ანალიტიკაბიზნესრევიუეკონომიკასიახლეები

ქვეშეთი-კობის ახალი გზის მშენებლობა 1.2 მილიარდი ლარი ჯდება

ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და 9 კმიანი გვირაბის მშენებლობის ფარგლებში, კობში 9 კმ-იანი გვირაბის ბურღვისა და მშენებლობის სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ამის შესახებ “ბიზნესრევიუს” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს. უწყების განმარტებით, გვირაბის ბურღვის სამუშაოები ქვეშეთი-კობის პროექტისთვის სპეციალურად დამზადებული TBM (Tunnel Boring Machine) დანადგარით წარმოებს.

ამ ეტაპზე მთავარ გვირაბში სამუშაოები უკვე 180 მეტრის, ხოლო საევაკუაციო გვირაბის მშენებლობა 2 კმ-ის სიღმეში მიმდინარეობს. პარალელურად გრძელდება გვირაბამდე მისასვლელი გზის მშენებლობა.

სულ, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 23 კმ-იანი გზის, 5 ხიდის, 5 გვირაბის მშენებლობა და 1 ხიდის რეაბილიტაცია. მათ შორისაა 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი, ხოლო მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთი უნიკალური გვირაბი იქნება.

პროექტის მიხედვით, ახალი გზის არეალში მოხვდება სოფლები: ქვეშეთი, არახვეთი, ზაქათკარი, ბენიანი-ბეგონი, სვიანა-როსტიანი, მუღურე, წკერე და კობი.

ამჟამად არსებული გზის სიგრძე 34 კმ-ია, ახალი 23 კმ-იანი გზა კი, მანძილს 11 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დროს 1 საათით შეამცირებს. ამასთან, ტრანზიტული გადაზიდვები აღარ განხორციელდება კურორტ გუდაურის გავლით, რაც, ერთი მხრივ, განტვირთავს კურორტის საგზაო მოძრაობას და მეორე მხრივ, თავად სატრანზიტო მიმოსვლას მეტად უსაფრთხოს გახდის.

ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია. მშენებლობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, აზიის განვითარებისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკების (ADB, EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.

რთული კლიმატური პირობების გამო, ხადის ხეობაში, ადგილობრივი მოსახლეობა წელიწადში
დაახლოებით 100 დღის განმავლობაში გარე სამყაროს წყდება. დიდთოვლობისა თუ ზვავსაშიშროების
გამო, გზა ხშირად იკეტება და სადისტრიბუციო, სასწრაფო დახმარების და სატრანზიტო მანქანების
მოძრაობას შეუძლებელს ხდის. შესაბმისად, ადგილობრივი მოსახლეობას თვეების განმავლობაში არ
აქვს სამედიცინო თუ სხვა სოციალური მომსახურების მიღების საშუალება. ქვეშეთი-კობის ახალი
გზა წელიწადის ნებისმიერ დროს ყველა ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობას უსაფრთხო გახდის.
ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების მოგვარების გარდა, ახალი გზა ეკონომიკურ
სარგებელსაც მოიტანს – გაიზრდება ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი, შეიქმნება ახალი
ტურისტული მიმართულებები, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალ შესაძლებლობებს
გააჩენს.

პროექტის ფარგლებში, აშენდება გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი გზა, გუდაური განიტვირთება
არასაკურორტო მოძრაობისაგან, რაც გაზრდის როგორც უშუალოდ კურორტის, ისე რეგიონის
ტურისტულ პოტენციალს.

მსგავსი პოსტები

Back to top button