მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი

ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

“საბჭომ მიიღო გაფართოების ანგარიში. 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მაიდანის პროტესტები დაიწყო, მაიდანის პროტესტი ისეთი ადგილი იყო, სადაც ადამიანები დახვრიტეს იმიტომ, რომ გაეხვივნენ ევროპულ დროშებში და 10 წლის შემდეგ დღეს ისტორიული დღეა, რადგან დღეს კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ საბჭომ დაიწყოს მიერთების მოლაპარაკებები. კომისია, ასევე, გაწევრიანების მოლაპარაკების რეკომენდაციას იძლევა ბოსნია ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც მიღწეულ იქნება წევრობის კრიტერიუმთან შესაბამისობა და რეკომენდაციას ასევე კომისიის მხრიდან, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, იმ თვალსაზრისით, რომ უნდა განხორციელდეს ზოგიერთი რეფორმა. ამ 4 ქვეყანაზე მოვახდენთ ფოკუსირებას, პირველ რიგში კი უკრაინაზე. საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან ნამდვილად იქნა გადადგმული ნაბიჯები. გილოცავთ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს დაუჭერს, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაციას გასცემს. ამის შესახებ საერთაშორისო გამოცემა Politico წერს. თუმცა, ორ ქვეყანას კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული რეფორმის გატარება დაევალებათ.

“პოლიტიკო” ორ წყაროზე დაყრდნობით წერს: “კარგი ამბავი თბილისისთვისაც: ისინი ასევე რეკომენდაციას გაუწევენ, რომ ევროკავშირის მთავრობებმა საქართველოს მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი”.

დღევანდელი რეკომენდაციის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნები დეკემბერში მიიღებენ გადაწყვეტილებას გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაზე.

ევროკომისიაში არ არსებობს კონსენსუსი გაწევრიანების მოლაპარაკებები ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყების შესახებ.

Politico-ს ინფორმაციით, ზოგიერთმა ქვეყანამ, როგორიცაა საფრანგეთი და პორტუგალია, წამოაყენა უკრაინის “ეტაპობრივი” გაწევრიანების იდეა და ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება დაიწყოს გარკვეულ სფეროებში მონაწილეობით. კომისიის ზოგიერთ ოფიციალურ პირს სურდა, რომ ეს მიდგომა ასახულიყო გაფართოების ანგარიშში.
ევროკომისიამ მწვანე შუქი აუნთო უკრაინასა და მოლდოვას, გახსნან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, – რაც კანდიდატის სტატუსის მომდევნო ნაბიჯია ევროკავშირში გაწევრიანებამდე. უკრაინას ამ გზაზე ოთხი პირობა წაუყენეს, მოლდოვას კი – სამი.

რა არის სიახლე?
საქართველოსთვის განსაზღვრული ცხრა პირობიდან ნაწილი აგრძელებს 2022 წლის ივნისში ევროკომისიის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციას, ზოგიერთი კი სრულიად ახალია.

ახალია დათქმა ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან ბრძოლაზე.

ევროკომისია ასევე ყურადღებას ამახვილებს საჭიროებაზე, რომ საქართველომ თავისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირისას დაუახლოოს.

ამჟამად ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის მაჩვენებელი დაახლოებით 43%-ია, როდესაც ორიოდე წლის წინ 60%-ს აჭარბებდა. გაცილებით მაღალია მოლდოვისა და უკრაინის მაჩვენებლები.

რას მოიცავს 9 დათქმა
ევროკომისია წერს, რომ ამ რეკომენდაციით გამოდის 2022 წლის ივნისში ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ განსაზღვრული „12 პრიორიტეტისა და უფრო ფართო კონტექსტში მიღწეული შედეგების“ გათვალისწინებით.

დათქმების სრული ჩამონათვალი და თანმიმდევრობა ასეთია:

ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან და [უცხოურ] ჩარევასთან ბრძოლა;
ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრის მაჩვენებლის გაუმჯობესება;
პოლიტიკური პოლარიზაციის წინააღმდეგ დამატებით ბრძოლა – მათ შორის პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებთან უფრო ინკლუზიურად მუშაობის გზით, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე;
თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა – განსაკუთრებით 2024 წელს – და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება. საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა არჩევნების დღემდე დიდი ხნით ადრე;
საპარლამენტო ზედამხედველობის შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუტების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა;
ყოვლისმომცველი და ეფექტური სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულება გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის გზით;
ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტურობისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. ამ ორგანოებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება ინკლუზიური პროცესით. კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის შემთხვევების ეფექტური გამოძიების ძლიერი გამოცდილების დაგროვება;
დეოლიგარქიზაციის შესახებ არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება, რათა დეოლიგარქიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით;
ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება, მათ შორის, ადამიანის უფლებების ამბიციური სტრატეგიის მიღებითა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით. მოწყვლადი ჯგუფების, მედიაპროფესიონალებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ მუქარის ფაქტებზე მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიების დაწყება და ძალადობის ორგანიზატორებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვა, მათი ჩართულობის უზრუნველყოფა კანონშემოქმედებით და პოლიტიკის შემუშავების პროცესში და მათი თავისუფლად მუშაობის უზრუნველყოფა.
რა ელით უკრაინასა და მოლდოვას?
ევროკომისიამ მოლდოვასა და უკრაინასაც დაუწესა დათქმები – გასცა რეკომენდაცია, რომ ევროპულმა საბჭომ მიიღოს ქვეყნებთან მოლაპარაკებების ჩარჩო, როგორც კი უკრაინა შეასრულებს დარჩენილ ოთხ, მოლდოვა კი – დარჩენილ სამ პირობას.

2022 წლის ივნისში, როდესაც მათ კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ევროკომისიამ უკრაინას 7 რეკომენდაცია დაუწესა, მოლდოვას კი – ცხრა.

უკრაინის ამჟამად შესასრულებელი ოთხი პირობიდან ორი კორუფციასთან ბრძოლას ეხება, – და დიდი ყურადღება ეთმობა ამ საკითხს, – მესამე ლობისტური საქმიანობის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას ეხება, მეოთხე კი – ეროვნული უმცირესობების დაცვას.

მოლდოვის სამი პირობიდან პირველი უზენაეს სასამართლოსა და პროკურატურას შეეხება, მეორე – კორუფციასთან ბრძოლას, ხოლო მესამე – დეოლიგარქიზაციას.

ევროკომისია გააგრძელებს ორივე ქვეყნის მონიტორინგს და ევროპულ საბჭოს 2024 წლის მარტისთვის მიაწვდის შესაბამის ანგარიშს.

საქართველოსთან დაკავშირებით რაიმე თარიღი მითითებული არ არის.

გაფართოების ანგარიში
2022 წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

ევროკომისიამ 8 ნოემბერსვე გამოაქვეყნა პირველი წლიური ანგარიში საქართველოს შესახებ ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში. ეს დოკუმენტი ანაცვლებს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ანგარიშებს.

დოკუმენტის თანახმად, განსაზღვრული 12 რეკომენდაციიდან, 2023 წლის ივნისის მდგომარეობით, საქართველოს სრულად შესრულებული აქვს 3 რეკომენდაცია:

„დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა“;
„გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა“;
„ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება“.
ანგარიში კრიტიკულად მიმოიხილავს დანარჩენ 9 რეკომენდაციასაც, თუმცა შესრულების დონეებს არ განსაზღვრავს. ეს რეკომენდაციებია:

დეოლიგარქიზაცია;
პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა;
ინსტიტუციების დამოუკიდებლობა;
ინკლუზიური და ეფექტური სასამართლო რეფორმა;
მედიის პლურალიზმი;
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა;
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა;
ადამიანის უფლებების დაცვა;
სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
დღეს განსაზღვრულ 9 დათქმაში მედიის, ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების გადაწყვეტილების პროცესში ჩართვის საკითხები – რაც 12 რეკომენდაციაში სამი ცალკე პუნქტი იყო – ერთ საკითხადაა გაერთიანებული.

შესაბამისად, 12 რეკომენდაციიდან 3 შესრულებულად ჩაითვალა და ახალ დათქმებში არ გადმოსულა, 3 ერთ საკითხად გაერთიანდა, დანარჩენები გარკვეული მოდიფიკაციით დარჩა და ორი დაემატა.

ანგარიშის თანახმად, ზოგადად, საქართველოს საკანონმდებლო ბაზა, ინსტიტუციური მოწყობა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება „უზრუნველყოფს საქართველოს გარკვეული დონის მომზადებას შემდგომი დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმებისთვის“.

„მიუხედავად ამისა, რეფორმების პროცესს აფერხებს განგრძობადი პოლიტიკური დაძაბულობა, ღრმა პოლარიზაცია, პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსტრუქციული ჩართულობის არარსებობა და ფუნდამენტურ, ეროვნული ინტერესების საკითხებზე კონსენსუსის [არარსებობა]“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

იქვე აღნიშნულია, რომ პარტიებს შორის დაძაბულობამ, ასევე ლიმიტირებულმა კონსულტაციებმა სამოქალაქო საზოგადოებასთან, უარყოფითად იმოქმედა გადაწყვეტილების მიღების პროცესსა და რეფორმების განხორციელებაზე.

დოკუმენტის თანახმად, 2023 წლის მეორე და მესამე კვარტლებში პარლამენტმა მიიღო „ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით მთელი რიგი მნიშვნელოვანი კანონები“, მაგრამ ეს მოხდა „შეზღუდული კონსულტაციებით და ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობის საფუძვლიანი ანალიზის გარეშე“.

იქვე აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა ვეტო დაადო რამდენიმე კანონს, რომლებიც მან შეაფასა, როგორც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესისათვის შემაფერხებელი.
ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 2022 წლის მარტში განაცხადა, რომ საქართველომ მიმართა ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. იმავე წლის 3 მარტს კი წევრობაზე საქართველოს ოფიციალურ განაცხადს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა.
დეკემბერში, სამიტზე გახდება ცნობილი, მიენიჭება თუ არა საქართველოს ოფიციალურად კანდიდატის სტატუსი.
ევროკომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო – 27 წევრი ქვეყანა – დეკემბერში მიიღებს. ამ რეკომენდაციას ევროკავშირის წევრმა 27-ვე ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი.

2022 წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

მსგავსი პოსტები

Back to top button