მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ზელენსკის თქმით, მარიუპოლის 95% განადგურებულია

ომის 57-ე დღეს მარიუპოლი ფეხზე დგას – საპორტო ქალაქი, რომელიც თითქმის 2 თვეა ოკუპანტების ალყაშია და თავს იცავს, ქვეყნის პირველი პირების საუბრის მთავარი თემაა.

გამოსავლის პოვნას ცდილობს უკრაინის ცენტრალური ხელისუფლება, ზელენსკის ოფისს აქვს იდეა, მიწასთან გასწორებული ქალაქი მოლაპარაკებების ადგილად იქცეს.

მოსახლეობის ევაკუაციას დღესაც შეეცდებიან – შეთანხმებული 90 ავტობუსიდან, მარიუპოლი ბოლო 24 საათში მხოლოდ ოთხმა დატოვა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი განმარტავს, რომ მარიუპოლში განვითარებული მოვლენები არა ომი, არამედ მოსახლეობის წინააღმდეგ მიზანმიმართული ტერორისტული ოპერაციაა. ზელენსკის თქმით, ქალაქის 95% განადგურებულია, მარიუპოლიდან ბევრი ადამიანი გაუჩინარდა, მათ შორის კი 5 000 ბავშვია.

​”დღეს უკრაინის არმიას არ შეუძლია მარიუპოლის განბლოკვა. რუსეთის ფედერაციის სამხედრო ტექნიკა 120 კილომეტრის რადიუსში ჩვენს ჯარებს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევს. ყველაფერს ვაკეთებთ “აზოვსტალის” ქარხანაში გამოკეტილი უკრაინელი სამხედროების დასახმარებლად. ჩვენ არ ვიცით კიდევ რამდენი ხანი შეძლებენ ისინი იქ ყოფნას. მშვიდობიანი მოსახლეობა, ბავშვები და მოხუცები ალყაში არიან მოქცეული.

ეს ვითარება არ ჰგავს ომს, არამედ რუსების მხრიდან მიზანმიმართულ ტერორისტულ ოპერაციას მარიუპოლისა და მისი მოსახლეობის წინააღმდეგ. ქალაქის 95% განადგურებულია. ბევრი ადამიანი ქალაქიდან გაუჩინარდა, მათ შორის 5 000-მდე ბავშვი, რომლებიც რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე იძულებით გადაიყვანეს.

არ ფუნქციონირებს ჰუმანიტარული დერეფნები, რუსეთის ფედერაცია ხალხს ევაკუაციის საშუალებას არ აძლევს. ქალაქში უდიდესი ჰუმანიტარული კატასტროფაა. ჰუმანიტარული დახმარება მოსახლეობამდე ვერ აღწევს,” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშენკო აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადების შემდეგ, „აზოვსტალში“ მყოფი უკრაინელი მებრძოლებისა და მოქალაქეებისთვის არაფერი იცვლება.

„აზოვსტალის“ შტურმი. უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ პუტინის სიტყვები (თუ მათ დავუჯერებთ) ამბობს არა შტურმის გაუქმებაზე, არამედ სრულ ალყაზე. არსებითად, „აზოვსტალში“ მყოფი ჩვენი მცველებისა და სამოქალაქო პირებისთვის არაფერი შეიცვლება. აქ არის მხოლოდ პუტინის სურვილი, დანგრეული ქალაქის ფონზე როგორმე გამოაცხადოს გამარჯვება, რომელიც არ არსებობს. არანაირი სიახლე რუსებისთვის – თუ რამე არ არის, უნდა მოიგონონ“, – წერს „ტელეგრამ“ არხზე მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშენკო.

რუსეთის სახელმწიფო მედიის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მარიუპოლის „გათავისუფლების“ შესახებ აცნობა, პუტინმა კი „აზოვსტალის“ სამრეწველო ზონის შტურმის გაუქმების ბრძანება გასცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button