ადვოკატები რეპუტაციული და ფინანსური ზიანის საფრთხეებზე ალაპარაკდნენ

ჩვენი საქმიანობა აზრს კარგავს, ეს ტენდენცია შეაფერხებს ჩვენს პრაქტიკას”-ადვოკატები რეპუტაციული და ფინანსური ზიანის საფრთხეებზე ალაპარაკდნენ.
26 წლის ქალის მკვლელობისათვის ბრალდებული თორნიკე გამხვეტელაშვილის ადვოკატი, აღკვეთის ღონისძიების ერთ-ერთი ფორმის, გირაოს გამოყენების შესაძლო შეზღუდვაზე ალაპარაკდა.
ადვოკატი ნაზი სუმბაძე, რადიო ჰერეთთან საუბარში ამბობს, რომ ოჯახური ძალადობისა და მუქარის ფაქტზე, თორნიკე გამხვეტელაშვილის მიმართ გირაოს გამოყენება, სრულიად კანონიერი გადაწყვეტილება იყო.
” უმძიმესი ამბავი მოხდა, ამაზე ყველა ვთანხმდებით, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მოსამართლეს ყველა გარემოება ჰქონდა გირაოს გამოყენებისათვის. ასეთ შემთხვევაში, ის ვალდებულიც კია, არასაპატიმრო ღონისძიება გამოიყენოს. გამოძიების პროცესში, ორივე დაზარალებულს, მათ შორის გარდაცვლილის დედასაც, წერილობით აქვს დადასტურებული, რომ არავითარი პრეტენზია არ აქვთ ბრალდებულთან, მანამდე არ ყოფილა გამოყენებული შემაკავებელი ორდერი. ტყუილია, როცა ამას ამბობენ. ჩემი მოთხოვნით, სასამართლომ გამოიყენა მიახლოების აკრძალვა”- ამბობს ადვოკატი.
ნაზი სუმბაძე ამბობს, რომ ფოტოები, რომლებიც გარდაცვლილის დედამ გაავრცელა, სისხლის სამართლის საქმეში საერთოდ არ იდო, არასწორი ინფორმაციის გავრცელება კი, ადვოკატს რეპუტაციულ ზიანს აყენებს.
“დაზარალებულად ცნობის დადგენილებაში, დედა- შვილი წერენ, რომ ბრალდებულთან პრეტენზია არ აქვთ. არც სასამართლოს სახელზე შეტანილი განცხადება დაწერილა ვინმეს ზეწოლით და მინდა გითხრათ, რომ დედა, საერთოდ არ ესწრებოდა პროცესს. გირაოთი განთავისუფლების შემდეგ, ბრალდებული და დაზარალებული, ერთმანეთს ეხვეოდნენ, კოცნიდნენ და გახარებულები იყვნენ. ეს ტენდენცია, რომ სასამართლომ, დაზარალებულის თანხმობის შემთხვევაში, აღარ უნდა გამოიყენოს გირაო, აფერხებს საადვოკატო პრაქტიკას და არის ჩვენთვის უდიდესი ზიანის მომტანი. გამოდის, საქმიანობაზე უარი უნდა ვთქვათ. არასწორი ინფორმაციის გავრცელებით, ფორმირდება საზოგადოებრივი აზრი, რაც ჩვენ, ყველას, წნეხის ქვეშ გვამყოფებს”- ამბობს სუმბაძე.
კოლეგა ადვოკატის აზრს, უფლებადამცველი ჯუმბერ მაილაშვილიც იზიარებს.
მაილაშვილი განმარტავს, რომ გირაოს პატიმრობით შეცვლის ფაქტები უკვე დაფიქსირდა, რაც ადვოკატების შეშფოთებას იწვევს.
” შედეგები უკვე არის, დაფიქსირდა სასამართლოში, როცა გირაოს გამოყენება შესაძლებელი იყო და მოსამართლემ მაინც პატიმრობა გამოიყენა. ასე თუ გაგრძელდა ადვოკატები მივიღებთ რეპუტაციულ და ფინანსურ ზიანს, ასევე შეგვეზღუდება დაცვის სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა. არასწორია მიდგომა, თითქოს ოჯახური ძალადობის შემთხვევაში, გირაო არ უნდა იყოს გამოყენებული. საქმე იმაშია, რომ მტკიცების ტვირთი აქვს გამოძიებას, ამიტომ მან, მაღალი სტანდარტით უნდა დაარწმუნოს მოსამართლე, რომ პირის მიმართ რეპრესიული მიდგომაა გამოსაყენებელი. თუკი ოჯახური ძალადობის სხვა შემთხვევებში, თუნდაც იგივე მოსამართლემ, პატიმრობა გამოიყენა, გვეუბნება, რომ გამოძიებას პატიმრობის მოთხოვნა ჰქონდა დასაბუთებული. თუ ბრალდებულებს მასიურად დააპატიმრებენ, ეს თავისთავად დაატყამს ჩვენს რეპუტაციას, ციხეში მყოფი პირი აქტიურად ვეღარ გვეხმარება საგამოძიებო მოქმედებებში და საერთოდაც, რეპრესიულმა მიდგომამ, შესაძლოა, მას დაცვის გამოყენებაზე საერთოდ ააღებინოს ხელი. მე მაქვს მოსაზრება, რომ გამოყენებული იყოს სამაჯური და გაკონტროლდეს პირის გადაადგილება, შესაბამისად. ადვოკატების დიდი ნაწილი უკვე შეშფოთებულია, რადგან ჩვენ ვეღარ შევძლებთ, სასამართლოს, როგორც დამოუკიდებელი არბიტრის გამოყენებას და გვექნება გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულია არა კანონის, არამედ, საზოგადოებრივი აზრის ზეწოლის საფუძველზე”- განაცხადა მაილაშვილმა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ადვოკატების ჯგუფი მუშაობს განცხადებაზე, რაც სასამართლოს მიერ გირაოს, როგორც აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას ეხება.