მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ღაზის სექტორში მოქმედმა დაჯგუფებებმა ისრაელი დაბომბეს

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

ღაზის სექტორში მოქმედმა დაჯგუფებებმა ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო შეტევა წამოიწყეს. თავდასხმა ადგილობრივი დროით 7 საათზე დაიწყო.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო. ისინი აცხადებენ, რომ 20 წუთში 5000 რაკეტა გაუშვეს.

BBC იუწყება, რომ ისრაელის მიმართულებით ნასროლია ასობით რაკეტა. ჰამასის ლიდერის მიერ გაკეთებული განცხადებით კი, საჰაერო თავდასხმისას გამოყენებულია 5000 რაკეტა. საჰაერო განგაში ჩაირთო თელ-ავივსა და ღაზის სექტორიდან 70 კილომეტრით დაშორებულ სხვა ქალაქებშიც. ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად დაიღუპა ერთი ქალი და დაიჭრა, სულ ცოტა, ორი ადამიანი.

საინფორმაციო სააგენტო როიტერსის კადრებში ჩანს, რომ ხანძარია ქალაქ აშკელონში. შეიარაღებული პირები შეიჭრნენ ქალაქ სდეროთში, სადაც ისრაელის თავდაცვის ძალებს დაუპირისპირდნენ. ისრაელის შეიარაღებული ძალების (IDF) მიერ გავრცელებულ პირველად ინფორმაციაში ნათქვამია, რომ “ტერორისტების გარკვეულმა რაოდენობამ” ისრაელის ტერიტორიაზე შეაღწია, და მშვიდობიან მოსახლეობას სთხოვს სახლში დარჩენას.

ისრაელის თავდაცვის ძალები ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონში მცხოვრებლებს მოუწოდებენ, რომ დარჩნენ ბომბსაფარებთან ახლოს.
ისრაელის ხელისუფლებამ ღაზას სექტორთან მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდა, რომ სახლში დარჩნენ. The Guardian წერს, რომ ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა იერუსალიმის მეჩეთის ალ-აკსას გასათავისუფლებლად ახალი ოპერაციის დაწყება გამოაცხადა, სადაც ბოლო რამდენიმე კვირაში ებრაული დღესასწაულების გამო ებრაელი სტუმრების რაოდენობა გაიზარდა.

“ჩვენ გავაფრთხილეთ მტერი, შეეწყვიტა აგრესია მეჩეთის წინააღმდეგ… უპასუხო მტრული აგრესიის ეპოქა დასრულდა. მოვუწოდებ პალესტინელებს დასავლეთ სანაპიროზე და მწვანე ხაზის გასწვრივ შეუზღუდავი თავდასხმა დაიწყონ. ქუჩებში გაიარეთ. მსოფლიოს მუსლიმებს მოვუწოდებ, დაიწყეთ თავდასხმა”, – განაცხადა მან.
ამასთან ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანთი და პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უსაფრთხოების მაღალჩინოსნებთან შეხვედრას გამართავენ.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხედროების მობილიზება დაიწყეს, როგორც საერთაშორისო მედიები წერენ, გამოცხადებულია “საომარი მდგომარეობის” შესახებ გაფრთხილება. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რაც ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს, ხოლო მომხდარზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფებამ ჰამასმა აიღო.
ისრაელის თავდაცვის ძალებში დებენ პირობას, რომ დაჯგუფება ჰამასი, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, “მძიმე საზღაურს გადაიხდის”. თავდამსხმელები კი ამ შეტევას “ოპერაცია ალ-აქსას წარღვნას” უწოდებენ და ამბობენ, რომ ესაა შურისძიება ალ-აქსას მეჩეთის დარბევის გამო.

ცნობისთვის, გასულ დღეს შესრულდა იომ კიპურის ომის დაწყების, ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის 50 წლისთავი.
ისრაელის მიმართულებით განხორციელებულ შეტევებზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და განაცხადა, რომ მათ ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაცია “ალ-აქსას ქარიშხალი” დაიწყეს.

შეგახსენებთ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button