მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გერმანიის, იტალიის, რუმინეთისა და საფრანგეთის ლიდერებთან შეხვედრა დასრულდა

დასრულდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან და რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა.
მას ამ შეხვედრის შედეგებზე ჟურნალისტებისთვის დეტალურად არაფერი უთქვამს, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინას საერთაშორისო კოალიციის სტაბილური მხარდაჭერა აქვს.

“ჩვენ სახელმწიფოთა ლიდერებს გადავეცით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების წინადადებების სრული პაკეტი, რომელიც მაკფოლ-ერმაკის საერთაშორისო ჯგუფმა მოამზადა. ჩვენ უნდა გავზარდოთ ზეწოლა აგრესორზე, ვიმუშაოთ სანქციების მეშვიდე პაკეტზე გაზის ემბარგოს გათვალისწინებით”, – დაწერა ემრაკმა ტელეგრამში.

დღესვე უკრაინაში მყოფი გერმანიის, იტალიის, რუმინეთისა და საფრანგეთის ლიდერები რუსეთის ინტერვენციის შედეგად დანგრეულ ქალაქ ირპენში ჩავიდნენ.

უკრაინა წინააღმდეგობას უწევს, მან უნდა შეძლოს გამარჯვება, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა. მისი თქმით, ნახეს განადგურებული ქალაქი და ბარბაროსობის კვალი.

„მათ დაანგრიეს ბაგა-ბაღები, სათამაშო მოედნები და ყველაფერი აღდგება“, – აღნიშნა დრაგიმ.

„ჩვენ, ევროპელები მტკიცედ ვდგავართ თქვენს გვერდით. ჩვენს შორის გამჭრიახი საუბარი გაიმართა”, – ამის შესახებ უკრაინაში ვიზიტად მყოფმა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა “ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
ჩვენ ოთხივე ლიდერი მხარს ვუჭერთ უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის დაუყოვნებლივ სტატუსს. საფრანგეთი გააძლიერებს იარაღის მიწოდებას რუსეთთან ომში მყოფი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ კიევში ვიზიტად მყოფმა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ოთხივე ქვეყანა [საფრანგეთი, გერმანია, იტალია და რუმინეთი] მხარს ვუჭერთ უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის დაუყოვნებლივ სტატუსს. ამ სტატუსს მოჰყვება საგზაო რუკა. ასევე, დასავლეთ ბალკანეთისა და სამეზობლოს, განსაკუთრებით მოლდოვის ვითარების მხედველობაში მიღება“, – განაცხადა მაკრონმა.

„ევროპა თქვენს გვერდითაა, ის ასე გააგრძელებს მანამ, სანამ ეს იქნება საჭირო, სანამ გამარჯვება არ იქნება მიღწეული, გამარჯვება, რომელიც დაინახავს მშვიდობის დაბრუნებას თავისუფალ და დამოუკიდებელ უკრაინაში“, – დასძინა მაკრონმა.

პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, იტალიის მთავრობის მეთაურმა მარიო დრაგიმ, თავის მხრივ, დასძინა, რომ მისი მთავარი გზავნილი კიევში ვიზიტის დროს ისაა, რომ იტალიას სურს უკრაინის ევროკავშირის ნაწილად ხილვა.

ზელენსკიმ კი აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა მთელი ევროპის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის ტოლფასია.

„რაც უფრო მეტ იარაღს მიიღებს უკრაინა დასავლეთისგან, მით უფრო სწრაფად შეძლებს მისი ოკუპირებული მიწების გათავისუფლებას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ მან ევროკავშირის ლიდერებთან მოლაპარაკებებზე რუსეთის წინააღმდეგ შემდგომი სანქციები და ომის შემდგომი რეკონსტრუქცია განიხილა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს შავი ზღვის პორტებში ომის გამო ბლოკირებული უკრაინული სურსათით მომარაგების საკითხი. იტალიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საზღვაო გზების განაღმვისა და მომარაგებისთვის ორ კვირაზე მეტი არ არის დარჩენილი. ემანუელ მაკრონი გამოვიდა წინადადებით შეიქმნას საკომუნიკაციო არხი რუსეთის პრეზიდენტთან მარცვლეულის მარაგების საკითხის განსახილველად.

თავის მხრივ, ვლადიმერ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა უკრაინის არმიისთვის დასავლური იარაღის მიწოდების მნიშვნელობა. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი არ არის სამშვიდობოდ განწყობილი და მხოლოდ ომი სურს.

გერმანია მხარს უჭერს პოზიტიური გადაწყვეტილების მიღებას უკრაინისთვის, მათ შორის მოლდოვის რესპუბლიკისთვის, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კიევში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა კანდიდატს უნდა შეესრულებინა კრიტერიუმები დემოკრატიისა და კონსტიტუციური სამართლის შესახებ.

„მე და ჩემი კოლეგები დღეს აქ, კიევში მკაფიო გზავნილით ჩამოვედით: უკრაინა ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. წევრობის კანდიდატის სტატუსი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, სავარაუდოდ, გრძელ ევროპულ გზაზე. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამას უახლოეს დღეებში განიხილავენ. ჩვენ ვიცით, რომ საჭიროა ერთსულოვნება ევროკავშირის 27 ქვეყანას შორის“, – დასძინა შოლცმა.

გერმანიის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას.

„ამჟამად უკრაინელ სამხედროებს უახლესი იარაღის, თვითმავალი „ჰაუბიცი 2000“-სა და „გეპარდის“ საზენიტო ტანკების გამოყენებაში ვწვრთნით. გარდა ამისა, მე დავთანხმდი, რომ უკრაინას თანამედროვე Iris-T საჰაერო თავდაცვის სისტემა მივაწოდო, რომელსაც მთელი ქალაქის საჰაერო თავდასხმებისგან დაცვა შეუძლია. კიევს სპეციალურ რადარსაც მივაწვდით“, – დასძინა შოლცმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button