ჰამასის წინააღმდეგ ისრაელის ბრძოლა “სრული ძალებით” გაგრძელდება

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ უარყოფს ცეცხლის შეწყვეტაზე მსოფლიო ლიდერების მოწოდებას და აღნიშნავს, რომ ჰამასის წინააღმდეგ ისრაელის ბრძოლა “სრული ძალებით” გაგრძელდება. ის კვლავ იმეორებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება მანამ, სანამ ტერორისტული დაჯგუფება ყველა მძევალს არ გაათავისუფლებს. “ჰამასს” ევროკავშირი და აშშ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.
ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათავისუფლდება ღაზაში ექსტრემისტების მიერ მძევლად აყვანილი 239-ვე პირი, თქვა ნეთანიაჰუმ სატელევიზიო გამოსვლაში.
“ჰამასის წინააღმდეგ ომი წინ მიიწევს სრული ძალით და მას აქვს ერთადერთი მიზანი – გამარჯვება, გამარჯვების ალტერნატივა არ არსებობს […] არ იქნება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ყველა გატაცებულის დაბრუნებამდე”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ამ დროის მონაცემებით, ტერორისტულ დაჯგუფება ჰამასს ღაზაში 239 მძევალი ჰყავს აყვანილი. საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის არაერთი მსოფლიო ლიდერი ისრაელს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, პალესტინის ხელისუფლებამ, რომელიც ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროს ნაწილობრივ მართავს, ომის შემდეგ ღაზა მართოს, ნეთანიაჰუმ უპასუხა, რომ ღაზაში იქნება უსაფრთხოების სრული კონტროლი და ისრაელის თავდაცვის ძალები შეძლებენ მის ტერიტორიაზე შევიდნენ მაშინ, როდესაც მოესურვებათ იმ მიზნით, რომ დახოცონ ტერორისტები, თუკი ისინი ხელახლა გამოჩნდებიან.
“მე შემიძლია გითხრათ, რაც არ იქნება – არ იქნება „ჰამასი“. უფრო მეტიც, იქ არ იქნება სამოქალაქო ხელისუფლება, რომელიც ასწავლის თავის შვილებს ისრაელის სიძულვილს, ისრაელელების დახოცვას, ისრაელის სახელმწიფოს განადგურებას. სხვა რამ იქნება საჭირო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი უსაფრთხოების კონტროლით”, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, ომის შემდეგ ღაზა დემილიტარიზებული იქნება და ისრაელი იქ შეინარჩუნებს კონტროლს უსაფრთხოებაზე. ეს პოზიცია, როგორც ჩანს, წინააღმდეგობაში მოდის ისრაელის ყველაზე ახლო მოკავშირის, აშშ-ის მხრიდან გამოთქმულ ომისშემდგომ სცენარებთან – აშშ-ს ნათქვამი აქვს, რომ ეწინააღმდეგება ისრაელის მიერ ღაზის ხელახალ ოკუპაციას.
გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ისრაელს მოუწოდა, ღაზაში მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვა შეწყვიტოს – მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით სარგებელს ისრაელი მიიღებს.
მოგვიანებით, ამ განცხადებას უპასუხა ნეთანიაჰუმ და აღნიშნა, რომ მსოფლიო ლიდერებმა ჰამასი უნდა დაგმონ და არა ისრაელი.