ხელვაჩაურის სოფლებში მეწყერი ჩამოწვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში წუხელ ღამით მეწყრული ჩამოწვა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მიწის მასა  სოფელ ხეღრუში საავტომობილო გზასთან ჩამოწვა, თუმცა გადაადგილების პრობლემა არც ავტომობილებს და არც ქვეითად მოასიარულეებს არ შექმნიათ. ადგილზე უკვე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

„დილიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 10-მდე ლოკაციაზე საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის შედეგად დაზიანებულ კერებზე სამუშაოები დილის 7 საათიდან დაიწყო. ამჟამად ტექნიკის საშუალებით მიწის მასისგან იწმინდება სოფელ სარფში კალენდერეს დასახლება, ზედა ჯოჭოს, ახალშენის, კიბეს და ორთაბათუმის ტერიტორიები“, – აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

მათივე თქმით, პარალელურად მიმდინარეობს ზარალის ოდენობის დათვლა. სოფლებში, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბის ხელმძღვანელი, მოადგილეები და გეოლოგები არსებულ ვითარებას სწავლობენ. ასევე, ადმინისტრაციულ ერთეულებში საგანგებო ვითარებაში გამგებლის წარმომადგენლები მუშაობენ.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button