მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ლაგოდეხის საკრებულოში კომისიის თავმჯდომარე პოლიტიკური შეხედულებების გამო გადააყენეს

პოლიტიკური შეხედულებების გამო, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, სალომე ღონღაძე თანამდებობიდან გადააყენა. გადაწყვეტილებას მხარი 17 დეპუტატმა დაუჭირა, 12 წინააღმდეგი იყო.

საკრებულოს თავმჯდომარის , კახა ჯამბურიას განმარტებით, სალომე ღონღაძემ უმრავლესობა დატოვა და სხვა პოლიტიკურ გუნდს შეუერთდა, რითაც საფრთხე შეექმნა იმ კომისიის მუშაობას, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა.

“თუ მას არ გადავაყენებდით და კვლავ გააგრძელებდა მუშაობას, საფრთხე შეექმნებოდა როგორც საკრებულოს, ასევე მუნიციპალიტეტის საქმიანობას”, – განაცხადა ჯამბურიამ.

სალომე ღონღაძე, რომელიც გახარიას გუნდშია, მომხდარს პოლიტიკურ დევნას უწოდებს და ამბობს, რომ საკრებულოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

“მე ვაპირებდი თანამდებობიდან წასვლას მას შემდეგ, რაც შვებულებიდან დავბრუნდებოდი, თუმცა არ დაელოდნენ ამ ნაბიჯს და გადამაყენეს. საინტერესოა, რომ საკრებულოს წევრები ჩემს გადაყენებას არ ეთანხმებოდნენ, თუმცა მოხდა ზეწოლა და დაშინება, რომ თუ არ დაეთანხმებოდნენ უმრავლესობას, ზოგს არჩევნებიდან მოხსნით დაემუქრნენ და ზოგს სხვა პრობლემების შექმნით”, – განაცხადა სალომე ღონღაძემ.

სალომე ღონღაძე საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზე 2017 წლიდან მუშაობდა.

 

მოისმინეთ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის კახა ჯამბურიას და სალომე ღონღაძის ხმები

 

მსგავსი პოსტები

Back to top button