მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“ყველამ მიხედოს თავის სახელმწიფოს” -მაჭარაშვილმა ლიეტუვის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები გააკრიტიკა

“ყველამ მიხედოს თავის სახელმწიფოს” – ასე გამოეხმაურა “ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი ლიეტუვის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებებს, რითაც მათ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა მოიწონეს.
გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ ეს საქართველოს საქმეებში უხეში ჩარევა და 3000-წლიანი სახელმწიფოებრიობის მქონე ქვეყნის შეურაცხყოფაა.
“რაც შეეხება ლიეტუვის და სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს – მე მგონია, რომ პირველ რიგში, ისინი შეურაცხყოფას აყენებენ თავიანთ თავს და ქვეყანას, როდესაც გამოდიან, სხვა ქვეყანაში პირდაპირ, უხეშად ერევიან და შეურაცხყოფას აყენებენ, მინიმუმ, 3000-წლიანი სახელმწიფოებრიობის მქონე ქვეყანას და ქართველ ხალხს. ყველამ მიხედოს თავის სახელმწიფოს.
მიზანი არის ერთადერთი – რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლებაში იმ ძალების მოყვანა, რომელიც დათანხმდება უცხოურ ძალებს აქ მეორე ფრონტის გახსნაზე,”- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით გავრცელებული დასკვნისთვის, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ვენეციის კომისიას მადლობას უხდის.
“როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე, მადლობას ვუხდი ვენეციის კომისიას “უცხოური გავლენის” კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის და, იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოს ლიდერები ამას გააკეთებენ,”-წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელ X-ში.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით კი ვენეციის კომისიის მკაცრი რეკომენდაცია “უცხოური გავლენის კანონის” გაწვევის შესახებ, საქართველოს ხელისუფლებისთვის აშკარა ნიშანი უნდა იყოს, რომ ის არ მიიღოს.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა ვენეციის კომისიის „მკაცრ რეკომენდაციას” ეხმაურება, რომლის თანახმად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი გაწვეულ იქნას მისი ამჟამინდელი ფორმით.
„ვენეციის კომისიის მკაცრი რეკომენდაცია „უცხოური გავლენის კანონის“ გაწვევის შესახებ საქართველოს ხელისუფლებისთვის აშკარა ნიშანი უნდა იყოს, რომ იგი არ მიიღოს და საქართველო ევროპულ ნორმებსა და პრინციპებს დაუბრუნდეს“, – წერს მარგუს ცაჰკნა.

ლიეტუვის პარლამენტმა, საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის ტექსტს ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი ავრცელებს.
რეზოლუციაში, კანონმდებლები საქართველოს მთავრობას კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ევროკავშირის ინსტიტუტებს სთხოვენ საპასუხო ზომების შესაძლებლობა განიხილონ.
“მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს გაიწვიოს მიღებული კანონი, ხელი შეუწყოს ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას, ჩაერთოს მასთან დიალოგში და დაიცვას კონსტიტუციური ვალდებულება, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის შემდგომი გაგრძელება , აუცილებელი რეფორმების გაგრძელება;მოვუწოდებთ ევროკავშირის ინსტიტუტებს განიხილონ საპასუხო ზომების შესაძლებლობა, თუ საქართველოს მთავრობა დაძლევს ვეტოს, განაგრძობს ამ კანონის განხორციელებას და სამოქალაქო საზოგადოების დევნას”, – ნათქვამია სეიმის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.

შეგახსენებთ, ვენეციის კომისია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე გადაუდებელ მოსაზრებას აქვეყნებს.
ვენეციის კომისია მკაცრი რეკომენდაციით გამოდის, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაწვეულ იქნას მისი ამჟამინდელი ფორმით.
კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი საბოლოო ჯამში, გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button