მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პესკოვმა ფრენების განახლებას და ვიზის გაუქმებას ჰუმანიტარული უწოდა

საქართველოში ფრენების განახლება და სავიზო რეჟიმის გაუქმება ჰუმანიტარული სახის გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ისაუბრა.
რუსეთის ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში იღებდა მიმართვებს ორივე ქვეყნის მოქალაქეებისა და მეწარმეებისგან, ასევე საზოგადოებრივი ასოციაციებისგან, სამეცნიერო წრეებისა და კულტურის სფეროში მოღვაწეებისგან, რომლებიც ითხოვდნენ ამ გადაწყვეტილების მიღებას.

„ეს არის ჰუმანიტარული გადაწყვეტილება. რუსეთის ხელისუფლება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იღებდა მიმართვას ორივე ქვეყნის მოქალაქეებისგან, ორივე ქვეყნის მეწარმეებისგან, საზოგადოებრივი ასოციაციების, სამეცნიერო წრეებისგან, კულტურის მოღვაწეებისგან, რომლებიც ითხოვდნენ ამ გადაწყვეტილებების მიღებას და სწორედ ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე გაკეთდა ეს“ , – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ აფასებს ქართველი პოლიტიკოსების, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელიც მკვეთრად გამოეხმაურა სავიზო რეჟიმის გაუქმებას, კრემლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ
„გუშინ თბილისში განსხვავებული რეაქციები იყო. ნეგატიურიც იყო და თავშეკავებულიც, თუმცა ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საუბარია ჰუმანიტარული ხასიათის გადაწყვეტილებაზე“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა მედიასთან საუბრისას.

კითხვაზე, არის თუ არა კრემლის აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის წინაპირობა, დიმიტრი პესკოვი პასუხობს, რომ სამომავლო პერსპექტივებზე საუბარი ჯერ ადრეა.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ მიღებული განკარგულება საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.

საქართველოსთან რუსეთს სავიზო რეჟიმი ცალმხრივად ჰქონდა დაწესებული. რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმი 2012 წელს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით გაუქმდა. მანამდე კი, 2010 წლის ოქტომბერში სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებლებს შეეხოთ.

მსგავსი პოსტები

Back to top button