ხმაური და დაპირისპირება ფოთის აგრარულ ბაზარში

ფოთის აგრარულ ბაზარში მოვაჭრეებმა ბაზრის ტერიტორიაზე ლითონის მსუბუქი კონსტრუქციის დემონტაჟის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს.
მოვაჭრეების თქმით, ისინი წლებია აღნიშნულ ნაგებობაში საქონლის რეალიზაციას ახორციელებენ, რაც მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა.
მათივე თქმით, შენობის მეპატრონემ დღეს მერიის გადაწყვეტილება გააცნო,რომლის თანახმადაც ნაგებობის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს. შეკრებილებმა პროტესტის ნიშნად მეგრელიშვილის ქუჩა გადაკეტეს, თუმცა პოლიციამ მალევე გახსნა.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, რომ შენობა-ნაგებობის მშენებლობა თავის დროზე უნებართვოდ დაიწყო, რაზეც კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურები მიმდინარეობდა.
ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული ნაგებობის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს.