მნიშვნელოვანისიახლეები

სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევა დაუდგინა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ქვეყნებში მთავრობის თანხმობის გარეშე მოგზაურობით ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია. დასკვნა დღეს, 16 ოქტომბერს, გამოაცხადა სასამართლოს პლენუმმა, მოსამართლეთა სრულმა შემადგენლობამ.
სასამართლოს 9 წევრიდან განსხვავებული პოზიცია 3-მა დააფიქსირა – ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.
გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ გამოაცხადა.

“საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 აგვისტოს, პირველ სექტემბერს და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის განაწესი.

სასამართლო ასკვნის, რომ აღნიშნული წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის მიზნებისთვის. დასკვნა ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან, საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. დასკვნას დაერთოს მოსამართლეების, ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი. დასკვნის ასლი გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს. დასკვნა დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს. დასკვნას ხელს აწერს პლენუმის სრული შემადგენლობა საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა წევრი,” – განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ.

ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია ჰქონდათ მერაბ ტურავას, ევა გოცირიძეს, გიორგი თევდორაშვილს, ხვიჩა კიკილაშვილს, მანანა კობახიძესა და ვასილ როინიშვილს;
ცნობისთვის საკითხი, რომლის გამოც საპარლამენტო უმრავლესობის 80-მა დეპუტატმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, სალომე ზურაბიშვილის ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობას შეეხება – ის სექტემბრის დასაწყისში შეხვდა და ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხზე ესაუბრა გერმანიის, საფრანგეთისა და ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს.
სასამართლო სამი დღის განმავლობაში უსმენდა მხარეებს.

“ქართული ოცნების” არგუმენტები:

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს უფლება, ჩაერთოს ქვეყნის საგარეო ურთიერთობებში მთავრობის თანხმობის გარეშე. კონსტიტუციის მისეული განმარტებით, ქვეყნის პრეზიდენტს მთავრობის თანხმობა სჭირდება მაშინაც, თუ ის საქართველოში ჩამოსულ სხვა ქვეყნის ლიდერს შეხვდება და მაშინაც კი, თუ სხვა ქვეყანაში წავა გამოფენაზე დასასწრებად ან დაკრძალვის ცერემონიაზე – გამონაკლისის გარეშე.

პრეზიდენტის არგუმენტები:

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთი წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში იყო ამავე სასამართლოში 10-წლიანი სამოსამართლეო გამოცდილების მქონე მაია კოპალეიშვილი. ის ამბობდა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია პრეზიდენტს ანიჭებს უფლებამოსილებას, ჩართული იყოს ისეთ საგარეო ურთიერთობებში, რომლებიც არ ეხება ქვეყნის კურსის ცვლილებას – შეხვდეს სხვა ქვეყნის ლიდერებს, გაუგზავნოს მათ წერილები, დაურეკოს და უპასუხოს მათ სატელეფონო ზარებს, მთავრობის ნებართვის გარეშე.

პროცესი ახლა პარლამენტში გადავა, სადაც კენჭს უყრიან ზურაბიშვილის იმპიჩმენტს. პრეზიდენტის გადაყენებას 100 ხმა სჭირდება.

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა 5 ოქტომბერს დაასრულა. პლენუმი სამი დღის განმავლობაში უსმენდა მხარეებს.

სხდომებს არ დასწრებია პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მის ინტერესებს სასამართლოზე იცავდნენ თამარ ჩუგოშვილი – პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი და ქართული ოცნების ყოფილი წევრი, და მაია კოპალეიშვილი – საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.

წარდგინების ავტორების მხრიდან სხდომაზე მომხსენებლები იყვნენ ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საკითხის განსახილველად და დასკვნის მოსამზადებლად კონსტიტუცია 1-თვიან ვადას აძლევდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტის პარლამენტში კენჭისყრაზე გასატანად აუცილებელი იყო სასამართლოს უარყოფითი დასკვნა (9 მოსამართლიდან 6-ის თანხმობა). ამის შემდეგ საკითხი კენჭისყრაზე ორი კვირის ვადაში დგება – პრეზიდენტის გადასაყენებლად საჭიროა 100 დეპუტატის ხმა, რაც მმართველ პარტიას დღევანდელი მდგომარეობით არ აქვს.

30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.

№1797 კონსტიტუციურ წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით.

კერძოდ, საუბარია სამ სამუშაო ვიზიტზე: 2023 წლის 31 აგვისტოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, 2023 წლის 1 სექტემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და 2023 წლის 6 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტთან.
შეგახსენებთ საკონსტიტუციო სასამართლომ “ქართული ოცნების” ავტორობით მომზადებული წარდგინება ოქტომბრის დასაწყისში განიხილა. განხილვა 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
“ქართული ოცნება” პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში, ევროპაში მთავრობის ნებართვის გარეშე განხორციელებული ვიზიტების გამო ედავებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button