ევროკავშირი არ არის სამხედრო ორგანიზაცია, ამიტომ, რუსეთი არ არის ბლოკში უკრაინის შესვლის წინააღმდეგი

ევროკავშირი არ არის სამხედრო ორგანიზაცია, ამიტომ, რუსეთი არ არის ბლოკში უკრაინის შესვლის წინააღმდეგი, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
პუტინის თქმით, მოსკოვი მხოლოდ უკრაინის „სამხედრო განვითარებას“ აპროტესტებდა, ხოლო ნებისმიერ გაერთიანებაში ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ გადაწყვეტილებები თავად უკრაინელების გადასაწყვეტია.
„ევროკავშირი არ არის სამხედრო ორგანიზაცია, სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი, ნატო-სგან განსხვავებით, ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ყოველთვის ვამბობდი, ჩვენი პოზიცია აქ არის თანმიმდევრული, გასაგები: ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო. ჩვენ ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავით უკრაინის ტერიტორიის სამხედრო განვითარების, რადგან ეს საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას. სწორედ ამის წინააღმდეგ ვიყავით, მაგრამ რაც შეეხება ეკონომიკურ ინტეგრაციას, ღვთის გულისთვის, ეს მათი არჩევანია“, – თქვა პუტინმა.
ამასთან პუტინმა სანქტ-პეტერბურგში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას თქვა, რომ დასავლეთმა მიზანმიმართულად შეარყია საერთაშორისო თანამშრომლობისა და მსოფლიო ვალუტებისადმი ნდობის ძირითადი პრინციპები.
მან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს „გიჟური და დაუფიქრებელი“ უწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთი ნელ-ნელა არეგულირებს ეკონომიკურ მდგომარეობას, ხოლო აშშ და ევროპა, პირიქით, დიდ ზარალს განიცდიან სანქციების გამო.
პუტინის თქმით, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ეკონომიკური „დაცემა“ არ არის დაკავშირებული უკრაინის ომთან, ის გაცილებით ადრე დაიწყო „დიდი შვიდეულის” ქვეყნების ხანგძლივი უპასუხისმგებლო მაკროეკონომიკური პოლიტიკის გამო, მათ შორის უკონტროლო ემისიისა და არაუზრუნველყოფილი ვალების დაგროვებით“.
მან ე.წ. სპეცოპერაციას უკრაინაში დასავლეთისთვის სამაშველო რგოლი უწოდა, რაც საშუალებას აძლევს მას რუსეთს დააბრალოს ყველა პრობლემა. პუტინმა კიდევ ერთხელ გამოთქვა რწმენა, რომ „სპეციალური ოპერაცია“ გაგრძელდება და მისი ყველა მიზანი შესრულდება. “ერთ პოლარული მსოფლიო წესრიგის ეპოქა დასრულდა”, – თქვა მან და განსაკუთრებით გააკრიტიკა ევროკავშირი, რომელმაც, მისი აზრით, “მთლიანად დაკარგა პოლიტიკური სუვერენიტეტი” და “სხვის დაკრულზე ცეკვავს”.
პუტინმა თავის მშობლიურ ქალაქში გამართული ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე ასევე თქვა, რუსეთს შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს სურსათისა და სასუქების ექსპორტი, ხოლო მარცვლეულის მარაგის მოცულობა მომავალ სეზონში შესაძლოა 50 მილიონ ტონამდე გაიზარდოს. რაც შეეხება უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტს, პუტინი თვლის, რომ რუსეთი ამაში არ ერევა: მისი აზრით, უკრაინელებმა თავად დანაღმეს შავი ზღვის ნავსადგურებთან მისასვლელი და ეს პრობლემა თავად უნდა მოაგვარონ ზღვაოსნობის აღსადგენად.
მან გამოთქვა შეშფოთება, რომ უკრაინას შეუძლია გამოიყენოს თავისი პორტებიდან გატანილი მარცვლეულის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი დასავლეთისგან იარაღის ახალი პარტიების შესაძენად. მსგავსი განცხადება მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, გააკეთა. პუტინს არ დაუდასტურებია უკრაინის ხელისუფლების ასეთი განზრახვები, მაგრამ კვლავ ეჭვი ეპარება “კიევის ხელისუფლებაში მყოფი ხალხის ადეკვატურობაში”.
პლენარულ სხდომას პუტინისა და ყაზახეთის ხელმძღვანელის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის მონაწილეობით, RT-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი უძღვება. უკრაინაზე საუბრისას მან პუტინს უთხრა, რომ „არ რცხვენია“ იმის, რაც ხდებოდა. პუტინმა უპასუხა, რომ მხოლოდ მათ, ვინც საკუთარ ბედს რუსეთს არ უკავშირებს, რცხვენიათ და ნამდვილ პატრიოტებს სურთ მისი სიძლიერის ზრდა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებამდე “მიიყვანეს” და მათი დაწყება “იძულებითი” იყო. სიმონიანის პირდაპირ შეკითხვაზე რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ბედის შესახებ, პუტინმა თქვა, რომ მათ ბედს მათი მოსახლეობა გადაწყვეტს. ამასთან, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი არ არის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი, თუმცა ეჭვობს, რომ ეს მომგებიანია.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში ოპერაციის დროს რუს სამხედროებს არ სურთ უკრაინის ქალაქები სტალინგრადს დაამსგავსონ.
მრავალი ფოტო და ვიდეო ადასტურებს, რომ ქალაქებში, როგორიცაა მარიუპოლი, პოპასნაია ან სევეროდონეცკი, ასობით და ათასობით საცხოვრებელი სახლი განადგურდა საბრძოლო მოქმედებების დროს. პუტინმა ასევე თქვა, რომ რუსეთი არ ემუქრება დასავლეთს ბირთვული იარაღით, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს „რა აქვს რუსეთს თავისი სუვერენიტეტის დასაცავად“.
ტოკაევმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ყაზახეთი არ ცნობს დონეცკის და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობას, მან ამ წარმონაქმნებს “კვაზი სახელმწიფოებრივი სუბიექტები” უწოდა.
სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, კითხვაზე – არის თუ არა დასაბუთებული დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლების განცხადებები ბირთვული ომისა და მესამე მსოფლიო ომის საფრთხის შესახებ, რუსეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი „ისმენს ამგვარ რიტორიკას“.
„საიდან მოდის ეს? მათივე განცხადებებიდან. ან ერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი რაღაცას იტყვის, მერე მეორე და ძალიან მაღალ დონეზე – ვთქვათ, საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე, ამაზე ყვირიან მაღალჩინოსნები და რა? ჩვენ ხომ არ გავჩუმდებით? შესაბამისად ვპასუხობთ, როგორც კი ვუპასუხეთ, მაშინვე ეკიდებიან ამას და ამბობენ: აი, რუსეთი გვემუქრება. ჩვენ არ ვემუქრებით, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რა გვაქვს და რას გამოვიყენებთ ჩვენი სუვერენიტეტის დასაცავად“, – განაცხადა პუტინმა.
საბჭოთა კავშირი – ეს ტერიტორია ისტორიული რუსეთია, თუმცა ყოველთვის პატივს ვცემდით სუვერენიზაციის პროცესებს პოსტსაბჭოთა სივრცეში
„ნამდვილად ასეა. საჯაროდ და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ვსაუბრობდი. საბჭოთა კავშირი – რა არის ეს? ეს არის ისტორიული რუსეთი. ასე გამოვიდა, რომ მან არსებობა შეწყვიტა. მინდა, ხაზი გავუსვა ამას – ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით უახლეს ისტორიაში სუვერენიზაციის პროცესებს, რომლებიც ხდებოდა პოსტსაბჭოთა სივრცეში“, – თქვა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთს ძმური ურთიერთობა აქვს ყაზახეთთან და იგივე მოხდებოდა უკრაინასთან დაკავშირებით, ქვეყნებს შორის კარგი სამოკავშირეო ურთიერთობა რომ ყოფილიყო.
რუსეთის სპეცოპერაცია უკრაინაში არის სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნება უსაფრთხოების დაცვის უფლებას, პუტინის თქმით, უკრაინაში სპეცოპერაციის ყველა ამოცანა, რა თქმა უნდა, შესრულდება.
„შექმნილ ვითარებაში, ჩვენთვის მზარდი რისკებისა და საფრთხეების ფონზე, რუსეთის სპეცოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება იძულებითი იყო. რთული, რა თქმა უნდა, მაგრამ იძულებითი და აუცილებელი. ეს არის სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილება, რომელსაც აქვს უპირობო უფლება, გაერო-ს წესდებაზე დაყრდნობით დაიცვას თავისი უსაფრთხოება“, – აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, გლობალურ ეკონომიკაში ვითარების გაუარესება რუსეთის ფედერაციის სპეცოპერაციას არ უკავშირდება და დიდი შვიდეულის უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგია.
„სასაქონლო და ნედლეულის ბაზრებზე ინფლაციის მკვეთრი ზრდა ფაქტი გახდა მიმდინარე წლის მოვლენებამდე დიდი ხნით ადრე. მსოფლიო მუდმივად მიჰყავდათ ასეთ სიტუაციაში ე.წ. დიდი შვიდეულის ქვეყნების მრავალწლიანი უპასუხისმგებლო მაკროეკონომიკური პოლიტიკით, მათ შორის უკონტროლო ემისია და არაუზრუნველყოფილი ვალების დაგროვება. ეს პროცესები 2020 წელს, კორონავირუსული პანდემიის დაწყებასთან ერთად დაჩქარდა და გაძლიერდა, როდესაც გლობალურად შემცირდა როგორც მიწოდება, ასევე მოთხოვნა საქონელსა და მომსახურებაზე. ევროკავშირმა საბოლოოდ დაკარგა პოლიტიკური სუვერენიტეტი და მისი ბიუროკრატიული ელიტები ცეკვავენ სხვის ხმაზე, იღებენ ყველაფერს, რასაც ზემოდან ეუბნებიან, ზიანს აყენებენ საკუთარ მოსახლეობას და საკუთარ ეკონომიკას, საკუთარ ბიზნესს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.