მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ორი ქვეყნის ლიდერები კიევში ჩასვლას გეგმავენ

ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე დე კროო კიევში ვიზიტით იმყოფება. ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს მართავს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„მივესალმები უკრაინაში ბელგიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე დე კროოს. ვიწყებთ მოლაპარაკებებს. დარწმუნებული ვარ, მოლაპარაკებები ორივე ქვეყნისთვის შინაარსიანი და სასარგებლო იქნება“, – აღნიშნავს ზელენსკი.

ამასთან უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი კიევში ჩავა. ნოვაკი რუსეთის მიერ ფართომასშტაბური ომის დაწყების შემდეგ, უნგრეთის პირველი უმაღლესი წარმომადგენელი იქნება, რომელიც უკრაინას ეწვევა. ინფორმაციას დასავლური მედია უნგრულ გამოცემაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უნგრული მედიის ცნობით, ნოვაკი უკრაინაში ვიზიტით პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით მიემგზავრება. კატალინ ნოვაკი პოლონეთიდან კიევში მატარებლით გაემგზავრება.

უნგრეთის პრეზიდენტის ოფისში ნოვაკის უკრაინაში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.

როგორც სააგენტო Reuters წერს, ნოვაკი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ახლო მოკავშირეა.

კატალინ ნოვაკი ოქტომბერში შეუერთდა ბალკანეთისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნების პრეზიდენტების განცხადებას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინული ქალაქების მასირებულ დაბომბვას გმობდა.

23 ნოემბერს უნგრეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ უკრაინას 187 მილიონ ევროს გამოუყოფს, ევროკავშირის 18 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტის კონტრიბუციის ფარგლებში.

მსგავსი პოსტები

Back to top button