მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

COVID-19 – მსოფლიო სტატისტიკა

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა.

Reuters-ის ცნობით, მაისის თვეში ვირუსით დღეში საშუალოდ, 1 400 ადამიანი იღუპებოდა, რაც აპრილის თვესთან შედარებით, ნაკლები მაჩვენებელია, როდესაც ფატალური შემთხვევების საშუალო დღიური რაოდენობა 2 000 იყო.

რაც შეეხება დადასტურებულ შემთხვევებს, აშშ-ში ეპიდემიის გავრცელების დღიდან კორონავირუსით 1,7 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.

სტატისტიკის თანახმად, აშშ-ში ბოლო სამი თვის განმავლობაში კოვიდ 19-ით იმაზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე 1981-1989 წლებში შიდსის ეპიდემიით და ახალი კორონავირუსი გაცილებით მომაკვდინებელია, ვიდრე ბოლო ათწლეულების განმავლობაში გავრცელებული სეზონური გრიპი. „როიტერსის“ ცნობით, აშშ-ში სეზონურმა გრიპმა ყველაზე მეტი ადამიანი 1957-1958 წლებში იმსხვერპლა, როდესაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 116 000-ს მიაღწია.

რაც შეეხება ერთ სულ მოსახლეზე კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის სტატისტიკას, ამ მხრივ აშშ, რომელსაც ყოველ 10 000 ადამიანზე 3 დაღუპული ჰყავს, მსოფლიოში მერვე ადგილს იკავებს. პირველ ადგილზეა ბელგია, სადაც ყოველ 10 000-ს ადამიანზე 8 დაღუპული მოდის, მესამეზეა ესპანეთი, მეოთხე და მეხუთე ადგილებს კი, დიდი ბრიტანეთი და იტალია ინაწილებენ.

ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 1 086 ადამიანი გარდაიცვალა, დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი, 25 598-მდე გაიზარდა. – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ 19“-ი კიდევ 20 599 ადამიანს დაუდასტურდა და დაინფიცირებულთა რიცხვმა 411 821-ს მიაღწია.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 5,793 მილიონი ადამიანია დაინფიცირებული, დაღუპულთა რაოდენობა კი, 357 000-ს აჭარბებს. დაინფიცირებულთა რაოდენობის მიხდევით, კვლავ აშშ ლიდერობს, მეორე ადგილი კი, ბრაზილიას უჭირავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button