მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ-ის პრეზიდენტი იაპონიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტის დაესწრება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა იაპონიაში, სადაც „დიდი შვიდეულის“ სამიტის ყურადღების ცენტრშია უკრაინის მხარდაჭერის, წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის აგრესიული პოლიტიკის, გლობალური განვითარებისა და კლიმატის საკითხები.

ფედერალური მთავრობის სესხის ლიმიტის ზრდის გამო რესპუბლიკელებთან დაპირისპირების ფონზე, ჯო ბაიდენმა ჯერ კიდევე ვაშინგტონის დატოვებამდე გააუქმა ისტორიული გამგზავრება პაპუა-ახალ გვინეაში და მთავარი ვიზიტი ავსტრალიაში.

“მე შევამცირე მოგზაურობა, რომ დავესწრო საბოლოო მოლაპარაკებებს და ხელი მოვაწერო შეთანხმებას რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერთან”, – თქვა ბაიდენმა თეთრი სახლის დატოვებამდე.

ჰიროსიმაში ბაიდენი ასევე გეგმავს შეხვდეს ლიდერებს “ოთხმხრივი დიალოგისა”, რომელშიც შეერთებული შტატების გარდა, შედიან იაპონია, ავსტრალია და ინდოეთი.

ეს პარტნიორობა მოწოდებულია იმისთვის, რათა იქცეს ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის გავლენის ზრდის საპირწონედ, რასაც ვაშინგტონი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში მთავარ პრიორიტეტს უწოდებს.
„დიდი შვიდეულის“ სამიტზე ჩავიდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკიც.

„როიტერის“ ცნობით, სამდღიანი შეხვედრის დროს მოლაპარაკებების მთავარი თემა იქნება პეკინიდან და მოსკოვიდან მომავალი გამოწვევები. ასევე, განიხილება უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებული საკითხები, ეკონომიკური მედეგობა, სურსათის უსაფრთხოება და სხვა თემები.

„როიტერის“ ცნობით, „დიდი შვიდეულის“ ლიდერები ასევე გეგმავენ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამკაცრებაზე მსჯელობას. სანქციები მიმართული იქნება მესამე ქვეყნების წინააღმდეგ, ვინც რუსეთს შეზღუდვებისთვის თავის არიდებაში ეხმარებიან.

მედიის ცნობით, უკრაინაში კონფლიქტის დასრულების გზებთან დაკავშირებით აშშ-სა და ევროპელ მოკავშირეებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. როგორც „როიტერს“ ევროპელმა მაღალჩინოსნებმა უთხრეს, ვაშინგტონს არ სურს კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებაზე საუბარი, ვიდრე უკრაინის კონტრშეტევა არ დასრულდება, ხოლო ევროპელი მოკავშირეები უფრო მეტად ორიენტირებულები არიან დიპლომატიური გამოსავლის მოძიებაზე.

G7-ის სამიტზე, რომელიც იაპონიაში გაიმართება, რუსეთში ექსპორტის სრული აკრძალვის საკითხი არ განიხილება, – ამის შესახებ აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

„არ ველოდები იმას, რა ინფორმაციაც გავრცელდა ექსპორტის სრულ აკრძალვასთან დაკავშირებით. აქცენტები სანქციების განხორციელებაზე და მათ თავიდან აცილებაზე გაკეთდება“, – აღნიშნა სალივანმა.

სალივანის თქმით, G7-ის წევრი ქვეყნები განიხილავენ რუსული გაყინული აქტივების გამოყენების შესაძლებლობას.

მედიის ცნობით, G7-ის ლიდერების ერთობლივი დეკლარაციის ზუსტი ფორმულირება ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.

მსგავსი პოსტები

Back to top button