მნიშვნელოვანისიახლეები

სააკაშვილის სასამართლო პროცესი 22 დეკემბრამდე გადაიდო

მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში მომდევნო სხდომა 22 დეკემბერს 11:00 საათზე ჩაინიშნა.

ამის შესახებ მოსამართლე გიორგი არევაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

დღევანდელ სხდომაზე სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საქმეზე სასამართლო პროცესის გადადება 1 თვით ითხოვა.

სასამართლოში სამსახურის წარმომადგენელმა, ნიკა აბრამიშვილმა თქვა, რომ დამატებითი სამედიცინო დოკუმენტაცია მიიღეს, რომლის გასაცნობადაც “გონივრული ვადა” სჭირდებათ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ სამედიცინო დოკუმენტების დიდი ნაწილი, რომელიც პენიტენციურმა მიიღო, მათ მიერვე არის მოწოდებული და შემდგომში უკან დაბრუნებული. ამიტომაც ის არაგონივრულად მიიჩნევს, დოკუმენტების გაცნობის ერთთვიან ვადას. ამავე დროს, მან მოითხოვა და დააყენა საკნიდან და პალატიდან ვიდეოკადრების გამოთხოვის შუამდგომლობა.
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატისვე თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მნიშვნელოვან საჯარო ინფორმაციას ვერ იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან, იუსტიციის სამინისტროდან, პენიტენციური სამსახურიდან, ჯანდაცვის სამინისტროდან და კლინიკა “ვივამედიდან”.

გამოთხოვილი ინფორმაციის შესახებ ხაჭაპურიძემ დღევანდელ, 14 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე ისაუბრა, რომელზეც სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან გადავადების საკითხის განხილვა გაგრძელდა.
“ვაყენებ სასამართლოს წინაშე შუამდგომლობას, რომ დაგვეხმაროს… მათთვის შეიძლება დიდი არაფრის მომცემი არ იყოს, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საიდანაც ზოგი შეიძლება გამოგვეყენებინა, ზოგი – არა”, – თქვა შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლო სხდომაზე და წაიკითხა უწყებებიდან გამოთხოვილი და პასუხგაუცემელი კითხვები.

საქართველოს მთავრობიდან გამოთხოვილი ინფორმაცია:

“2022 წლის 14-18 მარტს გაეროს წამებისა და დანაშაულის ოფისის ეგიდით ჩატარებულ ნარკონივთიერებათა კომისიის 65-ე სესიაში რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმ მედიკამენტთან დაკავშირებით, რომელიც ეძლეოდა სააკაშვილს 2022 წლის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით?”
“2021 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 სექტემბრამდე პატიმართა გარდაცვალების დიაგნოზები.”
იუსტიციის სამინისტროდან და პენიტენციური სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაცია:

“სააკაშვილის #18-ე დაწესებულებაში მოთავსების დროს ე.წ. შუმოკის ფაქტზე რა რეაგირება მოჰყვა, დაისაჯა თუ არ ვინმე თანამშრომელი ან პატიმარი – აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.”
“პატიმარ სააკაშვილთან ექიმების ვიზიტების შეფერხების ამსახველი დოკუმენტაცია.”
“რატომ და რა მიზეზით ეუბნებოდნენ უარს ევროკავშირის სახელმწიფოების წარმომადგენლებს, მათ შორის უკრაინიდან ჩამოსულ დეპუტატებს და მათ შორის ადვოკატს სააკაშვილთან ვიზიტზე?”
“ვიდეომასალა, რომელიც შეეხებოდა სააკაშვილის #18-ე დაწესებულებაში გადაყვანის ფაქტს, საიდან აღმოჩნდა იუსტიციის მინისტრის ხელში, ვინ მოიპოვა, არსებობდა თუ არა მოსამართლის განჩინება?”
“პატიმარ სააკაშვილს გულყრის რამდენი ეპიზოდი ჰქონდა?”
“რა დაავადებები სჭირს სააკაშვილს, რომელი გაიდლაინებით მკურნალობენ მას და მრავალთვიანი მკურნალობის შემდეგ, რომელი სასიცოცხლო პარამეტრი გაუუმჯობესდა, ექვემდებარება თუ არა მისი დაავადებები განკურნებას?”
“სააკაშვილის ძირითადი დაავადებების, თანმხლები დაავადებების და გართულებების ჩამონათვალი.”
“რატომ ვერ აღწევენ პატიმრები ცოცხლად იმ მძიმე დაავადებებით, რომელთა დადგენისას შესაძლებელი იქნებოდა მათი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება – პატიმრები კვდებიან მძიმე დაავადებებით განსხვავებული დიაგნოზებით.”
“ბოლო რვა წელში გარდაცვლილი პატიმრების შესახებ – დაწესებულება, გარდაცვალების წელი და მიზეზები, რაოდენობა და საერთო სტატისტიკა. მათ შორის – კლინიკა “ვივამედსა” და გორის სამხედრო ჰოსპიტალში.”
“ბოლო 8 წელში სისხლის სამართლის რამდენი საქმე აღიძრა პატიმართა გარდაცვალების გამო და რამდენი თანამშრომელია პასუხისგებაში მიცემული, რა შედეგით დასრულდა ეს საქმეები?”
“ვისი წერილობითი თუ ზეპირი ბრძანებებით ხორციელდებოდა პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სხვადასხვა პენიტენციურ თუ სამედიცინო დაწესებულებებში? ჩვენ გვაქვს ორი დოკუმენტი, ჯერ გადაყვანილია და მერე არის ბრძანება დაწერილი.”
“კლინიკა “ვივამედში” პატიმარ სააკაშვილის საკანში გისოსები რატომ და რა რეგულირების საფუძველზე არის შიგნიდან დამონტაჟებული?”
“რა თანხა არის დახარჯული სააკაშვილის მკურნალობაზე?”
ჯანდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაცია:

“6 წამალი, რომელსაც სააკაშვილი იღებს დაპატიმრების შემდეგ, საქართველოს ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რომელი გაიდლაინებით მიეწოდება მას?”
“რა სამუშაო გაწია და ფუნქციონირებს თუ არა ჯანდაცვის სამინისტროში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შექმნილი კონსილიუმი?”
“რომელ სამედიცინო დაწესებულებას გააჩნია კალიფორნიის შტატის პენიტენციური სამსახურის რეფიდინგის გაიდლაინის პრაქტიკული გამოცდილება და ტექნიკურ-პროფესიული უნარ-ჩვევები? საქართველომ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის 2021 წლის 24 ნოემბერს მისცა წერილობითი გარანტია აღნიშნული გაიდლაინების მის მიმართ გამოყენებაზე.”
კლინიკა “ვივამედიდან” გამოთხოვილი ინფორმაცია:

“იმ სამედიცინო დანადგარების დოკუმენტაცია, რომელსაც სააკაშვილთან მკურნალობის დროს იყენებენ.”
“შემოსავლების 30 პროცენტი ნაწილდება თუ არა მედპერსონალზე? არსებული კანონმდებლობით, თუ ეს არ ხდება, კლინიკას უჩერდება ლიცენზია.”
“ლაბორატორიისა და სამედიცინო აპარატურის დოკუმენტაცია.”სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე. პირველი სასამართლო სხდომა წინა კვირაში გაიმართა.

შუამდგომლობის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს. “სასამართლოს მეგობრის” სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც – მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტი წონის კლებას ამ ტემპით გააგრძელებს, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

ამასთან თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე პროცესი მიმდინარეობდა. არსებობდა მოლოდინი, რომ სააკაშვილი პროცესს დისტანციურად დაესწრებოდა. თუმცა სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ჩართვა არ იქნებოდა.

პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მოკლებულია შესაძლებლობას, რომ ექსპრეზიდენტი პროცესზე ჩართოს.

რაც შეეხება, ვივამედს, მოსამართლემ სხდომამდე მათი პოზიციაც წაიკითხა – კლინიკაში აცხადებენ, რომ ექიმი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას.

როგორც მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ პროცესის დაწყებამდე განაცხადა, კლინიკაში ამისთვის ყველაფერი მზად იყო და მხოლოდ პენიტენციურის პასუხს ელოდებოდნენ. ამის შესახებ ისაუბრა ვივამედის კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემაც და აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, სააკაშვილი პროცესზე დისტანციურად დასასწრებად მზად იყო.

გუშინ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით “გარკვეულ სიმულაციებს აქვს ადგილი” და ამტკიცებდა, რომ ამის ვიდეო მტკიცებულებებიც არსებობს. როგორც ბრეგაძე ამბობდა, იმ შემთხვევაში, თუ “არ შეწყდება სიმულაციური ქმედებები”, იძულებული გახდებიან გაასაჯაროონ გარკვეული ვიდეო მტკიცებულებები.

ცნობისთვის სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები მის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ – 12 დეკემბერს სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე კი, ევროპარლამენტარებმა მირიამ ლექსმანმა და ანა ფოტიგამ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქართულ ოცნებას, გათავისუფლდეს სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს.

რაც შეეხება ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნას, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მე-4 ხარისხის კახექსიით არის შეფასებული და ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.

გუშინ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა – ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე. რასა იუკნევიჩიენემ მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას, გააკეთონ ყველაფერი, რათა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საკითხი მათ სინდისზე არ იყოს. ამის შესახებ ისაუბრა ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტმა მკურნალობა საზღვარგარეთ უნდა გაიაროს.

მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფება კლინიკა “ვივამედში.” ხელისუფლება ამბობს, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ პაციენტი მკურნალობას რთულად ემორჩილება.

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ ვითარებას.

დეგნანის თქმით, „გადაუდებელი ვითარებაა, რადგან არსებობს დიდი შეშფოთება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებით“.

მისივე განმარტებით, საბოლოო ჯამში, მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს სააკაშვილის სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილება.

„აშშ ძალიან ყურადღებით ადევნებს თვალს ბატონი სააკაშვილის სიტუაციას. პროცესის გადადება დღეს მოულოდნელი იყო, რადგან აშშ-ში, როდესაც მოსამართლე მოითხოვს გარკვეული ქმედებების მიღებას, ყველა მაქსიმუმს აკეთებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს განკარგულება შესრულდეს. გადაუდებელი ვითარებაა, რადგან არსებობს ასეთი დიდი შეშფოთება როგორც ადგილობრივად, ისე საერთაშორისოდ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებით. როგორც აღვნიშნეთ, საბოლოო ჯამში, მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს, რომ სააკაშვილი იღებდეს იმ მენტალურ, ფიზიკურ და სამედიცინო ზრუნვას, რაც სჭირდება. შემდგომი გადადება მხოლოდ ზრდის კითხვებსა და შეშფოთებებს მის კეთილდღეობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button