სპორტი

სკანდალი: საქართველოს ნაკრების მძლეოსანს დოპინგი აღმოუჩინეს. ის დისკვალიფიცირებულია

საქართველოს ნაკრების მძლეოსანს ბირთვის კვრაში, ბენიკ აბრამიანს, საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დოპინგ კონტროლის შედეგად დადებითი შედეგი დაუდასტურდა.

საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, საქართველოს ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელს 3 აკრძალული სტეროიდი აღმოაჩნდა, რაც ტესტების საერთაშორისო სააგენტომაც (ITA) დაადასტურა.

ვითარების გარკვევამდე 36 წლის აბრამიანი, რომლის საუკეთესო შედეგი 21,11 მეტრია, – საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წესების მიხედვით, გათამაშებიდან მოხსნეს და ახლა წინასწარი დისკვალიფიკაცია აქვს.

მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) მიერ ტოკიოში აკრედიტებულ ლაბორატორიაში 31 ივლისს ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ აბრამიანის ორგანიზმში 3 აკრძალული სტეროიდი: დეჰიდროქლორმეთილტესტოსტერონი, მეტანდიენონი და ტამოქსიფენი აღმოჩნდა.

ბენიკ აბრამიანს უფლება აქვს დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივროს.

მას B ჯგუფში, დღეს დაახლოებით 15:40 საათზე უნდა ეასპარეზა. ბირთვის კვრაში ფინალი ტოკიოში 5 აგვისტოს არის დაგეგმილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button