,,აშშ-ის ადმინისტრაციას საქართველოსთან მიმართებით ჯერ ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს,,-ბოჭორიშვილი რუბიოზე

“მე არ მივიჩნევ, რომ ეს შეფასება შეიძლება არსებობდეს საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით, არ მივიჩნევ, რომ რაიმე საფუძველია ამგვარი შეფასების არსებობისთვის. ჩვენ სისტემურად ძალიან კარგი თანამშრომლობა გვქონდა და გვაქვს აშშ-სთან – როდესაც სისტემურ თანამშრომლობაზეა საუბარი და არ არსებობს არანაირი საფუძველი ამ თანამშრომლობას კითხვის ნიშნები დაუსვან,” – ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას, “ანტიამერიკულ ხელისუფლებასთან” დაკავშირებით.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, როგორც ჩანს, აშშ-ის ადმინისტრაციას საქართველოსთან მიმართებით ჯერ ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.
“გარდა ამისა, 30 წლის განმავლობაში საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც ამ რეგიონში არის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სანდო პარტნიორი და ეს არ არის მხოლოდ მაკა ბოჭორიშვილის სიტყვები – ეს არის 30 წლიანი თანამშრომლობით დადასტურებული ფაქტი, რომ საქართველო აშშ-სთვის ამ რეგიონში არის სანდო პარტნიორი.
საქართველოს ხელისუფლების მიერ არაერთხელ გაკეთებულა განცხადება და გამოხატულა წუხილი იმ ურთიერთობის უკუსვლასთან დაკავშირებით, რაც აშშ-ის წინა ადმინისტრაციის პირობებში ხდებოდა და ჩვენ არაერთხელ გამოგვიხატავს მზაობა და იმედი, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში მოხდება თვისებრივად შეცვლა ამ ურთიერთობების და ამ ურთიერთობების საქართველოს და აშშ-ის ეროვნული ინტერესების შესაბამისად წარმართვა.
ჩვენ რასაც ვხედავთ და რაც დღეს მოვისმინეთ, არის ის, რომ ეს არის საკითხი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ არის განხილვის პროცესში – ანუ პოზიციებზე, რომელიც უნდა ჰქონდეს აშშ-ს საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენს რეგიონში, მსჯელობენ და ამ საკითხზე პასუხის გასაცემად დღეს სახელმწიფო მდივანი მზად არ იყო და თქვა კიდეც, რომ მას დღეს პასუხი არ ექნებოდა, თუ როგორი შეიძლება იყოს აშშ-ის პოლიტიკა”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ერთადერთი დასკვნა, რაც შეიძლება ჩვენ გამოვიტანოთ დღევანდელი პასუხიდან არის ის, რომ ჩამოყალიბებული პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში არ არსებობს, სწორედ იმ კონტექსტში, როდესაც საუბარი ეხება ამერიკის ეროვნულ ინტერესებს. მთელი მოსმენის და არა მხოლოდ მოსმენის, აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ღერძი დღეს ტრიალებს ამერიკის ეროვნული ინტერესების გარშემო, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. ბოჭორიშვილი გამოეხმაურა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მოსმენაზე „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული კითხვაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს პასუხს.
როგორც მან აღნიშნა, ჯო უილსონის მიერ დასმული იყო სრულიად „დეზინფორმაციული კითხვა“ და როდესაც რუბიოს პასუხს ვაფასებთ, მთლიან კონტექსტს უნდა შევხედოთ, რას შეეხებოდა განხილვა, რაზე იყო ზოგადად აქცენტები გაკეთებული.
„პირველ რიგში ალბათ ვიდრე რუბიოს პასუხზე ვისაუბრებდეთ უნდა აღვნიშნოთ კითხვა, რომელიც გაჟღერდა კონგრესში და როგორ იყო ეს კითხვა ფორმულირებული და დასმული, კითხვა, რომელიც დასვა ჩვენთვის კარგად ნაცნობმა ჯო უილსონმა, რომელიც სრულიად დეზინფორმაციულ ნარატივზე იყო აგებული, ყველა წინადადება თუ ყველა სიტყვა, რომელიც გაჟღერდა საქართველოსთან მიმართებაში, იყო სრულიად დეზინფორმაციული, ის აბსოლუტურად აცდენილია რეალობას და არცერთი მის მიერ გაჟღერებული პოზიცია არ შეესაბამება სიმართლეს. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში ალბათ უნდა შევაფასოთ ის, თუ რა კონტექსტში მოხდა საქართველოს საკითხის ხსენება კონგრესის მოსმენაზე. მან არასწორი ინფორმაცია გააჟღერა არჩევნებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა ხელისუფლებასთან დაკავშირებით.
თუ შევაფასებთ უილსონის კითხვას, სად არის ანტიამერიკული ხელისუფლება საქართველოში? დღეს სრულ თანხვედრაშია ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტები, იდეოლოგიურად რომ შევხედოთ, აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტებთან და ამ ფონზე რა თქმა უნდა როდესაც რუბიოს პასუხს ვაფასებთ, ჩვენ მთლიან კონტექსტს უნდა შევხედოთ, რას შეეხებოდა განხილვა, რაზე იყო ზოგადად აქცენტები გაკეთებული“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა