მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის ძალებმა დონეცკის ოლქის ოთხი მიმართულებით მტრის 42 შეტევა მოიგერიეს

უკრაინელმა მებრძოლებმა, გასული დღის განმავლობაში, ფრონტის ოთხი მიმართულებით – ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით – მოწინააღმდეგის 42 შეტევა მოიგერიეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, ბახმუტისა და მარინკას მიდამოებში ურთულესი ვითარებაა.

„ბახმუტის მიმართულებით, რუსები აქტიურად, მაგრამ წარუმატებლად უტევდნენ ივანოვსკოეს დასახლებასა და ქალაქ ჩასოვ-იარის მიმართულებით, რომლებზეც გადის უკრაინული ჯარების ძირითადი მარშრუტები ბახმუტში. მარინკას მიმართულებით, უკრაინელმა მებრძოლებმა ქალაქ მარინკაზე განხორციელებული ბევრი თავდასხმა მოიგერიეს.

ლიმანის მიმართულებით, მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული იყო სოფელ ბელოგოროვკაზე შეტევის განხორციელებაზე. ავდიივკას მიმართულებით, ოკუპანტები თავს დაესხნენ თავად ქალაქს, ასევე სოფელ პერვომაისკოეს, მაგრამ უშედეგოდ“, – აცხადებენ გენშტაბში.

გენშტაბის ცნობით, „ღამით რუსმა ტერორისტებმა მორიგი მასობრივი სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინაზე“. გასული დღე-ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგეებმა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე უკრაინის ძალების პოზიციებსა და დასახლებებზე 30 სარაკეტო და 61 საავიაციო დარტყმა განახორციელეს, 89-ჯერ გახსნეს ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. დანგრეულია და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, არიან დაშავებულები.

გენშტაბში აღნიშნავენ, რომ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სარაკეტო და საავიაციო დარტყმების ალბათობა მაღალი რჩება, ამიტომ მოსახლეობას ურჩევენ, არ უგულებელყონ საჰაერო განგაშის სიგნალები.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს მტრის ძალის კონცენტრაციის 19 რაიონზე, საბრძოლო მასალების ორ საწყობსა და მოწინააღმდეგის სამ მნიშვნელოვან სამიზნეზე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 195 620 ჯარისკაცი დაკარგა. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 9 მაისამდე პერიოდს.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

ტანკი – 3734
ჯავშანტექნიკა – 7257
საარტილერიო სისტემა – 3031
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 554
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 307
თვითმფრინავი – 308
ვერტმფრენი – 294
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2618
ფრთოსანი რაკეტა – 955
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 5969
სპეცტექნიკა – 388
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button