მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის ხელისუფლება აპირებს ბალტიის ზღვაში თავისი ტერიტორიული წყლები გააფართოოს ლიეტუვის და ფინეთის საზღვრებთან

რუსეთის ხელისუფლება აპირებს ბალტიის ზღვაში თავისი ტერიტორიული წყლები გააფართოოს ლიეტუვის და ფინეთის საზღვრებთან. ამის შესახებ გამოცემა The Moscow Times-ი წერს რუსეთის სამართლებრივი აქტების პორტალზე გამოქვეყნებულ დოკუმენტზე დაყრდნობით.

რუსეთის მთავრობის დადგენილების პროექტით, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა, რუსეთი აპირებს შიდა ტერიტორიულ წყლებად გამოაცხადოს აკვატორიის ნაწილი ფინეთის ყურის აღმოსავლეთით და კალინინგრადის ოლქის ქალაქების, ბალტიისკის და ზელენოგრადსკის მახლობლად. ამისთვის უნდა შეიცვალოს გეოგრაფიული კოორდინატები იმ წერტილების, საიდანაც იზომება რუსეთის ტერიტორიული წყლების სიგანე.

რუსეთი აპირებს ფინეთის საზღვართან კორექტირება გაუკეთოს კოორდინატებს ექვს კუნძულთან და მდინარე ნარვის ჩრდილოეთ კონცხის მახლობლად, ხოლო ლიეტუვასთან საზღვარზე კურშის ზონასა და ტარანის კონცხის რაიონებში.

სამთავრობო პროექტის თანახმად, საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს დადგენილებით 1985 წელს განსაზღვრული გეოგრაფიული კოორდინატები სრულად არ შეესაბამება „თანამედროვე გეოგრაფიულ მდგომარეობას“, ეს წერტილები მეოცე საუკუნის შუა პერიოდში შემუშავებული მცირე მასშტაბის საზღვაო რუკების მიხედვით იყო დაფიქსირებული, რაც არ იძლევა „რუსეთის შიდა საზღვაო წყლების გარე საზღვრების დადგენის შესაძლებლობას”. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტით, საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს დადგენილება ნაწილობრივ ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს.
„ზღვაზე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარი შეიცვლება“, – ნათქვამია გამოქვეყნებულ პროექტში.
დადგენილება დამტკიცების შემთხვევაში ძალაში 2025 წლის იანვრიდან შევა.
რუსეთის განზრახვას ლიეტუვის და ფინეთის მთავრობები ოფიციალურად ჯერჯერობით არ გამოხმაურებიან. გამოცემა The Moscow Times-ი ხაზს უსვამს, რომ რუსეთმა ბალტიის ზღვაში საზღვრების გადახედვის მიზნით მომზადებული პროექტის გამოქვეყნება დაამთხვია 21 მაისს, ტაქტიკური ბირთვული ძალების სწავლების დაწყებას.

მსგავსი პოსტები

Back to top button