბათუმში – აჭარაში ზარალს ითვლიან

ძლიერი წვიმისა და ქარისგან მიყენებული ზარალის დათვლა ბათუმში დღეს დაიწყება.

რამდენიმესაათიანმა სტიქიამ ქალაქის ნაწილს მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა. ყველაზე მძიმე ვითარება ე.წ. ჭაობის დასახლებაში იყო, სადაც თითქმის ყველა საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დაიტბორა, ამჟამად შენობებიდან წყალი უკვე ამოტუმბულია.​

ნინოშვილისა და გოგებაშვილის ქუჩებზე მდებარე კორპუსებში დაზიანებული სახურავების გამო წყალი ჩავიდა. ქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ სახურავები წინა ხელისუფლების დროს უხარისხოდ გაკეთდა და ისინი ტენდერის გამოცხადებას ახლა გეგმავენ. ძლიერი ქარის გამო ბათუმში წაქცეულია ხეებიც.

უამინდობამ დასავლეთ საქართველოში გზებზე გარკევული შეზღუდვების დაწესება გამოიწვია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს უამინდობის გამო ბევრმა დამსვენებელმა ერთდროულად დატოვა აჭარა და თბილისის მიმართულებით დაიძრა, მოძრაობის გადატვირთვა მოჰყვა.

მოძრაობის შეფერხებას ხელი შეუწყო წვიმამ და ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარმა რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევამაც. მოძრაობას ავტობანებსა და ტრასებზე საპატრულო პოლიცია არეგულირებდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button