მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მთელ მსოფლიოში ქიმიური იარაღის მარაგი განადგურებულია

„ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია“ აცხადებს, რომ მთელ მსოფლიოში ოფიციალურად გაცხადებული ქიმიური იარაღის მარაგი განადგურებულია.

ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ 7 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც აშშ-ში დაადასტურეს, რომ ქიმიური საბრძოლო მასალის უკანასკნელი მარაგი, კენტუკის შტატში მდებარე ქარხანაში განადგურდა.

„ვულოცავთ ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის მონაწილე ყველა ქვეყანას და ამ შემთხვევაში აშშ-ს. ეს არის დიდი მიღწევა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქიმიური იარაღის სრულად განადგურების გზაზე“, – განაცხადა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ფერნანდო არიას გონსალესმა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-მა მთლიანად გაანადგურა ქიმიური იარაღის ბოლო მარაგი. როგორც Deutsche Welle წერს, ამას დაახლოებით 26 წელი დასჭირდა.

“ვამაყობ, რომ დღეს ამას ვაცხადებ, აშშ-მა უსაფრთხოდ გაანადგურა საბრძოლო მასალის [ქიმიური იარაღის] ბოლო მარაგი. ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით სამყაროს, რომელიც ქიმიური იარაღის საშინელებებისგან თავისუფალია,” – ამბობს ბაიდენი.

ბაიდენმა ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის დაცვის პირობა დადო და სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა, რომ კონვენციას შეუერთდნენ. ამას გარდა, ბაიდენმა კონვენციის დარღვევაში რუსეთი და სირია დაადანაშაულა.

ცნობისთვის, ქიმიური იარაღის კონვენციის მიხედვით, რომელიც აშშ-ის სენატის მიერ 1997 წელსაა რატიფიცირებული, ქიმიური იარაღის მარაგები აშშ-მა და სხვა ხელმომწერებმა 2023 წლის 30 სექტემბრამდე უნდა გაანადგურონ.

აშშ-ის მიერ ქიმიური იარაღის განადგურება ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ დაადასტურა და ამას “ქიმიური იარაღის სრული განადგურებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი” უწოდა.

ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენცია 1997 წლის აპრილში შევიდა ძალაში. აშშ-მა და სხვა ხელმომწერმა ქვეყნებმა აიღეს ვალდებულება, რომ ქიმიური იარაღის მარაგებს 2023 წლის 30 სექტემბრამდე გაანადგურებენ. რუსეთი ამტკიცებს, რომ ქიმიური იარაღის მარაგი 2017 წლის 27 სექტემბერს გაანადგურა.

მსგავსი პოსტები

Back to top button