მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

600 დღის განმავლობაში სააკაშვილი კვდებოდა-ექსპრეზიდენტის სასამართლო პროცესს გამოხმაურებები მოჰყვა

600 დღის განმავლობაში სააკაშვილი კვდებოდა, მადლობა ღმერთს, გავიდა ეს 600 დღე და აღარ კვდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შეშვების თაობაზე საპროტესტო აქციებს არავითარი ფასი არ ექნება.
„თქვენ გახსოვთ, რომ 600 დღის განმავლობაში სააკაშვილი კვდებოდა, მადლობა ღმერთს, გავიდა ეს 600 დღე და აღარ კვდება, სტრასბურგის სასამართლო დაეხმარა ამ გადაწყვეტილების მიღებაში, რომ აღარ უნდა მოკვდეს, ეს არის ძალიან კარგი. საბოლოოდ, არ ვიცი, ამ აქციებს ვერავითარი ფასი ვერ ექნება“, – განაცხადა კობახიძემ.

სააკაშვილი, რომელიც თურმე კვდებოდა 400 დღე, ახლა პოლიტიკაშია ჩართული და უკვე ამ ხელმოცარულებს ეუბნება, თქვენ გვერდზე ჩაიწიეთო. გესმით რასთან გვაქვს საქმე?!- ევროპარლამენტში და მის გარეთ ეს ხელმოცარულები ქვეყანას რომ აზიანებდნენ, გრძნობენ თუ არა პასუხისმგებლობას?! – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, აინტერესებს ის ადამიანები თუ მოიხდიან ბოდიშს, რომლებიც ამბობდნენ, რომ სააკაშვილის უფლებები შელახულია და მას აწამებენ და წამლავენ.
„პატიმარ სააკაშვილის განცხადებებზე კომენტარს არ გავაკეთებ. მე მინდა ამ ხალხზე ვთქვა, ვინც ფასიან ლობისტებთან ერთად ჩვენს ქვეყანას მიწასთან ასწორებდა და ამბობდა, რომ სააკაშვილს ვწამლავდით, მისი უფლებები შელახული იყო, ვაწამებდით და ა.შ. სტრასბურგმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყნიდან გაყვანა კი არა კლინიკიდან კლინიკაში გადაყვანის საფუძველიც არ არის. პატიმარი სააკაშვილი, რომელიც თურმე კვდებოდა 400 დღის განმავლობაში, ახლა პოლიტიკაშია ჩართული და უკვე ამ ხელმოცარულებს ეუბნება, თქვენ გვერდზე ჩაიწიეთო. გესმით რასთან გვაქვს საქმე?! რამდენი ხანი ამუნათებდნენ ჩვენს ქვეყანას – ორი რეზოლუცია მიიღეს ფასიანმა ლობისტებმა ევროპარლამენტში, გახსოვთ. კეზერაშვილზე თქვეს, მედიადევნილი არისო და მერე თვითონ ევროპამ გამოაცხადა „მისტერ ოფშორად“ და აღმოჩნდა, რომ ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს და ამით „ფორმულას“ აფინანსებს. ეს არის ორმაგი სტანდარტი. არ ვსაუბრობ პატიმარ სააკაშვილზე, ის ახლა ცუდად არის, სადაც არის, კარგად იყოს და ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს, მას მოუწევს მოიხადოს ბოლომდე სასჯელი, მაგრამ მაინტერესებს, ეს ადამიანები, ეს ხელმოცარულები თუ გრძნობენ ამ პასუხისმგებლობას, რომ გამოვიდნენ და თქვან, რომ შეცდომაში იყვნენ შეყვანილი და ბოდიში მოიხადონ?!
ეს არის ორმაგი სტანდარტი, ამიტომ არიან ხელმოცარულები და ვერასდროს მოვლენ ხელისუფლებაში, რადგან ეს არის ქართველი ხალხის ნება და ჩვენ ამას ყოველთვის დავიცავთ,“ – განაცხადა ზარქუამ.

სააკაშვილი დებატებშია საკუთარ ქვეყანასთან და საკუთარ თავთან. ჩვენ არაფერი გვაქვს მასთან სადებატო. ის პატიმრობაშია და ჩვენ, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლები, ვზრუნავთ მაქსიმალურად, რომ მისი უფლებები იყოს დაცული, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სააკაშვილის განცხადებას, რომ მისცენ საშუალება მიიღოს დებატებში მონაწილეობა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ახლა მნიშვნელოვანია, მან შეასრულოს ექიმების რეკომენდაციები და მაქსიმუმი გააკეთოს კვების აღდგენის კუთხით.
„მინდა შევახსენო ოპონენტებს, რომ სტრასბურგის სასამართლომ უკვე მიიღო 2 გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის და მისი ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით და ამით ყველაფერი ნათქვამია – არავითარი პოლიტიკური დებატები და განმარტებები ამას აღარ სჭირდება. სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ დაადასტურა, რომ სპეკულაციები, რაც სააკაშვილის გარემოცვისგან იყო სახელმწიფოს მიმართ, იყო უსაფუძვლო. მე მინდა, პირველ რიგში, პატიმრობაში მყოფ ყველა პირს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილსაც ვუსურვო ჯანმრთელობა და სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ პატიმრების უფლებები და ჯანმრთელობა იყოს დაცული. ვამბობდით და კიდევ ერთხელ გამოჩნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომ არის ორი მთავარი პირობა, რომ მან ითანამშრომლოს და შეასრულოს ყველა ის რეკომენდაცია და დანიშნულება, რასაც ექიმები აძლევენ, ასევე მაქსიმუმი გააკეთოს კვების აღდგენის კუთხით. ეს ორი საკითხი ერთმანეთთან დაკავშირებულია. როგორც ექიმები ამბობენ, ერთი მეორეს გარეშე ვერ იქნება ეფექტური. სრული მზადყოფნაა, რომ უზრუნველყონ მისი ჯანმრთელობა. მის გარემოცვას მინდა მოვუწოდო, მილიონების ხარჯვა სპეკულაციების სიმართლედ გადაქცევაში, სახელმწიფოს დადანაშაულება იმაში, რაც არ მომხდარა და ეს სტრასბურგმა დაადასტურა, ჩემი აზრით, არის აბსოლუტურად არასწორი და ეს არის სახელმწიფოს და იმ პრინციპების წინააღმდეგ, რასაც თავად ამტკიცებენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ათასობით სხვა ადამიანი იმყოფება დღეს პატიმრობაში და სხვა პოლიტიკოსებმა, რომლებმაც დანაშაულები ჩაიდინეს წარსულში, საპატიმრო დატოვეს ჯანმრთელობის ნორმალური მდგომარეობით, რადგან ისინი თანამშრომლობდნენ სამედიცინო სამსახურთან და იცავდნენ იმ პირობებს, რომელიც პატიმრობაში მყოფ პირს სჭირდება ჯანმრთელობის დაცვისთვის,“ – განაცხადა თალაკვაძემ.

“ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი, ისევ ამ ქვეყანაზე და ამ სახელმწიფოებრიობის გადარჩენაზე ფიქრობს”, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ სასამართლოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
“ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი, ისევ ამ ქვეყანაზე და ამ სახელმწიფოებრიობის გადარჩენაზე ფიქრობს. აი ეს უნდა უნდა მას ყველაზე მეტად. დანარჩენი ეს ოჯახის წევრები და სხვა ყველაფერი აქვს ძალიან უკანა პლანზე. მაგისთვის მთავარი არის, რომ ეს სახელმწიფო როგორმე გადარჩეს. ხანდახან მიკვირს, რომ მე როდესაც ვუზივარ გვერდით ხანდახან უჭირს, ორ სიტყვას ვერ იტყვის და აქ რამდენი ილაპარაკა” – ამბობს გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი ითხოვს, პოლონელ მედიკოსებს მისცენ მასთან შესვლისა და მკურნალობის პროცესში ჩართვის უფლება
“ვიზუალურად არის მართლა ძალიან მძიმე საყურებელი. როდემდე უნდა გრძელდებოდეს ამ მტრობის ასეთი მიდგომა, რომ ადამიანს ასეთ მდგომარეობაში აყენებდნენ. ჩემზე ძალიან ემოციურად იმოქმედა. იმედს ვიქონიებ მეთქი ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ როდემდე უნდა უყუროს მთავრობამ, როდემდე უნდა თქვას არსებულმა ხელისუფლებამ, რომ თურმე სიმულიანტობს” – ამბობს გიორგი სააკაშვილი, მიხეილ სააკაშვილის ძმა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს ერთი შუამდგომლობა ჰქონდათ – სასამართლოს დაევალდებულებინა სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეეშვათ ევროკავშირის ეგიდით შექმნილი ექიმთა კონსილიუმი.
უცხოელ ექიმებს უკვე რამდენიმე თვეა გავლილი აქვთ საქართველოში ავტორიზაცია, თუმცა ამ დრომდე გაუგებარი მიზეზების გამო მათ არ ეძლევათ მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება.
მოსამართლეთა კოლეგიამ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რადგან მათი შეფასებით, მოთხოვნა სათანადოდ არ იყო დასაბუთებული.

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას კიდევ ერთხელ ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და ტვიტერზე მესამე პრეზიდენტის დღევანდელ ფოტოს ავრცელებს:
“მიხეილ სააკაშვილი უკანონო პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს.
ის არის სიმართლისთვის, სამართლიანობისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლო. მისი დაჭერა და გისოსებს მიღმა გამომწყვდევა ადამიანის უფლებების დარღვევაა.” წერს ერმაკი.
Release @MSaakashvili from unlawful imprisonment!@MSaakashvili is a symbol of the fight for truth, justice, and democracy. His capture and keeping behind bars are a violation of human rights. pic.twitter.com/lTSYedWKmb
— Andriy Yermak (@AndriyYermak) July 3, 2023

მესამე პრეზიდენტის მდგომარეობას ეხმაურება და ფოტოებს ავრცელებს უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკოც:
“სააკაშვილის ჯანმრთელობა ბოლო თვეების განმავლობაში სწრაფად გაუარესდა. დღევანდელი სურათები შემზარავია.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე უარს ამბობს. ის აშკარად მძიმე მდგომარეობაშია და საჭიროებს მკურნალობას.” წერს გერაშენკო.

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი Twitter-ზე მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ ფოტოებს აქვეყნებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება.
“საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს სასამართლო სხდომაზე. ამ მძიმედ დაავადებულს უარი ეთქვა ევროკავშირის სამედიცინო ექსპერტების მონახულებაზე. საქართველო კარგავს თავის პატრიოტებსა და ოცნებას”- წერს აუსტრევიჩიუსი.

რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორი მაიკლ მაკფოლი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას ეხმაურება და ტვიტერზე წერს:
“დღეს გამოქვეყნებული ფოტოები აბსოლუტურად შოკისმომგვრელია. ის სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს.
მსოფლიო არ დაუშვებს საქართველოს ექსპრეზიდენტი პატიმრობაში მოკვდეს” წერს მაკფოლი.

შემაძრწუნებელი – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ის “ტვიტერზე” აზიარებს ფოტოს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესიდან.
რამდენიმე თვის შემდეგ დღეს მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს დისტანციურად ჩაერთო. მან მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს და თქვა, რომ არა ევროპარლამენტარებმა, არამედ მან უნდა მოიხადოს ბოდიში, რომ ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი, უკრაინის მოქალაქე. მან ჯანმრთელობის მდგომარეობის საჩვენებლად მაისური აიწია.

საქართველოს პარლამენტის წევრებს რამდენიმე დღეა, შესაძლებლობა არ გვეძლევა, მოვინახულოთ სააკაშვილი. დღეს კიდევ ერთხელ ვითხოვთ შალვა პაპუაშვილისგან პარლამენტის წევრის უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის არშეშლას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ასევე რამდენიმე თვეა, იუსტიციის მინისტრისგან ითხოვენ ნებართვას, რომ პოლონელ ექიმებს სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა მიეცეთ.
„დღეს კიდევ ერთხელ იხილა საქართველოს მოსახლეობამ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ტერორისტი პუტინის დავალებით ამყოფებს ტყვეობაში. ასევე ჩვენ რამდენიმე თვეა, ვითხოვთ ევროკავშირის მისიის შესვლას სააკაშვილთან, ვგულისხმობ პოლონელ ექიმებს. რამდენიმე თვეა, სისხლის სამართლის დამნაშავე რატი ბრეგაძე, რომელსაც უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, უარს ამბობს და არ აძლევს შესაძლებლობას ევროკავშირის მისიას, პოლონელ ექიმებს, შევიდნენ მიხეილ სააკაშვილთან, გამოიკვლიონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და თუ საჭირო გახდა, ჩაერთონ მკურნალობის პროცესში. ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ და დღეს კიდევ ერთხელ ვითხოვთ საქართველოს ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარისგან, პაპუაშვილისგან პარლამენტის წევრის უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის არშეშლას. საქართველოს პარლამენტის წევრებს რამდენიმე დღეა, შესაძლებლობა არ გვეძლევა, მოვინახულოთ სააკაშვილი. დღეს კიდევ ერთხელ საჯაროდ მოვითხოვთ, რომ პარლამენტის წევრს სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა ჰქონდეს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ამასთან, როგორც ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს ხალხთან შეხვედრისა და საარჩევნო კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა უნდა მიეცეს.
„ზოგადად, მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ხალხს შეხვდეს და თუ საჭიროა, საარჩევნო კამპანიაშიც ჩაერთოს და პოლიტიკაშიც. წარმოუდგენელია პოლარიზაციის დასრულება იმ პირობებში, როცა კონკრეტულ ადამიანს, 11 წელია, არ ეძლევა შესაძლებლობა, თავის ხალხს შეხვდეს. პირადად ჰყავს ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველი ყველა არჩევნებზე. წარმოუდგენელია, ამ პირობებში პოლარიზაციის დასრულებაზე ვისაუბროთ, როცა პუტინის დავალებით ასეთი ადამიანი ჰყავთ გამოკეტილი. ჯერ ერთი, თავისუფალი უნდა იყოს, მაგრამ თუ ასე ეშინიათ, მაშინ რაიმე ფორმა უნდა მოიძებნოს, რომ ამ ადამიანს შესაძლებლობა მიეცეს, მათ შორის დებატებში ჩართვის. შემდეგ ხალხმა გადაწყვიტოს, ვინ უნდა, ვის აირჩევს და როგორ იქნება“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვისას ხელისუფლებას მიმართა, რომ მიეცეს საშუალება, მიიღოს მონაწილეობა დებატებში.

„მომეცით საშუალება, დებატებში მივიღო მონაწილეობა და ხალხმა გადაწყვიტოს, თქვენ ხართ მართლები თუ მე. რკინის „ბრასლეტი“ დამადეთ თუ გინდათ, რომ არსად გაგექცეთ, ვითხოვ ერთადერთს – ღია კამათს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი თებერვლის შემდეგ პირველად გამოჩნდა და თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე, ვივა მედიდან დისტანციურად ჩაერთო.

შემდეგი სასამართლო 26 ივლისს ჩაინიშნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button