მაუწყებლის დირექტორობისთვის ბრძოლას 14 კანდიდატი გააგრძელებს

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციის დასაკავებლად ამ ეტაპზე 14 კანდიდატი იბრძოლებს.

მათ შორისაა “სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის” დამფუძნებელი და დირექტორი რამაზ სამხარაძე.

როგორც მაუწყებლის ვებგვერდი იუწყება,ვაკანტურ პოსტზე გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ: (ნახეთ კონკურსსანტთა სამოტივაციო წერილები)  რევაზ შალიბაშვილი, ზაალ ანჯაფარიძე, გიორგი ქავთარაძე, ვასილ მაღლაფერიძე, ნინო ზაუტაშვილი, გურამ ფალავანდიშვილი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი, თინათინ ბერძენიშვილი, დავით ცინცაძე, მანანა ღოღობერიძე, რამაზ სამხარაძე, თამაზ ბიბილური, ნათია კუპრაშვილი და მარგარიტა დოლიძე

“კონკურსში მონაწილეობის სურვილი, თავდაპირველად, 15-მა კანდიდატმა გამოთქვა, თუმცა სამეურვეო საბჭოს მიერ მათი დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ, ერთი – ბაჩუკი ბახტაძე, მომდევნო ეტაპზე ვერ გადავიდა.

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსი 2016 წლის 28 ნოემბერს გამოაცხადა. მსურველთა განცხადებების მიღება 28 დეკემბერს დასრულდა, ხოლო კანონით დადგენილი სამი დღის გასვლის შემდეგ, სამეურვეო საბჭომ კანდიდატთა სია გაასაჯაროვა. ” – იუწყება ვებგვერდი. 

როგორც ცნობლია, „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული ღია კონკურსი ჩატარდება ორ ტურად.

ღია კონკურის შემდეგ, კანონით დადგენილი სამი დღის ვადაში კანდიდატთა სია გამოქვეყნდება. სიასთან ერთად გამოქვეყნდება თითოეული კანდიდატის CV და სამოტივაციო წერილი.

მეორე ტურში გასასვლელი კანდიდატების ვინაობის გამოვლენის მიზნით, კონკურსის პირველი ტურის ფარული კენჭისყრა უნდა ჩატარდეს. სამეურვეო საბჭოს სხდომა 2017 წლის 3 იანვარს გაიმართება.

კონკურსის მეორე ტურში გასულ კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდება 2017 წლის 4 და 5 იანვარს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის კანდიდატის გამოსავლენად, სამეურვეო საბჭოს სხდომა მომავალი წლის 6 იანვარს გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button