მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

საქართველომ ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარე გარდამავალ პრეზიდენტად აღიარა

საქართველომ ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარე ხუან გუაიდო ვენესუელას გარდამავალ პრეზიდენტად აღიარა.

„ვენესუელაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების არაღიარების კვალდაკვალ, საქართველო ხუან გუაიდოს გარდამავალ პრეზიდენტად აღიარებს. საქართველო მიესალმება ჩვენი პარტნიორების განცხადებებს და მხარს უჭერს ვენესუელელ ხალხს მათ ბრძოლაში დემოკრატიის და თავისუფლებისთვის“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციონერი ხუან გუაიდო ქვეყნის დროებით პრეზიდენტად აღიარა.

„დღეს მე ოფიციალურად ვაღიარებ ვენესუელას ეროვნული ასამბლეის მეთაურს ხუან გუაიდოს ქვეყნის გარდამავალ პრეზიდენტად. ქვეყნის ხელისუფლების ერთადერთმა შტომ, რომელიც ვენესუელას მოსახლეობამ კანონიერად აირჩია, კონსტიტუციის საფუძველზე, ნიკოლას მადურო უკანონო პრეზიდენტად ცნო, ხოლო პრეზიდენტის პოსტი ვაკანტურად გამოაცხადა. გავაძლიერებთ აშშ-ის მთელ ეკონომიკურ და დიპლომატიურ ძალებს, რათა მივაღწიო ვენესუელაში დემოკრატიის აღდგენას“, – ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.

ქვეყანაში ხუან გუაიდოს მხარდამჭერთა ხალხმრავალი დემონსტრაციები იმართება, რომელთა წინაშეც პარლამენტის თავმჯდომარემ ფიცი დადო. საპასუხოდ, ნიკოლას მადურომ, რომელსაც ვენესუელას პრეზიდენტად არ აღიარებს მსოფლიო თანამეგობრობის დიდი ნაწილი, ჯარსა და პოლიციას თანადგომისკენ მოუწოდა და აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ განაცხადა.

ანტისამთავრობო მანიფესტაციების მსვლელობისას, სამართალდამცველებთან შეტაკებების შედეგად, სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტ-პორტალი El Pitazo ავრცელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button