ოცნების თქმით ხელისუფლებამ ქვეყანას მეორე ფრონტი აარიდა-,,უკრაინამ ძალიან რთული წლები გადაიტანა, “ქართულმა ოცნებამ” კი ამ ყველაფრის თავიდან არიდება შეძლო,,-კალაძე
,,უკრაინის ომის მესამე წლისთავზე საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია თამამად გაუსწოროს თვალი ქართველ ხალხს,,-პაპუაშვილი

უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი წლისთავზე “ქართული ოცნება” მათ მიერ წარმოებულ პრაგმატულ პოლიტიკაზე კიდევ ერთხელ საუბრობს. მათი თქმით, ხელისუფლებამ ქვეყანას მეორე ფრონტი და ეკონომიკური კოლაფსი აარიდა. მმართველ გუნდში, რუსულ აგრესიამდე პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასაც იხსენებენ, რომელიც ომის არიდებას და მშვიდობას უჭერდა მხარს. სახელისუფლებო გუნდის ლიდერებმა, დღეს ადგილობრივი ოპოზიციისა და მესამე სექტორის მოწოდებებიც გაიხსენეს. მოხალისეების თვითმფრინავის გაგზავნა, სანქციები რუსეთს და სავიზო რეჟიმის გამკაცრება – ოპონენტების მხრიდან წარსულში ამ მოთხოვნების დაყენებას – “ოცნება” სახელმწიფო ინტერესების დაუფარავ ღალატს უწოდებს.
რამდენად მართებული იყო, უკრაინაში მოხალისეების გაშვებისა და რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა – ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მესამე სექტორში არ ისურვეს. ოპოზიციის დიდი ნაწილი კი უკრაინა-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე აკეთებს აქცენტს. პოლიტიკოსებმა დღეს 90-იან წლებში, აფხაზეთში, უკრაინის როლი გაიხსენეს და თქვეს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს როგორც სამხედრო ისე ფინანსური კუთხით, მეტი კონტრიბუცია უნდა გაეღო.
მესამე სექტორსა და ოპონენტებს ე.წ. დიფ სთეითის გავლენის აგენტებს უწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლების აზრით, ოპონენტების ერთადერთ მიზანს – საქართველოში დესტაბილიზაციური პროცესების წახალისება წარმოადგენდა, რასაც მეორე ფრონტი და სახელმწიფოებრიობის დაკარგვა უნდა მოჰყოლოდა.
სამწლიანი ომის შედეგები უკრაინაში, მთავრობის სხდომაზე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძის თქმით, აუცილებელია დამანგრეველი კონფლიქტი დროულად დასრულდეს.
“ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა უკრაინა და ეს ყველაფერი ავარიდეთ ჩვენს ქვეყანას,” – ეს განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ უკრაინაში ომის დაწყების 3 წლისთავთან დაკავშირებით გააკეთა.
მისივე თქმით, უკრაინამ ძალიან რთული წლები გადაიტანა, “ქართულმა ოცნებამ” კი ამ ყველაფრის თავიდან არიდება შეძლო.
“გახსოვთ, თუ რამხელა შემოტევა იყო იმ უსამშობლო რადიკალების მხრიდან, რომლებიც გარედან ფინანსდებოდნენ – აგენტურა მაქვს მხედველობაში, ასევე, გარეთა ძალები და “გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები”.
ამასთან დაკავშირებით, აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ძალიან ბევრი ისაუბრა და მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა “დიფ სთეითის” დამარცხებაა, რასაც ჩვენ მხოლოდ მივესალმებით.
ძალიან რთული იყო ეს სამი წელი. უკრაინაზე მინდა ვთქვა ორი სიტყვა: ხედავთ, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაა უკრაინაში: დაკარგული ტერიტორიები, უამრავი გარდაცვლილი მშვიდობიანი მოსახლეობა, ჯარისკაცები, განადგურებული ქალაქები, სოფლები, ინფრასტრუქტურა… ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა უკრაინა და ეს ყველაფერი ავარიდეთ ჩვენს ქვეყანას,” – აცხადებს კახა კალაძე.
უკრაინის ომის მესამე წლისთავზე საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია თამამად გაუსწოროს თვალი ქართველ ხალხს, ვინაიდან ჩვენ ჩვენი ღირებულებების, პრინციპებისა და რწმენების ერთგულნი დავრჩით, ამიტომაცაა, რომ გასული წლის ოქტომბერში, მეოთხედ აგვირჩიეს ხელისუფლებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ეროვნული ინტერესები ჩვენი ხელისუფლების წარმმართავი პრინციპია, რომელიც დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვას, ქვეყნის გამთლიანებას და ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებას მოიცავს. ამგვარად ჩამოყალიბებული ეროვნული ინტერესები, ამავე დროს, ჩვენი საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია. სწორედ ეროვნული ინტერესების ამგვარი გაგება ედო საფუძვლად ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინის ომის დაწყებამდე და დაწყების შემდეგ მივიღეთ.
მივყვეთ ბოლო წლების ძირითად თარიღებს, რათა გავიხსენოთ, თუ როგორ განაპირობებდა ჩვენი ეროვნული ინტერესები საქართველოს საგარეო კურსს. ჯერ კიდევ მანამ, სანამ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია უკრაინის შესახებ, რომელშიც “ომის დაუშვებლობაზე” იყო საუბარი და რომელიც ყველა მთავრობას მოუწოდებდა, თავი შეეკავებინათ ვითარების ესკალაციისაგან. სამი წლის წინ მიღებული ეს რეზოლუცია კარგად ეხმიანება აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის მოსაზრებებს, რომლებიც მშვიდობის ქვაკუთხედადაა მოაზრებული”,- წერს პაპუაშვილი.
მისივე თქმით, ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მთავრობამ სრული სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს. „ვიყავით თანაავტორი და ხელმომწერი ყველა საერთაშორისო პოლიტიკური და სამართლებრივი დოკუმენტისა, რომელიც რუსულ აგრესიას გმობდა; გამოვრიცხეთ რუსეთზე დადებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობა; მივაწოდეთ ჰუმანიტარული დახმარება უკრაინას; შევიფარეთ ათიათასობით უკრაინელი ლტოლვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ ჩვენს 300,000 იძულებით გადაადგილებულ პირთან ერთად.
თუმცა, ღია და ფარული წნეხის მიუხედავად, ჩვენ არ დაგვიწესებია ორმხრივი სანქციები რუსეთისათვის და არც სახმელეთო და საჰაერო მიმოსვლა შეგვიზღუდავს, ვინაიდან, ნათელი იყო, რომ ამგვარი ესკალაცია რუსეთისათვის საგრძნობი საერთოდ არ იქნებოდა, საქართველოსთვის კი, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ხასიათის საერთაშორისო გარანტიების არარსებობის პირობებში, ეკონომიკურ კოლსაფსსა და ახალ ომს გამოიწვევდა.
უკრაინის მიმართ ჩვენი ქმედითი სოლიდარობის მიუხედავად, ზელენსკის ადმინისტრაციის მხრიდან საპასუხო ნაბიჯები გაუგებარი აღმოჩნდა. ომის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ უკრაინის მთავრობამ საქართველოდან ელჩი გაიწვია, თავად ზელენსკიმ კი საქართველოს პარლამენტის წინ შეკრებილ საპროტესტო შეკრებას მიმართა სიტყვებით, რომ „ქართველი ხალხი უკეთესი იყო, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება“, რითაც ცხადად წააქეზა საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო პროტესტი. უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის პრეზიდენტის უსაფრთხოების მრჩეველმა, ღიად მოგვიწოდეს, ძალით დაგვებრუნებინა აფხაზეთი და ცხვინვალის რეგიონი. კარგად გვახსოვს უკრაინის ხელისუფლებასთან უნისონში მოქმედი რადიკალური ოპოზიცია და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები, რომ „ბომბები ერჩივნათ იმ სირცხვილს“, რომელიც საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკამ გამოიწვია.
დასავლეთის ზოგიერთი დედაქალაქის რეაქციაც არ იყო ამაზე უკეთესი. იმ ფონზე, რომ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ისინი თავად მოგვიწოდებდნენ „სტრატეგიული მოთმინებისაკენ“, მათ ახლა, მოულოდნელად, ჩვენი მთავრობისაგან რუსეთის მიმართ აგრესიული პოზიციის დაკავება მოითხოვეს, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი პოზიცია განმეორებითი სამხედრო კონფლიქტის მომაკვდინებელ საფრთხეს შეიცავდა. და ეს ყველაფერი ხდებოდა რაიმე სახის უსაფრთხოების გარანტიისა თუ ეკონომიკური სოლიდარობის შემოუთავაზებლად”,- წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინის ომის პირველი დღეებიდანვე საქართველოს მოუწია, გაეძლო საშინაო და საერთაშორისო წნეხისთვის, “რათა თავიდან აგვერიდებინა რუსეთთან კონფლიქტში ჩაბმა”.
“2022 წლის ზაფხულში საქართველოს უარი უთხრეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყოველთვის მოწინავე ქვეყანა ვიყავით აღმოსავლეთის პარტნიორობის ფორმატში, ევროკავშირის ყველა ინდიკატორის მიხედვით, და დღემდე ვრჩებით, ბევრი ნიშნით, მოწინავე ქვეყნად ევროკავშირის ყველა კანდიდატ სახელმწიფოს შორის. ამ გადაწყვეტილებამ რადიკალური ოპოზიციისა და უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოების მიერ მართული პროტესტის ტალღა გამოიწვია.
2023 წლის და, შემდეგ, 2024 წლის გაზაფხულზე, “უცხოური გავლენის გამჭვირვალების კანონის” მიღების გაპროტესტების საბაბით, რადიკალურ ოპოზიციასა და უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობოებს მიეთითათ, მოეწყოთ ძალადობრივი დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ. ასევე, დაიწყო ორკესტრირებული საერთაშორისო კამპანია საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით.
2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რადიკალურმა ოპოზიციამ უარი განაცხადა პარლამენტში შესვლაზე იმ საბაბით, რომ არჩევნები გაყალბდა, მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირის საბოლოო მოხსენება არაფერს ამის მსგავსს არ შეიცავდა. ხელისუფლების საწინააღმდეგო პროტესტი კიდევ უფრო ძალადობრივი გახდა, ხოლო დასავლეთის ზოგიერთი მთავრობის მხრიდან ამ ძალადობის შეფასება გამაოგნებელი აღმოჩნდა, ვინაიდან მათ “მშვიდობიანად” მოიხსენიებდნენ, ხოლო საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურ რეაქციას “ძალადობრივს” უწოდებდნენ.
როგორც ქვეყნის შიდა რადიკალების, ასევე მათი უცხოელი მფარველების მხრიდან გამუდმებული წნეხის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა დანაღმულ ველზე ქვეყნის მშვიდობიანი გაყვანა. ახლა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი ორიენტირი, რომელმაც საშუალება მოგვცა, ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით წაგვეყვანა, იყო ჩვენი ხალხის სიბრძნეში რწმენა და ეროვნული ინტერესების ერთგულება. 2009 წლის მარტში, რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრიდან სულ რამდენიმე თვეში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს, “გადატვირთვის” სიმბოლური ღილაკი გადასცა. მომდევნო წელს, ამერიკელმა და დასავლელმა სამხედროებმა, მათ შორის უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, მონაწილეობა მიიღეს მოსკოვში “გამარჯვების დღის” აღნიშვნაში. საქართველო მიგდებული აღმოჩნდა. დასავლეთში ეს სამარცხვინო ფაქტი ვერც კი შენიშნეს, მაგრამ საქართველომ საჭირო გაკვეთილი მიიღო.
როდესაც “ქართულმა ოცნებამ” 2012 წლის ოქტომბერში არჩევნებში გაიმარჯვა, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ სუვერენიტეტის დაცვისათვის ზრუნვა დაიწყო და წარმატებასაც მიაღწია ეროვნული ინტერესების დაცვაში. ეროვნული ინტერესები უფრო მაღლა დავაყენეთ, ვიდრე საერთაშორისო სოლიდარობის ნებისმიერი ყალბი ფილოსოფია, რომელიც ჩვენ მანამდე უკვე გამოცდილი გვქონდა, როდესაც, საბჭოთა ოკუპაციის ათწლეულებში, საქართველოს ეროვნული მისწრაფებები “კომუნისტური ინტერნაციონალის პროლეტარული სოლიდარობის” სახელით ითრგუნებოდა. ამის მსგავსად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, გვიბიძგებდნენ იქითკენ, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები ახალი ფსევდოლიბერალური ინტერნაციონალის გაუგებარი მოთხოვნებისთვის დაგვექვემდებარებინა.
ეს არ მოხდება, მით უმეტეს, “ქართული ოცნების” მმართველობისას”,- წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
“მოგვიწოდებდნენ, რომ გაგვეგზავნა მოხალისეები უკრაინაში, რომ დაგვესანქცირებინა რუსეთი, ჩამოშლილიყო საქართველოს ეკონომიკა, აქ გახსნილიყო მეორე ფრონტი და ამ ყველაფერს არქმევდნენ დემოკრატიას, დემოკრატიის წინსვლას,” – ეს განცხადება “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა უკრაინაში ომის დაწყების 3 წლისთავთან დაკავშირებით გააკეთა.
მისივე თქმით, ზეწოლის მიუხედავად, “ქართულმა ოცნებამ” მოახერხა მშვიდობის შენარჩუნება და ეკონომიკური წინსვლა.
“გვეუბნებოდნენ, უკრაინაში ომია და დემოკრატია წინ მიდის, ხოლო თქვენთან მშვიდობაა და დემოკრატია უკან მიდისო – ეს სიტყვები ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, მაგრამ ქართული საზოგადოება დადგა ძალიან კარგა პოზიციაზე და დღეს ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა და ამის მერეც გაგრძელდება ასე,” – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
რუსული სამხედრო აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. სამწლიანი შეუჩერებელი ომის ფონზე, ხელისუფლება საქართველოში მეორე ფრონტის არ გახსნისა და დამანგრეველი შედეგების არიდების მთავარ მიზეზად, მათ მიერ წარმოებულ ფრთხილ და რაციონალურ პოლიტიკას ასახელებს
უკრაინაში ომის დაწყების 3 წლისთავს ოპოზიციურ პარტიებში ეხმაურებიან. კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, როდესაც საუბარი იყო უკრაინის ეროვნული ინტერესების დაცვასა და მხარდაჭერაზე, ეს იყო ასევე საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და მხარდაჭერა.
“ომი არის ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, იქ, სადაც 20% არის ოკუპირებული რუსეთის არმიის მიერ და სადაც დღესაც დგანან რუსული ჯარები. როდესაც საუბარი იყო უკრაინის ეროვნული ინტერესების დაცვასა და მხარდაჭერაზე, ეს იყო ასევე საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და მხარდაჭერა, მითუმეტეს, რომ ამას გვავალდებულებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, რაც გვაქვს უკრაინასთან და, ასევე, უკრაინელების წვლილი ძალიან დიდი იყო საქართველოში აფხაზეთის ომის დროს,” – აცხადებს ლანა გალდავა.
კოალიცია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ საქართველოს უფრო მეტად უნდა დაეჭირა მხარი უკრაინისთვის ამ პროცესში.
“ამ სამი წლის განმავლობაში, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფო უნდა ყოფილიყო ბევრად უფრო აქტიური, მათ შორის, უკრაინის დასახმარებლად, რადგან უკრაინელები იცავენ არამარტო თავიანთ ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, არამედ ცივილიზებული სამყაროს, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნების და რუსეთის ფედერაციის გარშემო მყოფი ქვეყნების თავისუფლებასა და სუვერენიტეტს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად უფრო დიდი უნდა ყოფილიყო საქართველოს როლი უკრაინის დახმარების საქმეში,” – აცხადებს ირაკლი ნადირაძე.