საჯარო რეესტრმა საპატრიარქოს ტელევიზიის ახალი დირექტორის რეგისტრაციაში გატარების პროცესი შეაჩერა

საჯარო რეესტრმა საპატრიარქოს ტელევიზიის ახალი დირექტორის რეგისტრაციაში გატარების პროცესი შეაჩერა. მიზეზად კი წარდგენილი დოკუმენტაციის კანონთან შეუსაბამობა სახელდება.

საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ დეკანოზ მიქაელ ფოფხაძის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ რეგისტრაციის პირობებს და დაინტერესებულ პირს 30-დღიანი ვადა ეძლევა, რათა დოკუმენტაცია კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს.

”წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ რეგისტრაციის პირობებს შემდეგ გარემოებათა გამო: „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება.

“რეგისტრირებული მონაცემების თანახმად, შპს „საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია ერთსულოვნების“ ერთადერთ პარტნიორს წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქო.

“ვინაიდან საჯარო სამართლის იურდიული პირი, საქართველო საპატრიარქო, მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიული პირის პარტნიორს, სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობაში მისი, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დამოწმებული უნდა იქნას მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით,”  –  ნათქვამია საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button