მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი ადვოკატების პროტესტის გამო გადაიდო

7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეზე ბრალდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი სასამართლო სხდომა მისმა ადვოკატებმა, ბექა ბასილაიამ და შოთა თუთბერიძემ, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციების მონაწილეებისადმი სოლიდარობის მიზნით, პროტესტის ნიშნად დატოვეს.

როგორც სხდომის დატოვებამდე ბექა ბასილაიამ განაცხადა, ისინი სოლიდარობას უცხადებენ ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციების იმ მონაწილეებს, რომლებსაც, მისი თქმით, სამართალდამცველები ძალადობრივი მეთოდებით უსწორდებიან, სცემენ, სახლებთან უსაფრდებიან და არათუ დასჯილი, იდენტიფიცირებულიც ამ დრომდე არავინაა. ბასილაიას განცხადებით, ამ ფონზე პარლამენტის ჯებირის დაზიანებისთვის აქციის მონაწილეებს პატიმრობებს უფარდებენ.
“დღევანდელ სასამართლო პროცესში მე და შალვა თუთბერიძე მონაწილეობას არ მივიღებთ. სასამართლო ამას როგორ შეაფასებს, ეს სასამართლოს საქმეა. შეიძლება, სასამართლომ, ეს სასამართლოს უპატივცემულობად მიიჩნიოს, შეიძლება სხვა ინტერპრეტაცია მისცეს, მაგრამ ეს არის ჩვენი პოზიცია”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა, ბექა ბასილაიამ.

მოსამართლეებმა ნინო ელიეშვილმა, მაია ქოქიაშვილმა და ლაშა კლდიაშვილმა ადვოკატები სასამართლოს შეურაცხყოფაში და საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფების დაცვის უფლებით სარგებლობის უფლების დარღვევაში დაადანაშაულეს. მოგვიანებით, ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტისთვის მოსამართლეებმა სახაზინო ადვოკატის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღეს.

„ყველა მხარის მხრიდან თუ ვითხოვთ პატივისცემას კანონების მიმართ, ეს დაცვის მხარესაც ეხება და ისინი ვალდებული იყვნენ, მათი ინტერესების მყოფი პირებისთვის გაეწიათ სათანადო სამართლებრივი დახმარება. ეს სასამართლოს მიმართ უპატივცემულობაც არის, როდესაც ტოვებ სასამართლო სხდომას. ყველაზე მთავარი ის არის, რომ სასამართლო სხდომაზე არ ყოფილა რაიმე, რაც იქნებოდა მაპროვოცირებელი ან ბიძგის საშუალებას მისცემდა რომელიმე მხარეს, რომ პროტესტის ნიშნად შეიძლება, დატოვო სასამართლო სხდომა. მესმის, თავიანთი შეხედულებები აქვთ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ როდესაც ადვოკატები ბრძანდებიან, უპირველესი მოვალეობაა, სწორედ იმ პირის ინტერესების დაცვა, რომელსაც წარმოადგენენ სასამართლო სხდომის მსვლელობისას“, – განაცხადა მოსამართლე ნინო ელიეშვილმა.

მანამდე, ექსპრეზიდენტმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს ბანდიტები დაეუფლნენ, რომელთაც ქვეყანაში დიქტატურის დამყარება სურთ.

“არ უნდა დავუშვათ ერთიანი, მტკიცე ძალის გატეხა. ერთიანი, მტკიცე ძალა არის ის, რაც აიძულებს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები იმიტომ, რომ მათ უკვე გვითხრეს, რომ ქვეყანა უნდა დაამშვიდონ. ქვეყნის დამშვიდება, ეს არის დიქტატურის ახალი განმარტება. სიმშვიდე, ისეთი, როგორიც მათ უნდათ, არის სასაფლაოზე. მათ უნდათ საქართველოს მოკვლა და ამგვარი დამშვიდება, ეს არის ბანდიტური ტექნოლოგია. ქვეყანას დაეუფლნენ ყაჩაღები და ისინი აპირებენ, როგორც თვითონ ამბობენ, ქვეყნის დამშვიდება ე.ი ყელის გამოჭრას”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button