ევროკავშირის ქვეყნებში მომზადებას კიდევ 20 000 უკრაინელი სამხედრო გაივლის

ზაფხულის ბოლომდე ევროკავშირის ქვეყნებში მომზადებას კიდევ 20 000 უკრაინელი სამხედრო გაივლის. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ამის შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
“თითქმის დავასრულეთ უკრაინული არმიისთვის თითქმის 40 000 ჯარისკაცის მომზადების მისია. ახლა ამ რიცხვისთვის კიდევ 20 000 ჯარისკაცის დამატებაზე შევთანხმდით, ჯამში მომზადებას 60 000 ჯარისკაცი გაივლის”, – განაცხადა ბორელმა.
მისი თქმით, “ეს ეს რიცხვი ზაფხულის ბოლოსთვის იქნება მიღწეული.”
ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, უილიამ ბერნსის განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერა ვაშინგტონისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, ხოლო დახმარების შეწყვეტა ქვეყნისთვის “ისტორიული ავტოგოლი” იქნება.
კერძოდ, ბერნსმა ასევე თქვა, რომ რუსეთმა უკვე წააგო ომი არაერთ დონეზე, მაგალითად იმით, რომ დაკარგა მინიმუმ 315 000 სამხედრო და ომამდელი სატანკო ფლოტის ორი მესამედი. ასევე ვერ მიუახლოვდა თავის სტრატეგიულ მიზანს კიევის დაკავებასა და უკრაინის დამორჩილება.
“წარმატების გასაღები უკრაინისთვის დასავლური დახმარების შენარჩუნებაში მდგომარეობს. ამ გადამწყვეტ მომენტში, შეერთებული შტატების მხრიდან კონფლიქტისგან თავის დაღწევა და უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა ისტორიული მასშტაბის ავტოგოლი იქნება”, განაცხადა CIA-ს დირექტორმა.
ბერნსმა ასევე დაამატა, რომ უკრაინაში ომის დაწყებამ თანდათანობით ძირი გამოუთხარა პუტინის ძალაუფლებას, რასაც 2023 წლის ივნისში “ვაგნერის” ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხიც მოწმობს.