მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან შვიდი ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ბოლო ანგარიშით, უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან შვიდი ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. სამოქალაქო მოსახლეობაში დაშავებულების რაოდენობა 11 ათასს აღწევს.

ანგარიშის თანახმად, მხოლოდ დეკემბერში დაიღუპა 165 სამოქალაქო პირი, დაშავებულია 500 უკრაინელი.

გაერო აღნიშნავს, რომ რეალურად დაღუპულთა რიცხვი უფრო მაღალია – აქტიური საბრძოლო მოქმედებების არეალიდან ინფორმაცია დაგვიანებით მოდის.

სიკვდილის აღრიცხული შემთხვევების უმეტესობა გამოწვეულია მოქმედების ფართო არეალის მქონე იარაღით, მძიმე საარტილერიო, ასევე საჰაერო თავდასხმების შედეგად.

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მისი არმია არ ესხმის თავს სამოქალაქო ობიექტებს და ცეცხლს უშენს მხოლოდ იმ ობიექტებს, რომელთა სამხედრო მიზნებით გამოყენება ხდება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 8 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

“ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუჰანსკის ოლქის ნოვოსელივსკეს, სტელმახივკას და დონეცკის ოლქის დილივკას, კრასნოჰორივკას, ვოდიანეს, ვესელეს, მარინკას და პობიედას დასახლებულ პუნქტებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 2 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელების სიმართლე არის ბრძოლა თავისუფლებისთვის და ამ ბრძოლაში მათი ეფექტური და ძლიერი იარაღია გამბედაობა, მამაცობა და სათნოება.

„ამ ბრძოლაში ჩვენ გვაქვს ერთი ძლიერი და ეფექტური იარაღი. ჩვენი სულისა და ცნობიერების ურო და ხმალი. გამბედაობა და მამაცობა. სათნოება, რომლებიც გვიბიძგებს კეთილი საქმეებისკენ და ბოროტების დასამარცხებლად. გამბედაობის მთავარი აქტი გამძლეობა და ყველაფრის მიუხედავად საქმის ბოლომდე მიყვანაა. ჭეშმარიტება ანათებს ჩვენს გზას. ჩვენ ეს ვიცით. ჩვენ ვიცავთ მას. ჩვენი სიმართლე არის ბრძოლა თავისუფლებისთვის. თავისუფლებას მაღალი ფასი აქვს. მაგრამ მონობა კიდევ უფრო ძვირი ღირს“, – წერს ზელენსკი „ტელეგრამზე“.

მსგავსი პოსტები

Back to top button