მნიშვნელოვანისიახლეები

საჯარო რეესტრმა პრორუსულ, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი პარტია “ალტ-ინფოს“რეგისტრაცია გაუუქმა

პრორუსულ, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილ „კონსერვატიულ მოძრაობას“, რომელიც საზოგადოებაში „ალტ-ინფოს“ სახელითაა ცნობილი, საჯარო რეესტრმა რეგისტრაცია გააუქმა. გადაწყვეტილება გამოცემულია დღევანდელი, 8 აპრილის თარიღით.

პარტიის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა ანტიკორუფციულმა ბიურომ მოითხოვა, საჯარო რეესტრმა კი გადაწყვეტილება ამ მიმართვის საფუძველზე მიიღო. რეესტრმა საკითხის შესწავლისას რამდენიმე გარემოება გამოავლინა:
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს „კონსერვატიული მოძრაობის“ რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადება 2021 წლის 22 ნოემბერს წარედგინა, თუმცა წარდგენილი დოკუმენტაცია, მათ შორის პარტიის წესდება, იყო არასრულყოფილი, რის გამოც, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ხარვეზების გამოსწორება მოითხოვა.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დამატებით წარედგინა კორექტირებული დოკუმენტაცია, მათ შორის, წესდების ახალი რედაქცია, თუმცა, საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების მიხედვით, ამ დოკუმენტაციით არ დგინდება, რომ წესდების ახალი რედაქცია პარტიის ყრილობის მიერ იყო მიღებული.

საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების თანახმად, მოქმედი კანონმდებლობით, წესდება ყრილობას უნდა დაემტკიცებინა. განმცხადებელს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის პარტიის ყრილობის მიერ მიღებული წესდება უნდა წარედგინა, რაც არ მომხდარა. შესაბამისად, 2024 წლის 8 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გააუქმა 2021 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დარეგისტრირდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კონსერვატიული მოძრაობა“.
ყრილობის ოქმის მიხედვით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების გენერალურ მდივნად (ხელმძღვანელ პირად) არჩეულ იქნა გიორგი ქარდავა, რომელიც ხელს არ აწერდა წარდგენილ განცხადებას;
სარეგისტრაციოდ წარდგენილ წესდებას ხელს აწერდა მხოლოდ ყრილობის თავმჯდომარე;
სარეგისტრაციოდ წარდგენილი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წევრთა სია არ შეიცავდა წევრთა პირადობის მოწმობების ნომრების შესახებ ინფორმაციას;
სარეგისტრაციოდ წარდგენილ წესდებასა და თანდართულ დოკუმენტებში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების სახელწოდება მითითებული იყო არაერთგვაროვნად;
სარეგისტრაციოდ წარდგენილი ემბლემის ესკიზი არ შეესაბამებოდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდებით განსაზღვრულ აღწერილობას;
სარეგისტრაციოდ წარდგენილი წესდებით, პარტიის წევრთა ყრილობა არ იყო განსაზღვრული ხელმძღვანელ ორგანოდ;
სარეგისტრაციოდ წარდგენილი წესდება პარტიის ქონების გამოყენების წესს არ ითვალისწინებდა.
„შარი ვერაფერზე ვერ მოგვდეს. დღეს, როდესაც ცესკოს თავმჯდომარეს ხელი უნდა მოეწერა ჩვენი პარტიის არჩევნებში რეგისტრაციაზე, მოგვივიდა მათგან ინფორმაცია, რომ საჯარო რეესტრმა პარტია გააუქმა“, – თქვა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა მახარაძემ „ალტ-ინფოს“ ეთერში.
რამდენიმე დღის წინ „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ ცესკოს 2024 წლის არჩევნებისთვის რეგისტრაციის გასავლელად მიმართა და რამდენიმე ათასი ხელმოწერაც შეიტანა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ მაშინ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პროცედურული ნაწილის გავლის შემდეგ საარჩევნო კომისიის ვებსაიტზე რეგისტრაციის შესახებ დადგენილების გამოქვეყნებას ელოდებოდნენ.
საქართველოში არაერთი აქცია ჩატარებულა „კონსერვატიული მოძრობის“ ლიდერების ორგანიზებით. მაგალითად, 2021 წლის 5 ივლისს, როცა დედაქალაქში “ღირსების მარში” უნდა გამართულიყო, „ალტ-ინფოს“ მოწოდებით ქუჩაში ათასობით ადამიანი შეიკრიბა. იმ დღეს მათ იძალადეს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button