მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი დაესწრება აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება, პარალელურად კი, ვაშინგტონში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს ამის შესახებ მან განაცხადა ახალ ოფისში, სადაც დღეს, 9 იანვარს, ჟურნალისტებს უმასპინძლა.

როგორც ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლის დატოვების შემდეგ გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, კონგრესმენ ჯო უილსონის მიწვევით მივა.

„გვაქვს საშუალებები, რომ გამოვიდეთ იზოლაციიდან. მე მაქვს როლი და ამ როლს სრულყოფილად ვასრულებ. მაქვს, პრაქტიკულად, ყოველდღიური კავშირები ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან. ვადასტურებ, რომ მივდივარ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე, ვაშინგტონში ვიქნები ჯო უილსონის დაპატიჟებით. სხვადასხვა ვარიანტია ინაუგურაციაზე მიწვევის, რომელშიც არავინ იხდის ფულს. ასე რომ იყოს, სხვებს, ბევრს აქვს ჩემზე ბევრად მეტი რესურსი, რომ ეს თანხები გადაიხადოს. ეს ხუმრობა გვერდზე დავტოვოთ, მთავარი ისაა, რომ მივდივარ და მექნება მაღალი დონის შეხვედრები. ვაგრძელებთ ურთიერთობებს ჩვენს პარტნიორებთან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად ივანიშვილის მთავრობის წარმომადგენლების არცერთი წევრი არ მიუწვევიათ

ის, ასევე, გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის და სხვა დასავლელი ლიდერების მისამართით „ქართული ოცნების“ განცხადებებს და მმართველი პარტიის შეფასებებს „უხეში და უზრდელური“ უწოდა.

„იცით, პრეზიდენტს მაკრონის განცხადება. ის უხეში და უზრდელი პასუხები, რაც მმართველი გუნდიდან მოდის პარტნიორების მიმართულებით, დიდად არაფერს ნიშნავს, რადგან რეალურად რაც მნიშვნელოვანია, ისაა, რომ საქართველოს მოსახლეობას აქვს მხარდაჭერა მთავარი პარტნიორებისგან, რომლებიც მზად არიან დაასანქცირონ ისინი, ვინც გადაწყვიტა საქართველო წაეყვანა სხვა გზით, ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური მიმართულებით. ასევე, მხარი დაუჭირონ და დაჰპირდნენ საქართველოს მოსახლეობას, რომ როგორც კი ახალი არჩევნები ჩატარდება და დავუბრუნდებით იმ წყობას, რომელიც საქართველოსთვის ყველაზე სასურველია, დაგვიბრუნდება ის დახმარებები, რაც არსებობდა და რაც კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, რადგან ჩვენი ეკონომიკა რეალურად ძალიან მძიმე დღეშია. არჩევნების შემდეგ სერიოზული, ახალი ძალისხმევა დაგვჭირდება ჩვენგან, უპირველესად, ასევე პარტნიორების დახმარების კუთხით“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გარდა ამისა „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ იმედი აქვს, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ აშშ-სთან ურთიერთობები გადაიტვირთება.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა ჯო უილსონმა სოციალურ ქსელ X-ზე 27 დეკემბერს დაწერა, რომ სალომე ზურაბიშვილს დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიაზე იწვევდა:

„მოხარული ვარ, მოვიწვიო პრეზიდენტი ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად, როგორც საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი. პატივს ვცემ მის გამბედაობას, ივანიშვილისა და მისი ჩინეთის კომპარტიისა და ირანული რეჟიმის მეგობრების თავდასხმის ფონზე“.

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია ვაშინგტონში 20 იანვარს გაიმართება. როგორც წესი, აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი ინაუგურაციის დღეს დებს ფიცს.

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ დონალდ ტრამპი ტრადიციას არღვევს და თავის ინაუგურაციაზე რამდენიმე ქვეყნის ლიდერს იწვევს. მათ შორის არიან არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, სალვადორის პრეზიდენტი ნაიბ ბუკელე და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი.

ინაუგურაციაზე დასასწრები ბილეთების გარკვეულ რაოდენობას იღებენ კონგრესმენებიც და ისინი თავად წყვეტენ, ვის დაპატიჟებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button