მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სტიქია კახეთში

ძლიერმა ქარმა, წვიმამ და სეტყვამ კახეთის მუნიციპალიტეტები, თელავი და ყვარელი დააზარალა.

ამ დროის მონაცემებით, მუნიციპალიტეტების 20 სოფელში 4 000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო სავარგული, მათ შორის, ძირითადად, ვენახის ფართობებია დასეტყვილი.

ძლიერმა ქარმა და სეტყვამ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი კონდოლი განსაკუთრებით დააზარალა. ადგილობრივების თქმით, ქარმა სახლებს სახურავი გადახადა, დააზიანა საგზაო ინფრასტრუქტურა და ელექტროგაყვანილობა.

ნახეთ როგორ გამოიყურება სტიქიისგან დაზარალებული სოფელი:

კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა მუშაობდა და 130–მდე სარაკეტო გასროლა განხორციელდა, თუმცა ძლიერი ქარიშხალის გამო, მან ეფექტურად ვერ იმუშავა.

,,სტიქიის გამო, თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში ამ დროისთვის 20-ზე მეტ სოფელში დაფიქსირებულია 4 000 ჰექტრამდე დასეტყვილი სასოფლო-სამეურნეო სავარგული, მათ შორის ძირითადად ვენახის ფართობები. დაზიანების ხარისხი თელავის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში 10%-დან-100%-მდეა, ხოლო ყვარელში – 30%-იდან 80%-მდე. გარდა ამისა, ქარიშხალმა თელავში გამოიწვია ელექტროენერგიის ხაზების, საცხოვრებელი სახლების და საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება.

“ყველა სახლის აზომვის შემდეგ სახელმწიფო დაეხმარება დაზარალებულებს და მოხდება სახლების გადახურვა. როცა სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია და ზარალის დათვლა დასრულდება, ჩვენ მივმართავთ ცენტრალურ ხელისუფლებას, რათა შესაბამისი დაფინანსება იყოს გამოყოფილი დაზიანებების აღმოსაფხვრელად.” – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, რეგიონში წარმოდგენილ ყველა სადაზღვევო კომპანიაში დილიდანვე დაწყებულია აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა მიმართვიანობა.

,,იმ პირებზე, ვისაც დაზღვეული ჰქონდა მოსავალი, ანაზღაურება იქნება გაცემული.” – განაცხადა ქადაგიშვილმა.

წინასწარი ოპერატიული ინფორმაციით, თელავში ამ დროისთვის დაზიანებები დაფიქსირებულია სავარაუდოდ 3 330 ჰექტარზე.

ყვარელში კი, ამ დროისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი დაფიქსირებულია სავარაუდოდ 590 ჰექტარზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button