მნიშვნელოვანისიახლეები

„არ იყო საჭიროება რომ გაერისკათ პილოტებს-მინისტრი შოვის ტრაგედიას ეხმიანება

არ იყო საჭიროება, რომ გაერისკათ პილოტებს, რადგან შეიძლება ვერტმფრენი ჩამოვარდნილიყო, – აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური რაჭაში დამანგრეველი ღვარცოფის პირველ ღამეს სამაშველო ოპერაციის შეჩერების საკითხზე.

„ჩვენ ღამის ფრენის საშუალებები გვაქვს, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია ვიფრინოთ, თუმცა არის ძალიან დიდი რისკი, ასე ვთქვათ, თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაც, პილოტებმა რომ გარისკოს, არ არის მიზანშეწონილი და არ არის დაშვებული. არ შეიძლება, უბრალოდ“, – განაცხადა გომელაურმა, რომელიც პირველად ჩავიდა შოვში, სტიქიიდან 10 დღის შემდეგ. როგორც მინისტრმა თქვა, ის მხოლოდ გუშინ დაბრუნდა საქართველოში თურქეთიდან, სადაც „ძალიან მძიმედ“ ავადმყოფ მამას ახლდა თან.

გომელაურის თქმითვე, რელიეფი, ხეობა და მთები დამატებითი სარისკო ფაქტორებია.

შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ვერტმფრენი სტიქიის ზონაში დროულად ჩავიდა. (მაშველები ადგილზე სამ საათში ჩაფრინდნენ, რის გამოც სტიქიაზე სამაშველო სამსახურის რეაგირებას კრიტიკა მოჰყვა.)

„ვერტმფრენი არ არის არც ველოსიპედი და არც მანქანა, რომ დაჯდე და უცებ გავარდე, ამას მომზადება სჭირდება, – უთხრა მინისტრმა ჟურნალისტებს და დაამატა, – მეორე, ამინდი იყო ძალიან ცუდი, თითქმის ორი საათი ღრუბლებს უვლიდნენ, რომ შემოფრენილიყო ხეობაში. მაინც ჩამოვიდა ვერტმფრენი, იმუშავეს. შუაში, სადაც კუნძულზე 70 ადამიანი იყო, გამოიყვანეს უსაფრთხო ადგილას, მეორე მხარეს, სადაც ფერდობზე იქ ჩვენი პოლიციელებიც ადგილზე იყვნენ, საკვებიც, უსაფრთხო ადგილი იყო, დაღამდა. იქიდან გამომდინარე, რომ საფრთხე იყო და აღარ გავრისკეთ, მეორე დღეს გამოვიყვანეთ დანარჩენი ეს ადამიანები“.

მინისტრმა განმარტა, რომ ახალი სამი ვერტმფრენი სახელმწიფოს უკვე შეძენილი აქვს და პირველს საქართველო 2024 წლის მარტში მიიღებს, დანარჩენ ორსაც – მომავალი წლის ბოლომდე.

„ვერტმფრენი მანქანა ხომ არ არის, გახვიდე ბაზრობაზე და იყიდო?! რიგებია და სადღაც ერთი წელი ვმუშაობდით თითქმის, თვეებია ვმუშაობთ. დაიძრა უკვე. უკვე ნაყიდი გვაქვს. სწავლება უნდათ პილოტებს და ა.შ.“, – თქვა გომელაურმა და დაამატა, რომ არსებული ვერტმფრენები ტექნიკურად „აბსოლუტურად გამართულია“ და იგივე შეუძლიათ, რაც ახლებს.

წინასწარი მონიტორინგის სისტემებთან დაკავშირებით მინისტრმა განაცხადა, რომ რაც არ უნდა „მოწყობილობები დავაყენოთ“, ბუნებრივი კატასტროფები არის „წამების თემა“, რადგან „კავკასიონის ქედზე მცხოვრები ერი“ ვართ.

„ათასობით ოჯახებია, რომლებიც უნდა გავასახლოთ მაშინ, პირდაპირ გეუბნებით, დაწყებული ლაგოდეხიდან, ყვარლიდან – დამთავრებული აქამდე და კიდევ იქით, ყაზბეგამდე. სულ ყველგან შეიძლება პრობლემა მოხდეს, წყალი ადიდდეს, მაგას ვერ გავექცევით, სამწუხაროდ. მსოფლიოშია მასე. რაც მოხდა ჰავაიზე, 100 ადამიანი დაიწვა და 100-ზე მეტი დაკარგულია. ხდება ხო, ამერიკაა ხო? ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყანა, ვერტმფრენებიც ჰყავთ ჩვენზე მაგარი, ავიაციაც, მაგრამ მოხდა. ხდება, ნუ, ბუნებაა, რა ვქნათ, სამწუხაროა, დიდი უბედურებაა“, – თქვა მან.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ვერტმფრენთან დაკავშირებით მისივე გაკეთებული განცხადება განმარტა და თქვა, რომ შოვში, სტიქიის ზონაში ვერტმფრენმა ტერიტორია დაღამებამდე, დღის შუქზე სრულად დაათვალიერა.

გომელაურმა კვლავ გაიმეორა, რომ ღამით ტერიტორიაზე სითბური დრონები მუშაობდნენ, რომლებიც უკეთესად ხედავდნენ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას, ვიდრე შესაძლოა ეს ვერტმფრენს ექნა. გომელაური კვლავ ამტკიცებს, რომ სტიქიის ეპიცენტრში “არანაირი დაზიანებული ადამიანი არ არსებობდა, რომ ის ამოსაყვანი ყოფილიყო”.

“რაც შეეხება ჩემს გუშინდელ განცხადებას, აჟიოტაჟი რომ ატყდა გუშინ ვერტმფრენებზე, მე მგონი გასაგებად ავხსენი გუშინ. ვერტმფრენები, რაც ჩვენ გვაქვს, მას აქვს ღამის ხედვის საშუალებები, შეუძლია თბილისის აეროპორტიდან აფრინდეს და ჩაფრინდეს ქუთაისში, ჩამოფრინდეს სხვადასხვა აეროპორტში, სადაც სიგნალი მისდის ვერტმფრენს. შეუძლია, ღამის ხედვის საშუალებით იფრინოს ვაკე ადგილზე, სადაც არის მთები მაგალითად, რაც მოხდა აქ. ვერტმფრენი ჩამოვიდა 6 საათისთვის, მე მინდა ხალხმა გაიგოს და არა იმათმა, ვინც გუშინ უაზრო განცხადებები გააკეთა.

ვერტმფრენი ჩამოვიდა დღე, მოხდა შემოფრენა, ხალხის გამოყვანა, რომლებიც კუნძულზე, შუაში მოხვდნენ, სადაც იყო დაახლოებით 70 კაცამდე, ეს ხალხი გამოიყვანეს, ამასთან ერთად მუშაობდა დაახლოებით 4-5 დრონი, თავისი სითბურებით, რომლებიც ვერტმფრენით შემოფრენას, ბევრად უკეთ ხედავს დრონები, სითბური გამოსახულება ძალიან მნიშვნელოვანია, მუშაობდა 5-6 დრონი დაახლოებით, დაბალ სიმაღლეზე, მაღალ სიმაღლეზე. კითხვას ვსვამ ვერტმფრენიდან უფრო კარგად დაინახავდა პირობითად, თუნდაც ღამე, თუ ღამის ხედვის და სითბური დრონებით?!

დღევე, დღის შუქზე დათვალიერდა ეს ტერიტორია მთლიანად, არანაირი დაზიანებული ადამიანი არ არსებობდა, რომ ის ამოსაყვანი ყოფილიყო და ჩვენ დავტოვეთ. ვერტმფრენსაც რომ არ შესძლებოდა, მაშველებმა რაც გააკეთეს, მადლობა კიდევ ერთხელ ამ ადამიანებს, ბიჭები შევიდოდნენ და არ არსებობს, ამოიყვანდნენ აუცილებლად, ვინმე რომ ყოფილიყო დაშავებული, ან დაჭრილი ან ჩაფლული, საიდანაც შეიძლება ამოგვეყვანა.

თუ, ადამიანი იყო დაშავებული, ან დაზიანებით და იყო შუაში ეპიცენტრში და ვერ გამოგვყავდა, იქ შეიძლება კიდე გაერისკათ პილოტებს, მიფრენილიყო და ამ ადამიანის ამოყვანა განხორციელებულიყო. არ ჩანდა, რაც ჩამოვიდა მიწა, ზევიდან არავინ არ ჩანდა, ვინმე ან შველას ითხოვდა, ან რაღაც იყო, დღე იყო ჯერ”, – განაცხადა გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრი ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის ზონაში რჩება. ვახტანგ გომელაური საველე ოპერაციების შტაბში გვიან ღამემდე იმყოფებოდა.

ვახტანგ გომელაური სტიქიის ზონაში გუშინ ჩავიდა. მინისტრი სტიქიის ეპიცენტრში მომუშავე მეხანძრე-მაშველებსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს გაესაუბრა და ძებნა-შველის ღონისძიებებს დაესწრო.

გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრი შეხვდა მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული და დაკარგული პირების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
მინისტრმა მედიასთან კომენტარიც გააკეთა და შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების პირველადი შეფასებით, 2023 წლის 3 აგვისტოს მყინვარზე კლდეზვავური მასა ჩამოიშალა, რის შემდეგაც, შესაძლოა, მყინვარის ქვეშ დაგუბებულმა წყლებმა გამოხეთქა. ნაკადი დიდი სიჩქარით დაიძრა, მდინარე ბუბისწყლის კალაპოტის ორივე მხარეს გამორეცხა ფერდობების ძირი და შეიერთა დამატებითი მეწყრული სხეულები.

საბოლოოდ, ეს მასა მძლავრ ტალახ-ქვიან ღვარცოფულ ნაკადად იქცა. ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან, ასე 8-10 წუთში, დაახლოებით 15:15 საათზე, მან დაარტყა შოვს. სტიქიამ 26 ჰექტარი ტერიტორია დაფარა.

ოფიციალური ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია 25 გარდაცვლილი. მაშველები კიდევ 9 ადამიანს ეძებენ. მაშველებმა უკვე შეამოწმეს ტერიტორიის 60%. სამძებრო არეალი გაფართოვდა და მაშველებისგან შემდგარი 18 ჯგუფი შოვიდან 54 კილომეტრის მანძილზეა გადანაწილებული.
ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, სადაც დამსვენებლები იყვნენ. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე.

მსგავსი პოსტები

Back to top button